1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. თელოვანი, ჯვარპატიოსანის ეკლესიის მოხატულობა....

თელოვანი, ჯვარპატიოსანის ეკლესიის მოხატულობა.
პირველი ფენა

ნაგებობა: თელოვანი, ჯვარპატიოსანის ეკლესია
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: VIII-IX სს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

 

ოსტატ(ებ)ის

საკურთხევლის კონქში, მეორე რეგისტრში გამოსახულ წმ. მოციქულ ანდრიას შარავანდის თავზე წარმოდგენილია ერთსტრიქონიანი, ასომთავრული ოსტატის წარწერა:

Ⴊ[- – – – -] [- – -]ჄႱႤႬႤႧ – ლ[- – – – -] [მოი]ჴსენეთ (ზაზა სხირტლაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი (თბილისი, 2008), 20).


აღწერა

თავდაპირველი მოხატულობა ამკობდა მხოლოდ საკურთხეველს; ფერწერა ორ რეგისტრადაა განაწილებული.

 

საკურთხეველი

კონქში წარმოდგენილია ქრისტეს დიდების სამფიგურიანი კომპოზიცია – აღსაყდრებული მაცხოვარი და მის ორსავე მხარეს შევრდომით მდგომი თითო ანგელოზი. ამჟამად გამოსახულებები ფრაგმენტული სახით შემორჩა. კონქის კიდეს გადასდევს სტილიზებული მცენარეული ორნამენტის ზოლი, ორმხრივი ფართო მოჩარჩოებით. კონქისა და ქვედა რეგისტრის კომპოზიციები ერთმანეთისგან გამიჯნულია ხვეული ლენტის მსგავსი ორნამენტით.

მეორე რეგისტრში, სარკმლის ორივე მხარეს, ვარსკვლავებიან ფონზე, გამოსახულია წმინდა მოციქულთა დასი, ხოლო შუაში – მედალიონში მოქცეული მაცხოვრის სახე (Ⴜ˜Ⴢ | [- -]ႰႨ ႶႧ˜[- – -] – წ(მიდა)ჲ [პი]რი ღ(მრ)თ(ის)[ა]). სარკმლის მარჯვნივ გამოსახული არიან წმ. პეტრე, წმ. ანდრია ([– -] | [-]|[-]|Ⴃ|Ⴐ|Ⴈ|[-] – [წ(მიდა)ჲ ან]დრი[ა]), სავარაუდოდ, წმ. იაკობი, წმ. სვიმეონი. ფერწერის ფენის დაზიანების გამო მეხუთე ფიგურის გაიგივება შეუძლებელია, მეექვსე ფიგურისგან კი მხოლოდ მცირე ფრაგმენტები შემორჩა. უფლის გამოსახულების მარცხნივ გამოსახულია წმ. პავლე ([– –] | Ⴎ|Ⴀ|Ⴅ|Ⴊ| [–] – [წ(მიდა)ჲ] პავლ[ე]) და წმ. ბართლომე ([– –] | Ⴁ|Ⴀ|Ⴐ|Ⴇ|Ⴊ|[-]|Ⴋ|Ⴄ – [წ(მიდა)ჲ] ბართლ[ო]მე); მესამე და მეოთხე ფიგურებისგან მხოლოდ ფრაგმენტები შემორჩა, მეხუთე და მეექვსე  ფიგურები კი ერთიანადაა წარხოცილი.

მეორე რეგისტრი ქვემოდან ორმაგი წითელი ზოლით არის შემოსაზღვრული. ამის ქვემოთ, აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე შესრულებულია სწორკუთხა ჩარჩოში მოქცეული, საფეხურებიან კვარცხლბეკზე აღმართული გოლგოთის ჯვრის თითო გრაფიკული გამოსახულება.

საკურთხევლის სარკმელი მოუხატავადაა დატოვებული.


ბიბლიოგრაფია

Татьяна Шевякова, “Дата росписи первого слоя храма Теловани“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე  XXXIV1 (1964), 235-42.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 6-7.

ზაზა სხირტლაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი (თბილისი, 2008).