1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, თეთრი უდაბნოს ეკლესიის...

გარეჯი, თეთრი უდაბნოს ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: გარეჯი, თეთრი უდაბნო, ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: VII-VIII სს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესიისგან შემორჩა მხოლოდ საკურთხევლის აფსიდა. შესაბამისად, უცნობია, იყო თუ არა იგი მთლიანად მოხატული.

 

საკურთხეველი

კონქში გამოსახულია დიდი ზომის განსხივოსნებული ჯვარი, რომელიც ოვალური ფორმის მანდორლაშია მოქცეული. ზედა ნაწილში მანდორლა შეტეხილია; როგორც ჩანს, ასეთივე მოხაზულობისა იყო მისი ქვედა კიდეც (ამჟამად წარხოცილია). ჯვრის ზედა მკლავს ასევე აქვს ფირფიტა ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით: Ⴕ Ⴈ˜Ⴣ ႬႠႦႠႰႤႥႤႪ|Ⴈ ႫႤჃႴ[-] ჀႭჃ|ႰႨႠႧႠჂ – ი(ეს)უ ნაზარეველი მეუფ[ე] ჰურიათაჲ. ჯვრის მკლავების გადაკვეთიდან ოთხი მხრით თითო ძოწისფერი სხივი იშლება.

მანდორლის ზედა ნახევარი, ვარსკვლავებიანი ცის ფონზე არის წარმოდგენილი.

მანდორლის ქვედა ნახევრის ორივე მხარეს, მიწის ფართო ფონზე ტოტებგაშლილი, ნაყოფებიანი პალმის თითო ხე ყოფილა გამოსახული.

კონქს ქვემოთ, აფსიდის ცენტრში გამოსახულია მირქმის სამფიგურიანი, ოთხკუთხა მოჩარჩოვებაში მოქცეული, კომპოზიცია: მარცხენა მხარეს წარმოდგენილია წმ. სვიმეონ მიმრქმელი (Ⴜ˜Ⴢ | ႱႫႬ – წ(მიდა)ჲ ს(ვი)მ(ეო)ნ) ყრმა იესოთი (Ⴈ˜Ⴡ Ⴕ˜Ⴄ  – ი(ეს)უ ქ(რისტ)ე) ხელში. კომპოზიციის მარჯვენა ნახევარზე ღმრთისმშობლის ფიგურაა (Ⴜ˜Ⴢ | Ⴋ|Ⴐ|Ⴋ – წ(მიდა)ჲ მ(ა)რ(ია)მ) მკერდს წინ შემართული მარჯვენა ხელით.

 

დათარიღება

მოხატულობის შექმნის თაობაზე არსებობს ორი მოსაზრება. ერთის მიხედვით, საკურთხევლის ფრესკები შექმნილი უნდა იყოს გარეჯის მრავალმთის ისტორიის ადრეულ ეტაპზე, სავარაუდოდ VII-VIII საუკუნეებში (Zaza Skhirtladze, “Newly Discovered Early Paintings in the Gareja Desert”, კრებულში: Antony Eastmond ed., Eastern Approaches to Byzantium. Papers from the Thirty-Third Spring Symposium of Byzantine Studies, University of Warwick, Coventry, March 1999 [Publications of the Society for the Promotion of Byzantine Studies: 9] (Aldershot, 2001), 150-5). ამაზე მეტყველებს მოხატულობის იკონოგრაფიული (საკონქო კომპოზიციის არქაულობა) და შინაარსობრივი თავისებურებების მიმართება როგორც ადგილობრივ, ისე ქრისტიანული აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ტრადიციებთან, აგრეთვე მხატვრობის სტილური მახასიათებლები და ფრესკულ წარწერათა პალეოგრაფია. მეორე მოსაზრებით, მოხატულობის  შესრულების პერიოდად IX-X საუკუნეები განისაზღვრება. ამგვარი დათარიღების საფუძვლად განიხილება როგორც ეკლესიის არქიტექტურული მახასიათებლები, ისე ნაკაწრი წარწერების პალეოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე საკურთხევლის სქემის ლიტერატურული პირველწყაროს საქართველოში დამკვიდრების შესაძლო დროითი მონაკვეთი, მირქმის სცენის ცალკეული იკონოგრაფიული მახასიათებლები (მარინე ბულია, “თეთრი უდაბნოს მოხატულობა და ადრეული ქართული მხატვრობის ზოგიერთი საკითხი“, საქარველოს სიძველენი 15 (2012), 48-74).

იკონოგრაფიული, შინაარსობრივი და სტილური ნიშნებით, ფრესკული წარწერების პალეოგრაფიითა და საზოგადო კონტექსტით თეთრი უდაბნოს ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობის შექმნის სავარაუდო პერიოდად სავარაუდებელი ჩანს VII-VIII საუკუნეები. ეკლესიის მოხატულობა გარეჯის მრავალთაში სამონასტრო გარემოსთვის ნიშნეული ფერწერული ტრადიციების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ადრეული მაგალითია.


ბიბლიოგრაფია

ზაზა სხირტლაძე, “თეთრი უდაბნოს ეკლესიის მოხატულობა“, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXXII სამეცნიერო სესია, მიძღვნილი გიორგი ჩუბინაშვილის ხსოვნისადმი, მოხსენებათა თეზისები (თბილისი, 1997), 22-3.

Zaza Skhirtladze, “Newly Discovered Early Paintings in the Gareja Desert”, კრებულში: Antony Eastmond ed., Eastern Approaches to Byzantium. Papers from the Thirty-Third Spring Symposium of Byzantine Studies, University of Warwick, Coventry, March 1999 [Publications of the Society for the Promotion of Byzantine Studies: 9] (Aldershot, 2001), 150-5.

ზაზა სხირტლაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი (თბილისი, 2008), 114-19.

გარეჯის უდაბნოს ადრე შუა საუკუნეების მონასტერში მოხსნილი მხატვრობის გამაგრება-რეაბილიტაციის გადაუდებელი სამუშაოები (2007 წლის ოქტომბერი – 2008 წლის აპრილი), საინფორმაციო ტრიპლეტი (თბილისი, 2008).

მარინე ბულია, “თეთრი უდაბნოს მოხატულობა და ადრეული ქართული მხატვრობის ზოგიერთი საკითხი“, საქართველოს სიძველენი 15 (2012), 48-74.

ნინო ჩიხლაძე, ძველი საქართველოს მონუმენტური ფერწერა და მისი მოამაგენი (თბილისი, 2017), 49, ილ. 10.