მანგლისი, სიონის საკათედრო ტაძარი
დასახლება: | დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, ქვემო ქართლი |
სახელდება: | სიონის საკათედრო ტაძარი (თავდაპირველად წმ. ჯვრის) |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, ოთხკონქი |
თარიღი/პერიოდი: | IV საუკუნის 30-იანი წლები |
აღდგენა/განახლება: | XI საუკუნის პირველი ნახევარი; V საუკუნის მეორე ნახევარი; 1667 წ. |
მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |
მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მანგლისის საეპისკოპოსოს დაარსების დროს, ახლანდელი ტაძრის ადგილას, ქვის ეკლესია უკვე მდგარა. V საუკუნის მეორე ნახევარში აგებული ოთხკონქი მნიშვნელოვნად გადაკეთდა XI საუკუნის პირველი ნახევარში – საქართველოს მეფე გიორგი I-ის (1014-1027) ზეობისას. განახლების შედეგად ეკლესიამ მნიშვნელოვნად იცვალა სახე – ნაგებობა აღმოსავლეთით გაფართოვდა; კარიბჭეები მიაშენეს სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს, ეკლესია გარედან შეიმოსა პერანგითა და შეიმკო ორნამენტული დეკორით; სავარაუდოდ, იმ დროს სრულად მოიხატა ეკლესიის ინტერიერიც. მანგლისის საკათედრო ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის მნიშვნელოვან სამწერლობო კერას წარმოადგენდა.
ტაძრის ფასადებსა და ინტერიერში შესრულებული სააღმშენებლო ლაპიდარული წარწერები, ასევე მოხატულობის მნიშვნელოვანი ნაწილი, XIX საუკუნის რესტავრაციის დროს დაზიანდა ან წარიხოცა.
1020 წლის სააღმშენებლო წარწერა განთავსებული იყო სამხრეთ სტოადან ეკლესიაში შესასვლელი კარის თავზე (წარწერიანი ფილების მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი შემორჩა): […] ႣႱႠ ႠႫႱ ႱႷႣႰႱႠ ႠႶႸႡႠ ႵႰႩႬႱႠ ႱႫ – [ქ. იქნა დი]დ(ი)სა ამ(ი)ს ს(ა)ყდრ(ი)სა აღშ(ენე)ბა ქ(ო)რ(ონი)კ(ო)ნსა სმ.
ეკლესიის აგების დამათარიღებელი წარწერა ასევე შესრულებული იყო სამხრეთი სარკმლის ქვემოთ (წარწერა დაკარგულია): [- – – – – – -] ႶႧႨႱႧႠ ႫႾႡ [-]Ⴀ[- – -] | [- – – – – -] ႼႫႣ ႻႪႨႱႠ Ⴚ˜ႾႰႱႧႠ ႫႤ ႢႪႾႩ[- – – -] | [- – – – – – -]ႤႬ ႠႶႸႬႡႣ ႼႨႱႠ ႠႫႱ ႤႩႪႱ[-]ႱႪ[-]|ႥႪႣ ႱႪႱႠ ႹႫႱႠ ႵႰႩႨ ႨႷ ႱႫ – [ქ. სახელითა] ღ(მრ)თის(ა)თა მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)[თ]ა [- – – – – – – – -]წმ(ი)დ(ისა) ძ(ე)ლისა ცხ(ოვ)რ(ები)ს(ა)თა მე გლ(ა)ხ(ა)კ[ი ღირს ვიქმ]ენ აღშ(ე)ნ(ე)ბ(ა)დ წ(მ)ი(დ)ისა ამ(ი)ს ეკლ(ე)ს[ი](ის) ს(ა)ლ(ო)[ც]ვ(ე)ლ(ა)დ ს(უ)ლ(ი)სა ჩ(ე)მ(ი)სა ქ(ო)რ(ონი)კ(ონ)ი იყ(ო) სმ.
XI საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება სამხრეთი კარიბჭის შესასვლელის თაღზე არსებული წარწერა: […]ႫႴႡ˜ႱႠ ႶႧႥ ႣႫႷႰႡ[-]ႨႱႠ Ⴂ˜Ⴈ ႷႪ˜ႨႱႠ ႠႶႫႭႱႠ[-]Ⴊ[-]ႧႨႱႠ […] – [ქ: სრულ იქმნა ესე სტოა] მ(ე)ფ(ო)ბ(ა)სა ღ(მრ)თ(ი)ვ დ(ა)მყ(ა)რ(ე)ბ(უ)[ლ]ისა გ(იორგ)ი ყ(ოვ)ლისა აღმოსა[ვ]ლ[ე]თისა [თვითმპყრობელისასა].