უჯარმა, ჯვარპატიოსანის ეკლესია
დასახლება: | სოფ. უჯარმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, კახეთი |
სახელდება: | ჯვარპატიოსანის/წმ. რაჟდენის |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | უგუმბათო ეკლესია, დარბაზული |
თარიღი/პერიოდი: | ქვედა ეკლესია – V-VI სს., ზედა ეკლესია – IX-X სს. |
აღდგენა/განახლება: | XVII-XVIII სს. |
მოხატულობის ფენები: | ერთი ფენა |
საისტორიო წყაროებით ცნობილია, რომ ქვეყნის მოქცევის დროს, IV საუკუნის 20-იან წლებში, უჯარმაში ჯვარი აღიმართა. არქეოლოგიური გათხრების მონაცემების გათვალისწინებით მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ უჯარმის ზედა ციხეში არსებული ჯვარპატიოსანის ეკლესია V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მიერ აიგო (შესაძლოა, კარის ეკლესიად) იმ ადგილზე, სადაც, საისტორიო წყაროს ცნობით, მეფე მირიანის ძის, რევის ცოლის სალომე დედოფლის მიერ, ჯვარი აღიმართა IV საუკუნეში. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა პლატონ იოსელიანს, რომელიც ვარაუდობდა, რომ დედოფალს, ჯვრის აღმართვის ნაცვლად, წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესია უნდა აეგო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალის დროს, V საუკუნეში მხოლოდ განახლდა. კონსტანტინე მელითაურის აზრით, ეკლესია რამდენადმე მოგვიანოდ, VI საუკუნეში აშენდა IV საუკუნეში აღმართული ჯვრის ადგილას, ჯვარი კი ეკლესიის შიდა სივრცეში მოექცა, მსგავსად მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძრისა. დარბაზული ეკლესია გალავნის კოშკის სიახლოვეს, ფაქტიურად ზედ ნაგებობაზეა მიშენებული. ეკლესიას IX-X საუკუნეებში მეორე სართულის დონეზე დააშენეს ასევე დარბაზული ნაგებობა; ზედა ეკლესია მოგვიანო გადაკეთებების შედეგად (სავარაუდოდ, XVII-XVIII სს.) ამჟამად სამნავიან ნაგებობას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გორგასლის მატიანეში უჯარმის ციხეში არსებული ეკლესია „რაჟდენწმინდას“ სახელით იხსენიება.