1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ჟიბიანი, ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა....

ჟიბიანი, ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: ჟიბიანი, ღმრთისმშობლის ეკლესია ("ლამარია")
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: IX-X საუკუნე
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

კანკელი

საკურთხევლის წინ აღმართულ სამმალიან ქვის კანკელზე მოხატულობის ორი ფენა გაირჩევა. ნათელია, რომ თავდაპირველად ფერწერული დეკორით შეიმკო მხოლოდ კანკელი, მოგვიანებით კი ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოიხატა.

კანკელის ანტაბლემენტი სინგურით შესრულებული ნახევარწრიული და წიწვისებრი (თევზიფხური) მოტივებით შედგენილი გრაფიკული დეკორითაა გაფორმებული. თანაგვარივე ორნამენტი გასდევს კანკელის თაღების საპირეებს, რომელთაგან შუა თაღის ცენტრში მარტივი ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. დეკორის მხატვრულ გამომსახველობას კიდევ უფრო ამძაფრებს კანკელის სვეტთა კაპიტელების გაფორმება – ისინი ასევე გაუფორმებიათ სინგურის საღებავით დატანილი მარტივი ფორმებით, რაც მათ არქიტექტურულ ფორმას იმეორებს.

 

დათარიღება

ჟიბიანის ღმრთისმშობლის ეკლესიის მხატვრობასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. რენე შმერლინგი გამოყოფს მხატვრობის ორ ფენას, რომელთაგან შედარებით გვიანს XI საუკუნით ათარიღებს (Рене Шмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой Грузии (Тбилиси, 1962), 229). ტატიანა შევიაკოვას დაკვირვებით, ეკლესიაში მოხატულობის სამ ფენაა; მათგან უადრესის შექმნის პერიოდად X საუკუნეს მიიჩნევს – მკვლევარი აღნიშნავს, რომ ეკლესიის ინტერიერი თავიდანვე სრულად უნდა ყოფილიყო ფერწერით შემკული, რომელიც მოგვიანოდ, XI საუკუნეში გადაიწერა, ხოლო XIII საუკუნეში საკურთხევლის გამოსახულებების ნაწილი გაცხოველდა. შესაბამისად, კანკელისა და სამრევლო სივრცის შემკულობა მას ერთ ფენად აქვს ნაგულვებელი (Татьяна Шевякова, “Роспись первого слоя (живописи церкви Ламариа села Жибиани сельсовета Ушгули (Верхняя Сванетия)“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე XVII2 (1964), 189-90). მოგვიანებით მკვლევარმა მოხატულობის პირველი ფენია X-XI საუკუნეებით გადაათარიღა, თუმცა კი ამასთან დაკავშირებულ საკითხთა რიგი განუხილველი დარჩა (Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 23-4). ნათელა ალადაშვილი, გაიანე ალიბეგაშვილი და ანელი ვოლსკაია იზიარებენ მოხატულობის ტატიანა შევიაკოვასეულ პირველად დათარიღებას, ისევე როგორც ფენათა დაყოფას (Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Живописная школа Сванети (Тбилиси, 1983), 12, 16-7). მოგვიანებით რუსუდან ყენიამ და ნათელა ალადაშვილმა გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრება ეკლესიის მამკობი ფერწერის ფენების თაობაზე; ისინი მიიჩნევენ, რომ თავდაპირველად მხოლოდ კანკელი მოიხატა, სამრევლო სივრცის პირველი ფენის შემკულობა X საუკუნის მიწურულითა და XI საუკუნის დასაწყისით დაათარიღეს (დანარჩენ ფენებთან მიმართებით გაზიარებული აქვთ ტატიანა შევიაკოვასეული დათარიღებები) (რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 33-4).

ჟიბიანის ღმრთისმშობლის ეკლესიის ფერწერულ შემკულობაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ კანკელისა და ინტერიერის მოხატულობის პირველი ფენები სხვადასხვა დროით მონაკვეთშია შესრულებული. კანკელის პირველი ფენის დეკორი სტილურად ახლოს დგას სვანეთის IX-X საუკუნის შემკულობებთან (მაგ. ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიის პირველი ფენა), სამრევლო სივრცის შემკულობა კი უფრო მეტად XI საუკუნის რიგ ძეგლებთან ჰპოვებს საერთოს.


ბიბლიოგრაფია

Рене Шмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой Грузии (Тбилиси, 1962), 229.

Татьяна Шевякова, “Роспись первого слоя (живописи церкви Ламариа села Жибиани сельсовета Ушгули (Верхняя Сванетия)“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე XVII2 (1964), 189-205.

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Живописная школа Сванети (Тбилиси, 1983), 12.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 33-4.