1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ურაველი, აგარის მონასტერი, წმ....

ურაველი, აგარის მონასტერი, წმ. იოანე ნათლისმცემლის
ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: ურაველი, აგარის მონასტერი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნე
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

მთავარ ეკლესიაში ნალესობის ფრაგმენტები ეკლესიის ინტერიერის ფაქტობრივად ყველა კედელზე შემორჩა, თუმცა მხატვრობა მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს ამკობდა. მოხატულობა ასწლეულების განმავლობაში გაიჭვარტლა და დაზიანდა.

 

საკურთხეველი

საკურთხევლის კონქის მოხატულობიდან ამჟამად აღარაფერია დარჩენილი.

კონქს ქვემოთ, საკურთხევლის მთელ პერიმეტრს გაუყვება ნიშების რიგი – სულ რვა; მათ შორის, აფსიდის ცენტრში, არის მომცრო მაღალდასაჯდომელი ნიშაც. ნიშებში მხატვრობა ფრაგმენტული სახითაა შემორჩენილი. თითოეული ნიშის კონქში წარმოდგენილი იყო წმინდა მოწამის ნახევარფიგურა, ქვემოთ, ნიშის კედლებზე კი – ანგელოზთა და წინასწარმეტყველთა ორ-ორი ფიგურა. გამოსახულებებს ახლავს შავი ფერის საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერები; სარკმლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე სარკმლიდან მეორე ნიშის კონქში წმ. კვიპრიანეა (Ⴜ˜Ⴢ ႩჃႮႰ|ႠႤ || ႫႶႣႤႪ|ႫႭႼႠႫႤ – წ(მიდა)ჲ კჳპრ(ი)ა(ნ)ე მღდელმოწამე) მარცხენა ხელში დახურული წიგნით. მესამე ნიშაში გამოსახულ წმინდანთან იკითხება: […]ႫႤႬႲႭႱ [კლე]მენტოს; მეოთხე ნიშაში: ႫႠႲႧႤ მატთე. წმინდანთა შორის არის სამი გვირგვინოსანი წმინდა დედას გამოსახულებაც; მათ შორის ორი იკონოგრაფიული ნიშნების მიხედვით შესაძლოა იყოს წმ. ეკატერინე და წმ. ბარბარე.


ბიბლიოგრაფია

გიორგი ბოჭორიძე, მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში (თბილისი, 1992), 112.

ასმათ ოქროპირიძე, “ურავლის აგარის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა”, წიგნში: ახალციხისა და ტაოკლარჯეთის ეპარქია (თბილისი, 2013), 558-61.

[ასმათ ოქროპირიძე], “აგარის მონასტერი. მხატვრობა“, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ენციკლოპედია I: 43-5.