გარეჯი, წმ. დოდოს მონასტერი, წმ. დოდოს განსასვენებელი
ეკლესიის მოხატულობა
ნაგებობა: | გარეჯი, წმ. დოდოს მონასტერი, წმ. დოდოს განსასვენებელი ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | IX ს. |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
მოხატულობა ამკობდა საკურთხევლის კონქს და ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთი კედელის შუა მონაკვეთს.
საკურთხეველი
საკურთხევლში, კონქში წარმოდგენილია ქრისტეს დიდების კომპოზიცია: მაცხოვარი (Ⴈ˜Ⴣ || Ⴕ˜Ⴡ – ი(ეს)უ ქ(რისტ)ჱ) და მის ორსავე მხარეს მდგომი წმ. მთავარანგელოზები – მიქაელი (ႫႵႪ – მ(ი)ქ(აე)ლ) და გაბრიელი (Ⴂ˜ႡႪ – გ(ა)ბ(რიე)ლ). საყდარზე მჯდომი მაცხოვრის ფიგურა ოვალური ფორმის მრავალშრიან მანდორლაში არის მოქცეული; მას მარცხენა ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რომელზეც გასული საუკუნის შუახანებში ჯერ კიდევ გაირჩეოდა წარწერის კვალი. მთავარანგელოზები წარმოდგენილნი არიან სრული ტანით, კვერთხით და სფეროთ ხელში (შემორჩენილია ფრაგმენტული სახით). ქრისტესა და მთავარანგელოზებს შორის გამოსახულია ოთხხატედი და ექვსფრთედი. მრავალფრთედებსა და ქრისტეს შორის იკითხება ასომთავრული წარწერები: ႼႰႱ ႼႰႱ | ႼႰႱ || ႳႨ ႱႠႡ [-] – წ(მიდა) (ა)რს წ(მიდა) (ა)რს უ(ფალ)ი საბ[აოთ]; ႼႰႱႼႰႱ | ႼႰႱ Ⴓ˜Ⴈ | Ⴑ˜ႡႧ – წ(მიდა) (ა)რს წ(მიდა) (ა)რს წ(მიდა) (ა)რს უ(ფალ)ი ს(ა)ბ(აო)თ (ესაია 6:3). კონქის საჭექში გამოსახული ცის ნახევარწრიული სეგმენტიდან ეშვება მაკურთხეველი მარჯვენა და მტრედი. მაცხოვრის ჯვრული შარავანდედის აქეთ-იქით მოთავსებულია ორი მედალიონი: მარცხნივ გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, თავს ზემოთ მთვარის ქიმით; მარჯვნივ ჭაბუკის ფიგურა მკერდამდე, ანთებული ჩირაღდნით ხელში – ისინი მნათობთა პერსონიფიკაციებია. სატრიუმფო თაღს გადაუყვება ასომთავრული წარწერა: : ႱႠႾႪႱႠ : ႸႤႬႱႠ : ႸႳჃႤႬႨႱ: ႱႨႼႫႨႣႤ : ႭჃ[…] – სახლსა შენსა შვენის სიწმიდე უ[ფალო სიგრძესა შინა დღეთასა] (ფსალმუნნი 92:3-5).
დარბაზი
ჩრდილოეთი მკლავში წარმოდგენილი იყო წმინდა მხედართა გამოსახულებები: წმ. გიორგი (Ⴜ˜Ⴢ Ⴂ˜Ⴈ – წ(მიდა)ჲ გ(იორგ)ი) და წმ. თევდორე (Ⴜ˜Ⴢ Ⴇ˜Ⴄ – წ(მიდა)ჲ თ(ევდორ)ე). მოხატულობა ამჟამად მთლიანადაა წარხოცილი. შემორჩა ევგენი ლანსერეს მიერ 1921 წელს შესრულებული ფერადი ჩანახატი.
დათარიღება
ეკლესიის მოხატულობის შექმნის თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ეკლესიაში გამართული გვიანი შუა საუკუნეების მოხატული კანკელის არსებობამ რამდენიმე მკვლევარს საკურთხევლის მოხატულობის მოგვიანოდ შესრულება ავარაუდებებინა (Георгий Чубинашвили, Пещерные монастрыри Давид-Гареджи. Очерк по истории искусства Грузии (Тбилиси, 1948), 101; Дмитрий Гордеев, “Монастыри Гареджи” – გამოცემულია: ზაზა სხირტლაძე, “გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების მოხატულობათა სამეცნიერო კვლევის ისტორიიდან“, გელათის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე V (2019), 375-7). შალვა ამირანაშვილი ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობას მოხატულობის იკონოგრაფიული და სტილური ნიშნებით, აგრეთვე განმარტებითი ფრესკული წარწერების პალეოგრაფიით VII-VIII საუკუნეებით ათარიღებდა, ხოლო ეკლესიის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული მოწესის ფიგურას XIV საუკუნის მიწურულით განსაზღვრავდა; ამავე კედელზე გამოსახული წმიდა მხედრების გამოსახულებების თარიღი მკვლევარს არ დაუზუსტებია (Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 31-3); შალვა ამირანაშვილის მიერ განსაზღვრული ეკლესიის საკურთხევლის ფრესკების თარიღი გაიზიარა კრისტა იმმაც (Christa Ihm, Die Programme der christlichen Apsismalerei: vom 4. Jahrhundert bis zur Mitte des 8. Jahrhunderts (Stuttgart, 1992)2, 43), ხოლო ვიქტორ ლაზარევმა ფრესკები IX საუკუნით დაათარიღა (Виктор Лазарев, История византийской живописи (Москва, 1986)2, 58-9). ტატიანა შევიაკოვა ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობას საბერეების გამოქვაბული კომპლექსის თანადროულად მიიჩნევდა და მის შექმნას IX საუკუნეში ვარაუდობდა; ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულ წმინდანთა ფიგურებს წერის მანერის და გამოყენებული ფერების საფუძველზე, მკვლევარი საკურთხევლის კომპოზიციის თანადროულად თვლიდა (Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 16). თინათინ ვირსალაძე ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობის თარიღს IX საუკუნით განსაზღვრავდა (Тинатин Вирсаладзе, “Основные этапы развития средневековой грузинской монументальной живописи”, II Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1977), 6; გადაბეჭდილია მისივე კრებულში: Избранные труды. Грузинская средневековая монументальная живопись (Тбилиси, 2007), 12-3). ანელი ვოლსკაია მხატვრობას, სტილური მონაცემების მიხედვით, IX საუკუნით ათარიღებდა და მას საბერეების კომპლექსის მოხატულობებისგან განსხვავებულ, სადედაქალაქო ნაკადთან დაკავშირებულ ელინისტური მოტივებით აღბეჭდილ ძეგლად განსაზღვრავდა (Анели Вольская, “Ранние росписи Гареджи”, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1983), 9; Анели Вольская, “Росписи пещерных монастырей Давид-Гареджи”, კრებულში: გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 138). IX საუკუნით ათარიღებს მხატვრობას ზაზა სხირტლაძე (ზაზა სხირტლაძე, “გარეჯის წმ. დოდოს მონასტრის გუმბათიანი ეკლესიის მოხატულობის სისტემისათვის”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე 1441 (1991), 109; ზაზა სხირტლაძე ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი (თბილისი, 2008), 26-8).
წმ. დოდოს განსასვენებელი ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობა, იკონოგრაფიული და სტილური ნიშნებით, ისევე როგორც, ფრესკული წარწერების პალეოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა დათარიღდეს IX საუკუნით – იგი გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გარემოში საფერწერო ტრადიციების ჩამოყალიბება-შეთვისების ერთ-ერთი ადრეული და საგულისხმო მაგალითია.
ბიბლიოგრაფია
Дмитрий Гордеев, “Монастыри Гареджи (1919)” – გამოცემულია: ზაზა სხირტლაზე, “გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების მოხატულობათა სამეცნიერო კვლევის ისტორიიდან“, გელათის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე V (2019), 375-7.
Георгий Чубинашвили, Пещерные монастрыри Давид-Гареджи. Очерк по истории искусства Грузии (Тбилиси, 1948), 101.
Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 30-5.
შალვა ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია (თბილისი, 1971), 194-5.
Тинатин Вирсаладзе, “Основные этапы развития средневековой грузинской монументальной живописи”, II Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1977), 6; გადაბეჭდილია მისივე კრებულში: Избранные труды. Грузинская средневековая монументальная живопись (Тбилиси, 2007), 12-3.
Jacqueline Lafobntaine-Dosogne, “Recherches sur les programmes decoratifs des églises médiévales en Géorgie en relation avec la peinture monumentale byzantine”, IIe Symposium International sur l’art Géorgien (Tbilisi, 1977), 2-3.
Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 14-6.
Анели Вольская, “Ранние росписи Гареджи”, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1983), 9.
Анели Вольская, “Росписи пещерных монастырей Давид-Гареджи”, კრებულში: გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 138.
Виктор Лазарев, История византийской живописи (Москва, 1986)2, 58-9.
ანელი ვოლსკაია, მერაბ ბუჩუკური, “მეცნიერული ასლი-რეკონსტრუქცია და მისი როლი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის შესწავლაში (დავით გარეჯის დოდოს რქის მონასტრის IX ს. მხატვრობის მაგალითზე)”, სპექტრი 2 (1990), 53-63.
ზაზა სხირტლაძე, “გარეჯის წმ. დოდოს მონასტრის გუმბათიანი ეკლესიის მოხატულობის სისტემისათვის”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე 1441 (1991), 109-12.
Christa Ihm, Die Programme der christlichen Apsismalerei: vom 4. Jahrhundert bis zur Mitte des 8. Jahrhunderts (Stuttgart, 1992)2, 43.
მერაბ ბუჩუკური, “გარეჯის ფრესკების რესტავრაცია: შედეგები და პერსპექტივები“, კრებულში: ზაზა სიხრტლაძე რედ., სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი [გარეჯის კვლევის ცენტრის შრომები: II] (თბილისი, 2001), 256-9.
ზაზა სხირტლაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი (თბილისი, 2008), 26-8.
ნინო ჩიხლაძე, ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი (თბილისი, 2017), ილ. 12-5.