აცი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობა
ნაგებობა: | აცი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია ("თარინგზელ“) |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | X ს. |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
ინტერიერი სრულად მოხატულია. ფერწერითაა შემკული კანკელიც.
საკურთხეველი
კონქში ქრისტეს დიდებაა წარმოდგენილი. კომპოზიცია უჩვეულოდაა განაწილებული: მაცხოვრის ნახევარფიგურა მაკურთხეველი მარჯვენითა და გაშლილი კოდექსით (რამდენიმესტრიქონიანი წარწერიდან განირჩევა მხოლოდ – ႦჂ|ႥჂ – ლჲ ვჲ) სარკმლის თავზეა გამოსახული. ქრისტეს ორ მხარეს (მისი მხრების გასწვრივ) წმ. მთავარანგელოზთა მთლიანი ფიგურებია (მათ მარჯვენა ხელი – ნებით წინ, მარცხენა – გულთან აქვთ); ისინი საკურთხევლის ორივე რეგისტრის დონზე არიან წარმოდგენილნი და სარკმლის ქვედა მონაკვეთის მიმდებარე არეებიც უკავიათ. ქრისტეს ნახევარფიგურის ჩამოსწვრივ, ქვედა რეგისტრში, სარკმლის ორ მხარეს, გამოსახულია სერაფიმი (ჩრდილოეთით) და ოთხხატედი (სამხრეთით). კომპოზიცია წარმოდგენილია ცეცხლისფერ ფონზე; ფონის ზედაპირი მოჩითულია ორმაგი თეთრი წრეებით, რომლებშიც ოთხ-ოთხი წერტილია ჩახატული. მსგავსი ფონი გამოყენებულია ეკლესიის დარბაზში, სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე გამოსახულ სცენებსა და ფიგურებთან.
კანკელი
სამმალიან კანკელსა და სატრიუმფო თაღს ერთიანად ფარავს თანაგვარი, დიდი ზომის მცენარეული ორნამენტი.
დარბაზი
სამხრეთ ქანობზე (პირველი რეგისტრი) ერთმანეთისკენ მიმართული წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს ცხენოსანი ფიგურებია (კომპოზიციის ქვედა ნაწილში ფრაგმენტულად შემორჩა დიოკლიტიანესა და გველეშაპის ფიგურები); მეორე რეგისტრში გამოსახულია მაცხოვრის საფლავად დადების სამფიგურიანი სცენა.
ჩრდილოეთი კედელი მთლიანად დათმობილი აქვს ამაღლების მრავალფიგურიან კომპოზიციას.
დასავლეთ კედელზე ეკლესიის მამებია გამოსახული. სარკმლის ორ მხარეს წმინდა მღვდელმთავრის ორ-ორი ფრონტალური ფიგურაა სრული ტანით წარმოდგენილი; ეკლესიის მამები გამოსახულნი არიან მაკურთხეველი მარჯვენითა და დახურული წიგნით ხელში.
ბიბლიოგრაფია
Nicole Thierry, “Notes d’un second voyage en Haute Svanétie (Géorgie)”, Bedi Kartlisa (1980), 38, pl. 5.
Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 18-20.
Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Живописная школа Сванети (Тбилиси, 1983), 19-23.
რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება). გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 63-4.
ნათელა ალადაშვილი, “ქრისტეს ამაღლება – სვანეთის კედლის მხატვრობის გამორჩეული თემა”, საქართველოს სიძველენი 6 (2004), 34-5.
მარინე ყენია, “გამოსახვის ხერხები სვანეთის ადრეულ მოხატულობებში (ლაღამის ქვედა ეკლესიის თავდაპირველი მხატვრობის მაგალითზე)”, საქართველოს სიძველენი 9 (2006), 58-9.
მარინე ყენია, “ადრეულ ქართულ მოხატულობათა პროგრამების თავისებურებათა გამო”, საქართველოს სიძველენი 11 (2007), 53-4.
მარინე ყენია, “მხატვრობის საერთო სისტემის გადაწყვეტის თავისებურებანი ადრეული ხანის სვანეთის მოხატულობებში”, საქართველოს სიძველენი 12 (2008), 129-31.