1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, საბერეები, №5 ეკლესიის...

გარეჯი, საბერეები, №5 ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: გარეჯი, საბერეები, №5 ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: IX საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

 

ოსტატ(ებ)ის

წარწერა მდებარეობს ეკლესიის ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ კუთხეში, წმ. მხედართა გამოსახულებების მარჯვნივ; წმინდანთა გამოსახულებებთან არსებულ სხვა ფრესკულ წარწერებთან პალეოგრაფიული მსგავსების, ასევე მისი მდებარეობის გამო – იატაკის დონიდან საკმაოდ მაღლა, 215 სმ სიმაღლეზეა დაწერილი – მიჩნეულია, რომ ის ეკლესიის მომხატავ ოსტატს უნდა ეკუთვნოდეს: ႻႫႠ||ႬႭ ႪႭႺ||ႥႠ[-]Ⴀ Ⴂ[-]||[-]ႤႣႨ||Ⴀ ႠႬ ძმანო, ლოცვა[ს]ა გ[ოჳ]ედია ა(მჱ)ნ (ზაზა სხირტლაძე, საბერეების ფრესკული წარწერები [საქართველოს ისტორიის წყაროები: 35] (თბილისი, 1985), 25).


აღწერა

მოხატულია ეკლესია და ეკვდერი.

 

ეკლესია

ეკლესია მთლიანად იყო შელესილი. მხატვრობა შესრულებულია საკურთხეველში და ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ უბეში.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში წარმოდგენილი ქრისტეს დიდება ორ რეგისტრადაა განაწილებული. კონქში ქრისტეს ფიგურა (Ⴢ˜Ⴍ | Ⴕ˜Ⴄ ჲ(ეს)ო ქ(რისტ)ე) მანდორლის გარეშეა გამოსახული; საყდარზე დაბრძანებული ქრისტე წარმოდგენილია მაკურთხეველი მარჯვენით და გაშლილი კოდექსით, რომელზეც თორმეტსტრიქონიანი ასომთავრული ტექსტია (იოანე 1:1). მოსამზადებელი ნახატის დონეზე შემორჩა მაცხოვრის გამოსახულების კვარცხლბეკის გვერდებზე ხარის (მარჯვნივ) და ლომის (მარცხნივ) ფიგურები. ქრისტეს ორივე მხარეს წმინდა მთავარანგელოზები (ჩრდილოეთით: [- -] | [-]ႵႪ [წ(მიდა)ჲ მ(ი)]ქ(აე)ლ; სამხრეთით: Ⴜ˜Ⴢ | ႢႠႡႰ˜ – წ(მიდა)ჲ გაბრ(იელ)) სრული ტანით, ფრონტალურად არიან გამოსახულნი, ერთი ხელი მაცხოვრისკენ ვედრებად აქვთ მიმართული, მეორეში – დახვეული გრაგნილი უჭირავთ. მაცხოვრის და მთავარანგელოზთა ფიგურებს შორის თითო მრავალფრთედია ცეცხლოვან ეტლზე, რომლებსაც ფრთები თვალებით აქვთ დაფარული (წმ. მთავარანგელოზ მიქაელის გვერდით გამოსახულ ფიგურასთან იკითხება – ႵႤႰႠႡ||ႨႬႨ – ქერაბინი). კონქის კომპოზიცია წარმოდგენილია ვარსკვლავიანი ცის ფონზე, სადაც ვარსკვლავები გამოხატულია შედარებით მოზრდილი, წრეში ჩასმული ოთხ, ექვს და რვავარდულიანი ყვავილების სახით.

კონქის სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებზე, იმპოსტებს ქვემოთ დიაკვნების თითო-თითო ფრონტალური ფიგურაა გამოსახული. წმინდანების ფიგურები, მაცხოვრისა და მთავარანგელოზთა მონუმენტურ გამოსახულებებთან შედარებით, მომცრო ზომისაა და ოთხკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული; დიაკვნები გამოსახულია სრული ტანით, კვართითა და გულთან შეკრული მოსასხამით. შედარებით უკეთ შემორჩა სამხრეთ მონაკვეთზე წარმოდგენილი წმ. დიაკვანი წარწერის მიხედვით შესაძლოა იყოს წმ. სტეფანე ან წმ. დამიანე ([- -] | [- – – -]ႠႬႤ – [წ(მიდა)ჲ [- – – -]ანე). მას მარცხენა ხელში სანაწილე უჭირავს, მარჯვენა კურთხევის ნიშნად სანაწილისკენ აქვს მიმართული (მეორე გამოსახულების მხოლოდ შარავანდის და თავის ზედა, მცირე ნაწილი შემორჩა).

რეგისტრები ერთმანეთისგან კეცილი ორნამენტითაა გამოყოფილი.

მეორე რეგისტრში ცენტრში ღმრთისმშობელია წარმოდგენილი, მის ორივე მხარეს მოციქულთა ექვს-ექვს ფიგურიანი რიგია გამოსახული. დღეს მოხატულობა ცუდად გაირჩევა (ჩრდილოეთ კედელზე ღმრთისმშობლის გამოსახულებიდან მესამე ფიგურასთან იკითხება – Ⴜ[-] […] – წმიდაჲ […], ხოლო მეექვსე ფიგურასთან – ႼჂ || ჂႠ||ႩႭ||Ⴁ – წ(მიდა)ჲ ჲაკობ).

 

დარბაზი

ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნიშაში, მის ჩრდილოეთ კედელზე ერთმანეთისკენ მიმართული ცხენოსანი ფიგურებია გამოსახული; დაზიანებული ფიგურებისგან გაირჩევა მხოლოდ მარცხენა მხედრის უზანგში გაყრილი ფეხი, ცხენების ფეხები, გველეშაპის ტანის  მცირე ფრაგმენტი.

ჩრდილოეთი მკლავის აღმოსავლეთ კედელსა და იმავე კედლის საკურთხევლის მიმდებარედ, კუთხის ჩრდილოეთ პირზე ორი ფიგურის მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი. იქ, სავარაუდოდ, პირველმოწამე დიაკვნები არიან გამოსახულნი – მოჩანს მხოლოდ სამღვდელო შესამოსელის ნაწილი და სადიაკვნე გინგილა.

 

სამხრეთი ეკვდერი

მოხატულობა შემორჩა ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნახევარზე გამოკვეთილ თაღოვან უბეში; სავარაუდოა, რომ მთავარი სივრცის მსგავსად, ეკვდერშიც მოხატული იქნებოდა საკურთხეველი – იქ ამჟამად ნალესობის კვალი გაირჩევა. ეკვდერის მოხატულობაზე მსჯელობა რთულია, რადგან იგი თითქმის დანგრეულია – შემორჩა საკურთხევლის აფსიდის ნაწილი და ჩრდილოეთი კედელი.

ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ზედა მონაკვეთზე გამოსახულია ჯვარცმის კომპოზიცია. გრძელი კოლობიუმით წარმოდგენილი ჯვარცმული ქრისტეს (Ⴢ˜Ⴣ | Ⴕ˜Ⴄ ჲ(ესო)ჳ ქ(რისტ)ე) ორივე მხარეს ჯვარზე გაკრული ურწმუნო და კეთილი ავაზაკის ფიგურებია, რომელთაც ხელები უკან აქვთ შეკრული; ისინი დახატულია ნიშის კედლებზე (დასავლეთი კედლის ზედა ნაწილში არსებულ ფიგურასთან: ႣႭ˜Ⴋ˜ႵႱ დო(ჳ)მ(ა)ქს, აღმოსავლეთითი კედლის ზედა ნაწილში გამოსახულ ფიგურასთან: ႢႤႱႲႭႦ – გესტოზ). ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე ასევე გამოსახულია რომაელი ცენტურიონები – ასისთავი ლონგინოზი ([-]ႭႢႬ[- -] – [ლ]ო(ნ)გ(ი)ნ[ოზ]) (მარცხნივ) და უსუპი ([…]Ⴀ[-]ႭႱ[-][…] […]ა[-]ოს[-][…]) (მარჯვნივ); ღმრთისმშობლისა ([- -] | ႫႫ – [წ(მიდა)ჲ] მ(არია)მ) და წმ. იოანე ღმრთისმეტყველის გამოსახულებები წარმოდგენილი იყო კომპოზიციის ქვედა კუთხეში (მარცხენა ქვედა კუთხეში ღმრთისმშობლის შარავანდი გაირჩევა). ჯვრის ორივე მხარეს, ქრისტეს შარავანდთან გრაფიკულად დახატული მედალიონებია – მზისა მთვარის სიმბოლური გამოსახულებები.


ბიბლიოგრაფია

Анели Вольская, “Ранние росписи Гареджи”, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1983).

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 9-11.

ზაზა სხირტლაძე, საბერეების ფრესკული წარწერები [საქართველოს ისტორიის წყაროები: 35] (თბილისი, 1985), 12-36.

Анели Вольская, “Росписи пещерных монамтырей Давид Гареджи”, წიგნში: კონსტანტინე ფიცხელაური რედ., გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 132-4.

მარინე ყენია, “ადრეულ ქართულ მოხატულობათა პროგრამების თავისებურების გამო”, საქართველოს სიძველენი 11 (2007), 47-50.