გარეჯი, მრავალწყაროს მონასტერი, ღმრთისმშობლის
ეკლესიის მოხატულობა
ნაგებობა: | გარეჯი, მრავალწყაროს მონასტერი, ღმრთისმშობლის ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | IX საუკუნის შუა ხანები |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობი საერო პირები (საქტიტორო გამოსახულებების მიხედვით) |
ოსტატ(ებ)ი: | ადარნასე/ათანასე/მანასე/დიონისე/ონისე |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
[-]Ⴀ[Ⴇ]ႤႪႭ : ႱႭႴ |ႪႨ|ႱႭ [-] | Ⴍ[-]Ⴀ | [-] | Ⴍ [-] | ႨႱ [-] | ႱႠ – [-]ა[თ]ელო : სოფლის(ა)ო [-] ო [-] ა [-] ო [-] ის [-] სა – წარწერა შესრულებულია ეკლესიის დასავლეთი კედლის ჩრდილო კიდეზე გამოსახული ქტიტორის ფიგურასთან (ზაზა სხირტლაძე, “მასალები გარეჯის მრავალმთის ადრეულ მოხატულობათა შესწავლისათვის. მრავალწყაროს ეკლესია“, კრებულში: რისმაგ გორდეზიანი რედ., ქრისტიანობის ოცი საუკუნე საქართველოში (თბილისი, 2004), 264, სურ. 5).
ოსტატ(ებ)ის
ႠႼ [-] | [-] | ႫႶႣ |ႤႪႬႭ | Ⴑ[-] | Ⴌ[-]ႱႤ ႺႭ|ႣႥႨႪ[-] ႫႭჂ[-]ႱႤ|ႬႤႧ – აწ [- -] მღდელნო ს[-] ნ[-]სე ცოდვილ[ი] მოჲ[ჴ]სენეთ – წარწერა გამოსახულია საკურთხევლის ჩრდილოეთი ნახევრის ქვედა მონაკვეთზე (ზაზა სხირტლაძე, “მასალები გარეჯის მრავალმთის ადრეულ მოხატულობათა შესწავლისათვის. მრავალწყაროს ეკლესია“, კრებულში: რისმაგ გორდეზიანი რედ., ქრისტიანობის ოცი საუკუნე საქართველოში (თბილისი, 2004), 260, სურ. 4).
აღწერა
ეკლესიის ფერწერული დეკორი გარეჯის მრავალმთის ფერწერული სკოლის ადრეული ეტაპზე ადგილობრივ სამოწესეო სამხატვრო გარემოში დამკვიდრებულ სახეებს აერთიანებს. ამასთანავე, ნიშნეულია, რომ დროის შესაბამისად, ეკლესია არასრულად მოუხატავთ – ფრესკები ამკობს მხოლოდ საკურთხევლს და მისი დარბაზის ჩრდილოეთ და დასავლეთ უბეებს.
საკურთხეველი
ეკლესიის საკურთხეველში წარმოდგენილი იყო უფალი დიდებითა: საყდარზე მჯდომი მაცხოვარი მის ორსავე მხარეს მდგომი ანგელოზებით (მთავარანგელოზებით). საკურთხევლის აფსიდის მცირე ზომების გამო, ფაქტობრივად გამოირიცხება ქვედა რეგისტრისა და მისი გამოსახულებების (ღმრთისმშობელი და წმ. მოციქულთა რიგი) არსებობა. საკურთხევლის კომპოზიციისაგან ამჟამად მცირე ნაშთები გაირჩევა: მაცხოვრის ფიგურის უმნიშვნელო ფრაგმენტები, საყდრის მკრთალი მონახაზი, აგრეთვე ორიოდე ლაქა ანგელოზთა ფიგურებისაგან. საკურთხევლის მოხატულობის მნიშვნელოვან ნაწილს უფლის დიდების გამოსახულების ქვეშ და, ნაწილობრივ, მასში ჩართული მომხატავი ოსტატის წარწერა წარმოადგენდა – იგი გრაფემების ზომით და ადგილით საგანგებოდ ყოფილა გამოყოფილი.
დარბაზი
ჩრდილო უბეში წარმოდგენილია ღმრთისმშობლის ვოტივური ხატი: დედაღმრთისა გამოსახულია ლაჟვარდის ფონზე. მას მარცხენა ხელში ყრმა იესო უკავია და თავი მისკენ აქვს დახრილი. ღმრთისმშობლის გამოსახულებას საგანგებოდ გამოჰყოფს თაღოვანი მოჩარჩოება, რომელიც თეთრი ფერის ხვეული ორნამენტითაა გაფორმებული. ორნამენტის ხვეულებში კალიგრაფიული ასომთავრულით წარწერა ყოფილა ჩაწერილი (შემორჩა უმნიშვნელო ფრაგმენტები). დედაღმრთისას ვოტივური ხატის მნიშვნელობას ის ფაქტიც განსაზღვრავს, რომ ღრმა უბის კამარაში სეგმენტიდან გამომავალი მაკურთხეველი მარჯვენაა გამოსახული. იმავე უბეში ჩართული იყო წმიდა დედათა თითო გამოსახულება, რომელთაც განმარტებითი წარწერები არ აქვს შერჩენილი; ამ ორ ფიგურას შორის, უბის აღმოსავლეთ კედელზე გამოსახული ფიგურა ჯვრით ხელში იყო წარმოდგენილი, ხოლო დასავლეთ კედელზე – ორანტად.
ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კუთხეში გამოსახულია მოწესე წმიდანი – წმ. სვიმეონ მესვეტე (Ⴜ˜Ⴢ || ႱႭႫႭႬ – წ(მიდა)ჲ სუ(ი)მ(ე)ონ); ეს გამოსახულება აზრობრივად არის გაერთიანებული ეკლესიის დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ კიდეზე გამოსახული ქტიტორი მამაკაცის ფიგურასთან – მათ ერთიანი, ორი ვიწრო ზოლით შედგენილი მოჩარჩოება შემოუყვება.
დასავლეთ მკლავში მკლავის მხატვრობა იმდენად დაზიანებულია, რომ მასში დარჩენილი ფრესკების ფრაგმენტების მიხედვით შეუძლებელია მსჯელობა გამოსახულებების რაობაზე. ამჟამად ყველაზე უკეთ გაირჩევა ქტიტორი მამაკაცის ფიგურა – იგი უბის ჩრდილოეთ კედელზე შეუსრულებიათ; ფიგურა ვედრებად ეკლესიის დასავლეთი კედელზე გამოსახული წმიდანისადმი ყოფილა მიმართული. ამ ფიგურასთან განმარტებითი წარწერა არაა შერჩენილი, თუმცა იგი ზომით ჩამოუვარდება დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ კიდეზე გამოსახულ ქტიტორს.
დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ კიდეზე კიდევ ერთი საქტიტორო გამოსახულებაა წარმოდგენილი – საკურთხევლისადმი ვედრებად მიმართული საერო პირის, მამაკაცის ფიგურა.
დათარიღება
მრავალწყაროს ეკლესიის მოხატულობა მკაფიოდ არის ნიშანდებული ადგილობრივი ფერწერული სკოლის მხატვრული და იკონოგრაფიული თავისებურებებით. იგი ეკლესიის შექმნის თანადროულად, IX საუკუნის მეორე ნახევარშივე უნდა შეესრულებინათ. ამასვე მოწმობს განმარტებითი ფრესკული წარწერების პალეოგრაფიული მახასიათებლებიც.
ბიბლიოგრაფია
“გარეჯის მრავალმთის მონასტრები. დასავლეთი მასივის გამოქვაბული მონასტრების არქიტექტურის, კედლის მხატვრობისა და ეპიგრაფიკის სრული ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია“, კრებულში: ნიკოლოზ ვაჩეიშვილი რედ., ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა – 1997 (თბილისი, 1997), 40-9, სურ. 39-49 (ანოტაციებით).
ვალერი სილოგავა, წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან (IX-XIII სს.) [ფონდ „უდაბნოს“ ბიბლიოთეკა. სამეცნიერო სერია: 3] (თბილისი, 1999).
Zaza Skhirtladze, “Newly Discovered Early Paintings in the Gareja Desert”, კრებულში: Antony Eastmond ed., Eastern Approaches to Byzantium. Papers from the thirty-third Spring Symposium of Byzantine Studies [Publications of the Society for the Promotion of Byzantine Studies: 9] (Aldershot, 2001), 149-67.
ზაზა სხირტლაძე, “მასალები გარეჯის მრავალმთის ადრეულ მოხატულობათა შესწავლისათვის. მრავალწყაროს ეკლესია“, კრებულში: რისმაგ გორდეზიანი რედ., ქრისტიანობის ოცი საუკუნე საქართველოში (თბილისი, 2004), 253-73.