1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. სვიფი, წმ. გიორგის ეკლესიის...

სვიფი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: სვიფი, წმ. გიორგის ეკლესია ("ჯგრაგ“)
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

სვიფის წმ. გიორგის ეკლესიის ინტერიერში მოხატულობის ორი ფენაა. პირველი ფენის მხატვრობა X საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება – მისი ფრაგმენტები ინტერიერის სხვადასხვა მონაკვეთზე შემორჩა. ადრეული მხატვრობა XIV საუკუნეში ბათქაშის ფენით დაიფარა და ფერწერით ხელმეორედ შეიმკო.

 

საკურთხეველი

საკურთხევლში მხატვრობა ორ რეგისტრად არის განაწილებული. კონქში წარმოდგენილია ვედრების სამფიგურიანი კომპოზიცია – ამჟამად განირჩევა მაცხოვრის გაშლილი კოდექსისა და საყდრის ნაწილი, აგრეთვე, მისადმი მეოხებად წარმდგარი ღმრთისმშობლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის ფიგურათა ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. მეორე რეგისტრის სამხრეთ მონაკვეთზე მართკუთხა მოჩარჩოებაში მოქცეული, თეთრ თმა-წვერიანი ფიგურა წმ. პეტრესთან არის გაიგივებული. ჩრდილოეთი მონაკვეთის ცენტრალურ ნაწილზე შემორჩა მარგალიტისებრი ორნამენტით გაფორმებული მართკუთხა მოჩარჩოების მოზრდილი ფრაგმენტი, ხოლო კიდეში წმინდანის (მოციქულის) ფიგურის შუა ნაწილი, დახურული კოდექსით ხელში. საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთ თავანსა და ტრაპეზის ქვაზე მოხატულობა ძლიერ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი.

 

დარბაზი

სამხრეთი კედელის შვერილი პილასტრით დანაწევრებულ ზედაპირზე მხატვრობა ორ რეგისტრად არის განაწილებული; კამარის ქანობზე შესრულებული მხატვრობა ერთმანეთისგან პილასტრითაა გამიჯნული, მეორე რეგისტრის მხატვრობა კი კედლის თაღებშია მოქცეული.

კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, წყვილად მდგომ ფიგურათა ქვედატანები განირჩევა. კამარის დასავლეთ მონაკვეთზე  წყვილად მდგომ ფიგურათაგან მარჯვენა სამ-მეოთხედ ბრუნში, მარცხენა კი ფრონტალურადაა წარმოდგენილი, რაზეც კალთიდან დაშვებული სამოსი მიუთითებს. მეორე რეგისტრის სამხრეთ-დასავლეთ თაღში ორი წმინდანის ფრონტალური ფიგურა გამოუსახავთ. მათგან მარჯვენას ხელში ბარძიმისებრი ნივთი უჭირავს, მარცხენას, სავარაუდოდ, ჯვარი უნდა სჭერებოდა (გამოსახულება თითქმის მთლიანად არის წარხოცილი).

ჩრდილოეთი კედელის შვერილი პილასტრით დანაწევრებულ ზედაპირზე მხატვრობა ასევე ორ რეგისტრად არის განაწილებული; კამარის ქანობზე შესრულებული მხატვრობა ერთმანეთისგან უშუალოდ პილასტრითაა გამიჯნული, მეორე რეგისტრის გამოსახულებები კი კედლის თაღებშია მოქცეული.

ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ თაღში გარკვევით იკითხება ცხენზე ამხედრებული და მარცხნივ მიმართული უწვერული მეომრის გამოსახულება, ხუჭუჭი თმითა და მომართული შუბით ხელში – იგი წმ. გიორგისთან არის გაიგივებული. ფერწერის თავდაპირველი ფენის უმნიშვნელო ფრაგმენტები, იმავე კედლის დასავლეთ მონაკვეთზეც შემორჩა.

დასავლეთი კედლის სამხრეთი, ქვედა მონაკვეთზე, ფრონტალურად მდგომ წმინდანთა შესამოსლის დაშვებული კალთების ფრაგმენტები განირჩევა.


ბიბლიოგრაფია

ტატიანა შევიაკოვა, “პირველი ფენის მოხატულობა სოფელ სვიფის ეკლესიაში (ზემო სვანეთი)”, საქართველოს მეცნიერებათა აკადებიის მოამბე XXIV6 (1960), 769-74.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековия Грузии (Тбилиси, 1983), 22-3.

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Живописная школа Сванетии (Тбилиси, 1983), 17-9.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება). გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 93-4.

მარინე ყენია, “მხატვრობის საერთო სისტემის გადაწყვეტის თავისებურებანი ადრეული ხანის სვანეთის მოხატულობებში,” საქართველოს სიძველენი 12 (2008), 138-40

მარინე ყენია, “სვანეთის მოხატულობათა აფსიდალური სქემები (IX-XIII საუკუნეები), საქართველოს სიძველენი 21 (2019), 67