1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ლაღამი, მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა....

ლაღამი, მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: ლაღამი, მაცხოვრის ეკლესია ("მაცხვარ“)
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის მიწურული
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ქვედა ეკლესიის მოხატულობის პირველ ფენას თითქმის მთლიანად ფარავდა მოგვიანოდ, XII საუკუნეში შესრულებული ფრესკები. გასული საუკუნის 80-იან წლებში განხორციელებული საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში შესაძლებელი გახდა პირველი ფენის მოხატულობის პროგრამის ფაქტობრივად მთლიანი სახით აღდგენა.

ძალზე მცირე ზომის ეკლესიის ინტერიერში თავდაპირველი მოხატულობა ორ რეგისტრად იყო  განაწილებული.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში წარმოდგენილი იყო ქრისტეს დიდების კომპოზიცია; კონქში მხოლოდ აღსაყდრებული ქრისტეს დიდი ზომის ფიგურა გამოუსახავთ – ზედა ფენის ჩამოშლის ადგილებში ჩანს მაცხოვრის ფეხის და კვარცხლბეკის ფრაგმენტი; მთავარანგელოზთა და მოციქულთა გამოსახულებები დარბაზში – ჩრდილოეთ და სამხრეთ კამარაზე იყო გადატანილი; ამ მონაკვეთებზე, ორივე მხარეს წარმოდგენილი იყო წმ. მთავარანგელოზის და წმ. მოციქულის თითო ფიგურა, სახელდობრ, ჩრდილოეთით – წმ. მთავარანგელოზი და წმ.მოციქული პეტრე; სამხრეთით – წმ. მთავარანგელოზი და წმ. მოციქული პავლე (Ⴜ˜Ⴢ | ႮႠႥႪႤ – წ(მიდა)ჲ პავლე).

საკურთხევლის ქვედა ნახევარზე ნალესობა ერთიანადაა ჩამოშლილი. ამის გამო უცნობი რჩება, იყო თუ არა წარმოდგენილი რაიმე გამოსახულება აფსიდის ქვედა არეზე – კონქის კომპოზიციის შემომსაზღვრავ ვიწრო, შინდისფერ ზოლთან გაირჩევა მხოლოდ  ლურჯი და თეთრი ფერის კვადრატებით შედგენილი გეომეტრიული რიგის ორნამენტის საკმაოდ ფართო ზოლი.

 

დარბაზი

სამხრეთი კედლის ქვედა რეგისტრში წმ. მეომრების ფრონტალური ფიგურებია გამოსახული; აღმოსავლეთიდან პირველისა მხოლოდ შარავანდი და რამდენიმე გრაფემა შემორჩა (Ⴜ˜ წ(მიდა); მკვლევართა აზრით, ეს წმ. თევდორე უნდა იყოს). მის გვერდით (დასავლეთით) წმ. არტემის (˜Ⴢ | ႠႰ|ႲႤႫႨ – (წ(მიდა)ჲ არტემი) და  წმ. გიორგის (Ⴜ˜ | ႢႰႢႨ – წ(მიდა)ჲ გ(იო)რგი) ფიგურებია; ისინი თანაგვარად – მარჯვენა ხელში შუბებშემართულნი გამოუსახავთ.

დასავლეთი კედლის პირველ რეგისტრში ღმრთისმშობლის ხარებაა გამოსახული (შემორჩა მთავარანგელოზის ფეხის ფრაგმენტი და წარწერა – ႠႵႠ | ႢႡႰႪ – აქა გ(ა)ბრ(იე)ლ). ქვედა რეგისტრი წმინდა მოწამე დედების ფრონტალურ გამოსახულებებს უკავია: კარის სამხრეთით წმ. ბარბარე (Ⴜ˜Ⴢ || Ⴁ(ႠႰ)Ⴁ(ႠႰ)Ⴄ – წ(მიდა)ჲ ბ(არ)ბ(არ)ე) ყელთან შეკრული კუბასტითა და დიადემითაა წარმოდგენილი; შესასვლელის ჩრდილოეთით გამოსახულია წმ. ეკატერინეს ([- -] || ႤႩႲႤ – [წ(მიდა)ჲ] ეკ(ა)ტ(ერინ)ე) გვირგვინოსანი ფიგურა.

 

დათარიღება

ლაღამის ქვედა ეკლესიის მოხატულობის პირველი ფენის შექმნის სავარაუდო პერიოდის შესახებ მოსაზრებები რამდენჯერმე გამოითქვა; მარინე ყენია აღნიშნულ, მოხატულობის პირველი ფენის შესრულების თარიღად XI საუკუნეს მიიჩნევს (მარინე ყენია, “ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის უძველესი მხატვრობა“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნები ისტორიის სერია 1 (1986), 164; მისივე, “ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის თავდაპირველი მხატვრობა: ბოლოდროინდელი აღმოჩენები“, საქართველოს სიძველენი 7-8 (2005), 124); ლილია ევსეევა ვარაუდობს უფრო ადრეულ პერიოდს, სახელდობრ მონაკვეთს – IX საუკუნის მიწურულიდან X საუკუნის შუა ხანებამდე (Lilia Evseeva and Petr Greyding, “Les peintures du rez-de-chaussée de l’église de Lagami (Haute Svanéthie)“, Byzantion 66 (1996), 89-90); მერაბ ბუჩუკურთან ფრესკების შექმნის პერიოდად სახელდება X საუკუნის მიწურული (მერაბ ბუჩუკური, “ხატწერის რესტავრაციის მეთოდოლოგია და მიღებული შედეგები (სოფ. ლაღამში – მესტია, ზემო სვანეთი მაცხოვრის ეკლესიის – X-XIV სს.-ის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოების მაგალითზე)“, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო მოხსენებათა კრებული I (თბილისი, 2018), 268).

ლაღამის ქვედა ეკლესიის პირველი ფენის მოხატულობის შექმნის პერიოდად, მხატვრული სტილის მახასიათებლებითა და წარმოდგენილი პროგრამის იკონოგრაფიული ნიშნების გათვალისწინებით, შეიძლება, განისაზღვროს X-XI საუკუნეების მიჯნა.


ბიბლიოგრაფია

Гурам Чеишвили, Мераб Бучукури, “Некоторые особенности памятников средневековой росписи в Верхней Сванетии (Роспись интерьера)“, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси,  1983), 18-21.

მარინე ყენია, “ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის უძველესი მხატვრობა”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია  1 (1986), 146-65.

Lilia Evseeva, Petr Greyding, “Les peintures du rez-de-chaussée de l’église de Lagami (Haute Svanéthie)“, Byzantion 66 (1996), 81-100.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება). გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 75.

მარინე ყენია, “ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის თავდაპირველი მხატვრობა: ბოლოდროინდელი აღმოჩენები“, საქართველოს სიძველენი  7-8 (2005), 124-38.