1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ატენის სიონის მოხატულობა. პირველი...

ატენის სიონის მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: ატენის სიონი
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: VII ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესია აგებიდან მალევე, VII საუკუნეში (არაუგვიანეს VIII საუკუნის პირველი ნახევრისა) არასრული ანიკონური დეკორით შეუმკიათ, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ტაძრის ინტერიერის თლილი კვადრებით შედგენილი ქვის ზედმიწევნითი წყობის სამკაულსაც წარმოადგენდა. ეკლესია ღია ფერის ნალესობის თხელი ფენით შეუბათქაშებიათ, რომელზეც მოწითალო-მოყავისფრო ნახატით შეასრულეს ანიკონური დეკორი – ქვის წყობის პირობითი სახე და განედლებული ჯვრები.

 

გუმბათი

ეკლესიის გუმბათის კამარაში წყობით რელიეფურად გამოყვანილი ჯვრის მკლავები წითლად ყოფილა დაფერილი, ხოლო ოთხი დიდი ტრომპი – მარაოსებურად გაშლილი ურთიერთმომონაცვლე ტრაპეციისმაგვარი სეგმენტებით.

 

საკურთხეველი

ეკლესიის საკურთხეველში მოხატულობა სატრიუმფო თაღს, კონქსა და სარკმლებს ამკობდა. საკონქო კომპოზიცია ითვალისწინებდა კონქის ქუსლის დონეს. სატრიუმფო თაღი წითელი ზოლით იყო დაფარული. კონქში საჭექი ქვიდან იშლებოდა სიგანით მზარდი ნახევარწრეები, რომლებიც ჭადრაკულ მოტივზე აგებული დეკორით იყო დანაწევრებული.

საკურთხევლის სამსარკმლედის თავანებზეც წყობის აღმნიშვნელი დეკორი იყო წარმოდგენილი – ვიწრო წითელი პარალელური გრძივი ხაზებით, რომელთაც ვიწრო განივი ხაზები აერთებდა. ამასთანავე, საკურთხევლის სარკმლების პირები წითელი ზოლებით იყო შეოლვილი.

ოთხკონქის აღმოსავლეთი მკლავის შვერილების დასავლეთ პირების ქვედა მონაკვეთებზე წარმოდგენილი იყო განედლებული ჯვრების გამოსახულებები (ეკლესიის ინტერიერში სულ თორმეტი ასეთი ჯვარი იქნებოდა გამოსახული; მათგან ამჟამად მხოლოდ ხუთი გაირჩევა; ეს ჯვრები ერთნაირია, თუმცა დეტალებში სხვაობს). ასეთივე ჯვრები გამოუსახავთ აღმოსავლეთი კუთხის ოთახების შესასვლელების თავზეც. შემკული ყოფილა ოთხკონქის დარბაზიდან კუთხის ოთახებში გამავალი ნახევარწრიული ნიშების კონქებიც – აქ მონაცრისფრო-მომტრედისფრო ფონზე მზის სეგმენტები ყოფილა გამოსახული, რომლებიდანაც სხივები გამოედინებოდა.

 

დარბაზი

სამხრეთ აფსიდში  ანიკონური დეკორის სქემა იმეორებდა საკურთხევლის აფსიდის დეკორს, ამასთანავე, წყობის იმიტაცია ამკობდა ამ მკლავში არსებული კარის თაღს და წირთხლებს.

ჩრდილოეთი აფსიდის ანიკონური დეკორის სქემა, შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, დანარჩენი მკლავების დეკორის შესაბამისად იყო აგებული; სამხრეთი აფსიდის მსგავსად, ამ მკლავში არსებული კარის თაღი და წირთხლები გრაფიკული ნახატით შესრულებული წყობის იმიტაციით იყო შემკული.

დასავლეთი აფსიდის ანიკონური დეკორის სქემა საკურთხევლის აფსიდის დეკორის თანაგვარი იყო. დასავლეთი კუთხის ოთახების შესასვლელების თავზეც განედლებული ჯვრები უნდა ყოფილიყო გამოსახული.

 

დათარიღება

ატენის სიონის თავდაპირველი ანიკონური დეკორის დათარიღება და განშრევება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თინათინ ვირსალაძის მიხედვით, ტაძარი ორ ეტაპად უნდა შემკულიყო ამგვარი დეკორით – პირველად აგების თანადროულადვე, VII საუკუნეში (ამ ფენას აკუთვნებს იგი წყობის მაიმიტირებელ სახეებს), ხოლო შემდგომში, სავარაუდოდ, VIII საუკუნეში უნდა შემატებოდა ტაძრის დეკორს საგანგებოდ ბათქაშზე შესრულებული განედლებული ჯვრების გამოსახულებები. XI საუკუნეში ეს ორივე დეკორი კი მოხატულობის მესამე, სრულ ფენას უნდა გადაეფარა (თინათინ ვირსალაძე, “ატენის სიონის მოხატულობა“, მისივე წიგნში: ქართული მხატვრობის ისტორიიდან (თბილისი, 2007), 112-26).

გურამ აბრამიშვილის მოსაზრებით, ატენის სიონის ანიკონური დეკორი ერთ ფენას მოიცავს და მას უნდა მიეკუთვნოს როგორც წყობის იმიტაცია, ისე განედლებული ჯვრები. მკვლევარი ამ მხატვრობის შესრულებას VIII საუკუნის დამდეგისათვის ვარაუდობდა (გურამ აბრამიშვილი, ატენის სიონი. ადრეული შუა საუკუნეების ცენტრალურ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრული ტიპის ისტორიიდან (თბილისი, 2012) 157-8).


ბიბლიოგრაფია

Татьяна Шевякова, “К вопросу о возникновении и характере фресковых росписей в Грузии VIII-IX вв.”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე 1 (1962), 259.

Тинатин Вирсаладзе, “Первоначальная роспись Атенского Сиона (К вопросу о характере древнейших грузинских росписей)”, კრებულში: Симон Каухчишвили ред., Тезисы докладов VII всесоюзной конференции византинистов (Тбилиси, 1965), 64-6.

თინათინ ვირსალაძე, ატენის სიონის მოხატულობა (თბილისი, 1984).

ზაზა სხირტლაძე, “საქართველოში ანიკონურ მოხატულობათა არსებობის პრობლემისათვის“, ხელოვნებათმცოდნეობა 6 (2005), 198-246.

თინათინ ვირსალაძე, “ატენის სიონის მოხატულობა“, მისივე წიგნში: ქართული მხატვრობის ისტორიიდან (თბილისი, 2007), 103-202.

ზაზა სხირტლაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი (თბილისი, 2008), 63.

გურამ აბრამიშვილი, ატენის სიონი. ადრეული შუა საუკუნეების ცენტრალურ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრული ტიპის ისტორიიდან (თბილისი, 2012) 157-8.