1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ზემო კრიხი, წმ. მთავარანგელოზთა...

ზემო კრიხი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობა.
მეორე ფენა

ნაგებობა: ზემო კრიხი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია
მოხატულობის ფენა: მეორე ფენა
თარიღი/პერიოდი: XI საუკუნის მეოთხე მეოთხედი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ტაძრის მოხატულობის მეორე ფენა ეკლესიის მთელ ინტერიერს მოიცავდა.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში მოხატულობა ორ რეგისტრად ნაწილდებოდა: საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი იყო სამფიგურიანი ვედრება-ხილვა (უფლის დიდებიდან ვედრებაზე გარდამავალი კომპოზიცია): აღსაყდრებული მაცხოვარი (Ⴢ˜Ⴣ | Ⴕ˜Ⴄ – ი(ეს)უ ქ(რისტ)ე) გახსნილი წიგნით (იოანე 8:12), ვედრებად შედგომილი ღმრთისმშობლითა და წმ. იოანე ნათლისმცემელით (Ⴜ˜Ⴢ: Ⴈ˜ႬႤ – წ(მიდა)ჲ ი(ოვა)ნე). ამ სამ ფიგურას შორის ქერუბიმისა და სერაფიმის თითო გამოსახულება იყო წარმოდგენილი; ბემაში – ორი მთავარანგელოზი: სამხრეთ ფერდზე წმ. გაბრიელი (Ⴜ˜Ⴢ: Ⴂ˜ႡႪ – წ(მიდა)ჲ გ(ა)ბ(რიე)ლ) წარწერიანი ლაბარუმით (ესაია 6:3), ხოლო ჩრდილოეთისაზე წმ. მიქაელი (Ⴜ˜Ⴢ: Ⴋ˜ႵႪ – წ(მიდა)ჲ მ(ი)ქ(აე)ლ). საკურთხევლის მეორე რეგისტრი ეკავა ეკლესიის მამათა რიგს, რომელიც ფრონტალურად გამოსახულ ექვს ფიგურას აერთიანებდა. საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის სამხრეთით: წმ. იოანე ოქროპირი (Ⴜ˜Ⴢ: Ⴈ˜ႬႤ | ႭႵႰႭႮႨႰႨ – წ(მიდა)ჲ ი(ოვა)ნე ოქროპირი); წმ. ნიკოლოზი (Ⴜ˜Ⴢ: | Ⴌ˜ႩႦ – წ(მიდა)ჲ ნ(ი)კ(ოლო)ზ(ი)); წმ. ათანასე ალექსანდრიელი (Ⴜ˜Ⴢ: | ႠႧႠႬႠႱႤ – წ(მიდა)ჲ ათანასე), ჩრდილოეთით – წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი (Ⴜ˜Ⴢ: | ႢႢ˜ႪႨ – წ(მიდა)ჲ გ(რი)გ(ო)ლი), წმ. ბასილი დიდი (Ⴜ˜Ⴢ: | ႡႠႱႨႪႨ – წ(მიდა)ჲ ბასილი), წმ. კირილე ალექსანდრიელი  (Ⴜ˜Ⴢ: | ႩႨႰႨ[- -] – წ(მიდა)ჲ კირი[ლე]). საკურთხევლის სამი სარკმლის თავანებზე წმ. დიაკვნები და მესვეტეები იყვნენ წარმოდგენილი: ცენტრალურ სარკმელში – წმ. დიაკვნები (ვინაობა უცნობია); სამხრეთ სარკმელში – მესვეტეები (ვინაობა დაზუსტებული არ არის); ჩრდილოეთ სარკმელში – უცნობი წმინდანები.

 

დარბაზი

აღმოსავლეთი კედლის (საკურთხევლის სატრიუმფო თაღის) ტიმპანზე წარმოდგენილია ხარება (ႾႠႰ[- – – -] – ხარ[ებაჲ]), რომელსაც მიემართება თაღის ჩრდილოეთ კიდესთან წარმოდგენილი წმ. ესაია წინასწარმეტყველი (ႼႼ˜ႲႷႪႨ ႤႱႠႨႠ – წ(ინაჲს)წ(არმე)ტყ(უე)ლი ესაია) გახსნილი გრაგნილით (წარწერა ნუსხურითაა – ესაია 7:14). კედლის ქვედა მონაკვეთებზე წარმოდგენილია ოთხი წმიდა მოწამე დედის ფრონტალური ფიგურა; სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ: წმ. მარინე (˜: | ႫႠႰႨႬႠ – წ(მიდა)ჲ მარინა); წმ. ეკატერინე (˜: ႤႩႠႲႨႰႨႬႠ – წ(მიდა)ჲ ეკატირინა); წმ. ირინე (˜: ႨႰႨႬႠ წ(მიდა)ჲ ირინა); წმ. ბარბარე (˜: | ႡႠႰႡႠႰႠ – წ(მიდა)ჲ ბარბარა).

სამხრეთ კედელზე მოხატულობა ნაწილდებოდა სამ რეგისტრად. კამარის სამხრეთ ფერდზე, პირველ რეგისტრში გამოსახული იყო უფლის შობა (ႸႭ[- – -] | [- – -] – შო[ბაჲ] ქ[(რისტ)ესი]) და ფერისცვალება.

მეორე რეგისტრში წარმოდგენილი იყო ლაზარეს აღდგინების მეორე ნახევარი (ლაზარეს აღდგინების (ႪႦ˜ႰႤႱ : ႠႶႣ|ႢႨႬႤႡႠ – ლ(ა)ზ(ა)რეს აღდგინება) პირველი ნაწილი მაცხოვრითა და წმ. პეტრეს ფიგურით გადადიოდა აღმოსავლეთი კედლის შუა მონაკვეთზე), აგრეთვე წმიდანების გამოსახულებები.

კედელს გადაყოლილი თაღნარის აღმოსავლეთი თაღის თავზე ორი წმინდა მოწამის ნახევარფიგურა იყო წარმოდგენილი (ვინაობა უცნობია). აღმოსავლეთი სარკმლის ორივე მხარეს – ორი წმიდა მოწესე: წმ. არსენი (˜: ႠႰႱႤႬႨ – წ(მიდა)ჲ არსენი); და წმ. ანტონი (˜: ႠႬႲႭႬႨ – წ(მიდა)ჲ ანტონი); სარკმლის თავანებზე – წმ. ონოფრე (˜: ႭႬႭႴႰႤ წ(მიდა)ჲ ონოფორე) და წმ. პახუმი/პაფნუტი (?) ([- -] ႮႠ[…] – [წ(მიდა)ჲ] პა[ხომი]/პა[ფნუტი]); დასავლეთი სარკმლის მარცხნივ – წმ. მოწესე (სახელი დაკარგულია).

მესამე რეგისტრში გამოსახული იყო წმიდანების ფიგურები კედლის აღმოსავლეთ კიდეზე და წმ. მოწამე (?) სამხრეთი კარის თავზე (ვინაობა უცნობია).

ჩრდილოეთ კედელზე მოხატულობა სამხრეთი კედლის თანაგვარი იქნა განთავსებულ-განაწილებული. კამარის ჩრდილოეთ ფერდზე (პირველი რეგისტრი) გამოსახული იყო ნათლისღება და ამაღლება (ႠႫႠႶႪႤႡႠ: ႵႤ˜ႱႨ – ამაღლებაჲ ქ(რისტეს)სი, მაცხოვარი – ˜Ⴣ | ˜Ⴄ – ი(ეს)უ ქ(რისტ)ე).

შუა, მეორე რეგისტრში წარმოდგენილი იყო ჯვარცმა (წარწერა ფიცარზე – განახლებულია მოგვიანებით, ნუსხურით), ჯოჯოხეთად შთასვლა (მართალთა გუნდის მონაკვეთი გადადის აღმოსავლეთი კედლის შუა მონაკვეთზე); რეგისტრის ზედა არე შევსებულია „მსახურებელი“ ანგელოზების დასით, რომელთსაც პირველ და მეორე რეგისტრს შორის დატოვებული მონაკვეთი უკავია.

მესამე რეგისტრში გამოსახულია წმ. მთავარანგელოზ მიქაელის წინაშე ვედრებად წარმდგარი ოთხი ქტიტორი: მათგან წარწერა აქვს მესამე ფიგურას: ႤႱႤ : ႠႰႱ ႥႠႹႨႠႬႨ – ესე არს ვაჩიანი, მეორე კტიტორის თავთან არსებული წარწერის წაკითხვა დასაზუსტებელი რჩება.

დასავლეთ კედელზე მოხატულობა განადგურდა 1884 წელს, ეკლესიის განახლების დროს; აღწერილი არ ყოფილა. თინათინ ვირსალაძე ამ კედელზე ვარაუდობდა მირქმის, სულიწმიდის მოფენისა და ღმრთისმშობლის მიძინების კომპოზიციების არსებობას.

 

დათარიღება

მოხატულობის მონოგრაფიული კვლევისას თინათინ ვირსალაძე ფრესკების შესრულების თარიღად ვარაუდობდა XI საუკუნის მეორე მეოთხედს – ტაძრის კარიბჭის აგების პერიოდს (Тинатин Вирсаладзе, “Фресковая роспись в церкви Архангелов села Земо Крихи”, Ars Georgica 6-A (1963), 107-70; Тинатин Вирсаладзе, Грузинская средневековая монументальная живопись: избранные труды (Тбилиси, 2007), 25-95); თუმცა, მოგვიანებით მოხსენებაში ქართული კედლის მხატვრობის განვითარების ძირითადი ეტაპების შესახებ მან თარიღი XI საუკუნის შუა წლებით ან მეორე ნახევრით განსაზღვრა (Тинатин Вирсаладзе, “Основные этапы развития средневековой грузинской монументальной живописи”, II Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1977), 14; Тинатин Вирсаладзе, Грузинская средневековая монументальная живопись: избранные труды (Тбилиси, 2007), 17). ამჟამად კვლევებში სახელდება ორივე თარიღი, რომელთა შორისაც უპირატესობა ხშირად XI საუკუნის მეორე მეოთხედს ენიჭება (შდრ. ეკატერინე პრივალოვა, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ერთი თავისებურების შესახებ ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესიის მაგალითზე“, წელიწდეული I (1995), 9-28; მარინე ყენია, “კიდევ ერთხელ ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის პროგრამის გამო“,საქართველოს სიძველენი 6 (2004), 89-104). თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სახელდება მეორე თარიღიც (იხ. რაჭა 1991. მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები (თბილისი, 2008), 8-10).

ზემო კრიხის ეკლესიის მოხატულობის იკონოგრაფიული მახასიათებლები და მხატვრული სტილის ცალკეული ნიშნები შედარებით დამაჯერებლად მიუთითებენ ფრესკების შესრულების დროდ XI საუკუნის მეორე ნახევრით განსაზღვრაზე.


ბიბლიოგრაფია

Тинатин Вирсаладзе, “Фресковая роспись в церкви Архангелов села Земо Крихи”, Ars Georgica 6-A (1963), 107-70; გადაბეჭდილია – Тинатин Вирсаладзе, Грузинская средневековая монументальная живопись: избранные труды(Тбилиси, 2007), 25-95 (ადრეული ბიბლიოგრაფიით).

Тинатин Вирсаладзе, “Основные этапы развития средневековой грузинской монументальной живописи”, II Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1977), 14; გადაბეჭდილია – Тинатин Вирсаладзе,Грузинская средневековая монументальная живопись: избранные труды (Тбилиси, 2007), 17.

გიორგი ბოჭორიძე, რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები (თბილისი, 1992), 157-65.

ეკატერინე პრივალოვა, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ერთი თავისებურების შესახებ ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესიის მაგალითზე“, წელიწდეული I (1995), 9-28.

მარინე ყენია, “კიდევ ერთხელ ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის პროგრამის გამო“, საქართველოს სიძველენი 6 (2004), 89-104.

რაჭა 1991. მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები (თბილისი, 2008), 8-10, 45-97.

Efhtalia Constantinides, “The Frescoes of the Church of the Holy Archangels at Zemo-Krichi, Rača (Georgia) and the Contemporary Monuments on Mani in Southern Greece”, Δελτίον της Χριστιανικής Αρχαιολογικής Εταιρείας 17 (1993-1994), 181-92 = eadem, Images From Byzantine Periphery. Studies in Iconography and Style (Leiden, 2007), 180-94.