1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ადიში, წმ. გიორგის ეკლესიის...

ადიში, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: ადიში, წმ. გიორგის ეკლესია (“ჯგრაგ“)
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: XI-XII სს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

მოხატულობა ეკლესიის მთელ ინტერიერს, კანკელს და ჩრდილოეთ ფასადს ამკობს;  მიწისძვრის შედეგად ნაგებობა და მისი მხატვრობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა სცენებისა და სახეების გარჩევა და, შესაბამისად, პროგრამის დადგენა მაინც ხერხდება.

 

საკურთხეველი

კონქში წარმოდგენილია ვედრების სამფიგურიანი კომპოზიცია: მანდორლაში მოქცეული, საყდარზე მჯდომი მაცხოვარი (Ⴈ˜Ⴄ || [- -] – იე(სო) [ქ(რისტ)ე]) და მისადმი ვედრებად მიმართული ღმრთისმშობელი და წმ. იოანე ნათლისმცემელი სრული ტანით. მაცხოვარი გადაშლილი წიგნით ხელშია გამოსახული (წიგნზე წარწერა აღარ იკითხება).

მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა ნახევარფიგურები არაერთგვაროვნადაა განაწილებული: სარკმლის მარცხნივ (ჩრდილოეთით) მხოლოდ ერთი – წმ. ბასილი დიდის (Ⴜ˜Ⴈ || ႡႠႱႨႪႨ – წ(მიდა)ჲ ბასილი) ფიგურაა წარმოდგენილი, ხოლო სარკმლის მარჯვნივ (სამხრეთით) ორი წმინდანის  – წმ. იოანე ოქროპირის (Ⴜ˜Ⴈ || ႨႭႠႬႤ[…] | ႭႮႨႰႨ – წ(მიდა)ჲ იოანე [ოქრ]ოპირი) და კიდევ ერთი მღვდელმთავრის გამოსახულებაა (სავარაუდოდ, წმ. ნიკოლოზი ([…]Ⴊ[…] – […]ლ[…]). მღვდელმთავრები მაკურთხეველი მარჯვენით და დახურული კოდექსით არიან წარმოდგენილნი.

მეორე რეგისტრს ქვემოდან გაუყვება ფართო გეომეტრიული ორნამენტი.

 

კანკელი

მოხატულობა შემორჩა სამმალიანი კანკელის არქიტრავზე – იგი მცენარეული სახეებით არის დაფარული.

 

დარბაზი

სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრში (კამარა) მხატვრობა დაღუპულია. ქვედა რიგში  გამოსახულია წმინდა გიორგის მიერ ყრმის ტყვეობიდან დახსნის სცენა.

თითქმის ერთიანად წარხოცილია ჩრდილოეთი კედლის ზედა რეგისტრის (კამარა) მხატვრობაც; შემორჩენილი მცირე ფრაგმენტების მიხედვით იქ წმინდა გიორგის ბორბალზე წამების სცენა უნდა იყოს გამოსახული (კომპოზიციიდან შემორჩა მხოლოდ ფიგურების ტერფები და ურემზე დამაგრებული მახვილები). ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია, წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის დამორჩილება და მეფის ასულის ხსნა, ე.წ. ქალაქ ლასიას სასწაული.

დასავლეთი კედელი მთლიანად ეთმობა მაცხოვრის მიერ წმინდა მეომართა კურთხევის  სცენას. კედლის ზედა კიდეში, ცენტრში ნახევარწრეში მოქცეული მაცხოვრის მკერდამდე ფიგურაა, რომელიც განზე გაწვდილი ხელებით გვირგვინებით მოსავს წმინდა მხედრებს; კედლის სამხრეთ ნახევარზე წმ. გიორგის (ႼႨ || ႢႨ  – წ(მიდა)ი გ(იორგ)ი) და ჩრდილოეთით წმ. თევდორეს (ႼႨ || ႧႤ – წ(მიდა)ი თ(ევდორ)ე) ფეხზე მდგომი, ფრონტალური ფიგურებია წარმოდგენილი. წმ. გიორგი შუბითა და ფარით ხელში, წმ. თევდორე კი შუბითა და ქარქაშითაა გამოსახული. ტიმპანში ქრისტე ევმანუელია (Ⴈ[-] – ი[-]).

 

ფასადი

ჩრდილოეთი ფასადი ეთმობა ცხენოსანი მხედრების გამოსახულებებს. წმ. გიორგი – დიოკლიტიანეს, წმ. თევდორე კი – გველეშაპს ლახვრავს; წმინდანები არა ერთმანეთისკენ, არამედ ორივე ერთ მხარეს – დასავლეთისკენ არიან მიმართულნი.


ბიბლიოგრაფია

ანელი ვოლსკაია, “კედლის მხატვრობა სოფ. ადიშის წმ. გიორგის ეკლესიაში“, ძეგლის მეგობარი 18 (1969), 53-8.

Екатерина Привалова, Павниси (Тбилиси, 1977), 77-9.

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Живописная школа Сванети  (Тбилиси, 1983), 121-3.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 17-25.