1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ძველი შუამთა, აღდგომის ეკლესიის...

ძველი შუამთა, აღდგომის ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: ძველი შუამთა, აღდგომის ეკლესია
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: XI საუკუნის პირველი ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ტაძრის მოხატულობის პირველი ფენა, სავარაუდოდ, ოთხკონქის მთელ ინტერიერს მოიცავდა. ამჟამად იგი განირჩევა მხოლოდ ეკლესიის საკურთხეველსა და მისი მიმდებარე ორი შვერილის დასავლეთ პირზე.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში მოხატულობა ორ რეგისტრად ნაწილდებოდა: საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი იყო უფლის დიდება. მაცხოვარი მდიდრულად მოოჭვილ კვარცხლბეკიან საყდარზეა დაბრძანებული გახსნილი წიგნით (წარწერიდან გაირჩევა ცალკეული გრაფემები – მათი ამოკითხვა ვერ მოხერხდა). მაცხოვრისკენ შედგომილი უნდა ყოფილიყო თითო მთავარანგელოზი (შედარებით უკეთ გაირჩევა ფიგურა კონქის ჩრდილოეთ კიდეზე). ამ სამ ფიგურას შორის თითო მრავალფთედი იყო წარმოდგენილი; ბემაში – ორი მთავარანგელოზი იყო გამოსახული, მათგან ამჟამად მხოლოდ ბემის კამარის ჩრდილოეთ ფერდზე გამოსახული ფიგურაა შემორჩენილი. ბემის მეორე რეგისტრში თითო ფრონტალური ფიგურა ყოფილა გამოსახული; ამჟამად განირჩევა მათი შარავანდების კვალი და სილუეტები.

საკურთხევლის მეორე რეგისტრი საკონქო კომპოზიციისგან ფართო ორნამენტული ფრიზით ისაზღვრებოდა. აფსიდის მეორე რეგისტრი, სავარაუდოდ, ეკავა წმ. მოციქულთა რიგს, რომელიც ფრონტალურად გამოსახულ ექვს ფიგურას აერთიანებდა (მათგან თითო ბემის კედლებზეც იყო გატანილი). ამჟამად განირჩევა საკურთხევლის სარკმლის სამხრეთით სამი ფიგურა და ჩრდილოეთით ერთი ფიგურა. საკურთხევლის ერთადერთი სარკმლის თავანები ორნამენტულ მოტივს ეკავა.

საკურთხევლის მიმდებარე შვერილების დასავლეთი პირის ქვედა ნაწილებზე გამოსახულია ნალესობაში გრაფირებით შესრულებული ვარდულები, რომლებიც შეფერილი ყოფილა. ვარდულთა ჩანართების თავზე თითო ფრონტალური ფიგურა უნდა ყოფილიყო გამოსახული. სამხრეთი შვერილზე წარმოდგენილი ფიგურის ქვეშ გაირჩევა დიდი ზომის გოლგოთის ჯვარი, რომლის მიმართება მოხატულობის ფენებთან სამომავლო კვლევის საგნად რჩება.

 

დათარიღება

მოხატულობა მონოგრაფიულად შესწავლილი არ ყოფილა. თინათინ ვირსალაძე თავის ნაშრომში ზემო კრიხის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის შესახებ რამდენჯერმე ახსენებს ამ მხატვრობას და მას X-XI საუკუნეებით ათარიღებს, ამასთანავე იმაზეც მიუთითებს, რომ იგი იკონოგრაფიული შედგენილობით იმეორებდა მოხატულობის მოგვიანო ფენასაც (Тинатин Вирсаладзе, “Фресковая роспись в церкви Архангелов села Земо Крихи”, Ars Georgica 6-A (1963), 164 (прим. 213); გადაბეჭდილია: Тинатин Вирсаладзе, Грузинская средневековая монументальная живопись. Избранные труды (Тбилиси, 2007), 93 (прим. 1)). ფლერ დევდარიანი იზიარებს მოსაზრებას მოხატულობის მრავალფენიანობის შესახებ, თუმცა გუმბათისა და მისი ყელის ფრესკებს XI საუკუნის დასაწყისით ათარიღებს (ფლერ დევდარიანი, “ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსი”, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა 1II (თბილისი, 2015), 219.

მოხატულობის ამ ფრაგმენტებს საკურთხეველში ფარავს მხატვრობის კიდევ ერთი ფენა, რომლის შესრულებაც XII საუკუნის პირველ მეოთხედში ივარაუდება. არ უნდა გამოირიცხოს, რომ პირველი ფენა რამდენიმე ათწლეულით ადრე – კახეთის სამეფოს მოძლიერებისა და თელავის გადედაქალაქების კვალად მომხდარიყო. ამ ფრაგმენტული ფენის კვლევა სამომავლო კვლევის საგნად რჩება.


ბიბლიოგრაფია

Тинатин Вирсаладзе, “Фресковая роспись в церкви Архангелов села Земо Крихи”, Ars Georgica 6-A (1963), 164 (прим. 213) = еаdem, Грузинская средневековая монументальная живопись. Избранные труды (Тбилиси, 2007), 93 (прим. 1).

ნანა ბურჭულაძე et al., საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ტ. შევიაკოვას ნამუშევართა კატალოგი (თბილისი, 1986), 28.

ფლერ დევდარიანი, “ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსი”, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 1II (თბილისი, 2015), 215-24.