1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, სატრაპეზოს...

გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, სატრაპეზოს მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, სატრაპეზო
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: XI საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

მოხატულობა სატრაპეზოს ინტერიერის ცალკეულ მონაკვეთებს ამკობს; მოუხატავადაა დატოვებული ჭერი. ფრესკები ერთ რეგისტრადაა განთავსებული; მხატვრობა საკმაოდ მაღლა იწყება. მხატვრობის იკონოგრაფიული სქემა ლაკონიურობით გამოირჩევა. მისი იკონოგრაფიული პროგრამისთვის საგანგებოდ შეირჩა ძველი და ახალი აღთქმის ის სცენები, რომლებიც  სატრაპეზოსთან/ტრაპეზთან და უშუალოდ  ევქარისტიასთანაა დაკავშირებული.

 

აღმოსავლეთი კედელი

საკურთხეველი სატრაპეზოს ინტერიერის აღმოსავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილშია გამოკვეთილი; აფსიდში გამოსახულია სამფიგურიანი ვედრება: მდიდრულ საზურგე-კვარცლბეკიან საყდარზე აღსაყდრებულ მაცხოვარს (განმარტებითი წარწერა დაკარგულია; წარწერა მაცხოვრის გაშლილ კოდექსზე აღარ გაირჩევა) ვედრებად წარუდგებიან ღმრთისმშობელი (˜: |ႶႧ˜|– დ(ე)დ(აჲ) ღ(მრ)თ(ი)ს(ა)ჲ) და წმ. იოანე წინამორბედი (წარწერა დაკარგულია). ეს კომპოზიცია, როგორც ჩანს, ერთხელ მაინც არის სრულად განახლებული.

აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნახევარზე გამოსახულია უფლის სერობის  კომპოზიცია (წარწერა დაკარგულია): სცენის მარცხენა ნაწილში წარმოდგენილია საყდარზე დაბრძანებული მაცხოვარი. სცენის ცენტრი უკავია მოზრდილ, საზრდელით დატვირთულ მაგიდას, რომელსაც მოციქულები არიან შემომსხდარნი.

 

ჩრდილოეთი კედელი

წინამძღვრის თაღოვანი ნიშა სატრაპეზოს ჩრდილოეთ კედელშია შეჭრილი; ნიშის მხატვრობა მოგვიანოდ განუახლდებიათ. პირველ ფენას ეკუთვნის ნიშის ჩრდილოეთ კედელზე, ღიობის ზემოთ წარმოპდგენილი სამფიგურიანი კომპოზიცია, რომელიც ქვემოდან მარმარილოს იმიტაციითაა შემოსაზღვრული. ვედრების სცენის დროინდელი უნდა იყოს ხარების კომპოზიცია, რომელიც ნიშის შუბლზე გამოუსახავთ, აგრეთვე, ორანტი წმ. დავით გარეჯელის ფიგურა მთელი ტანით ნიშის მარცხნივ. მოხატულობის ის ფრაგმენტები, რომლებიც ნიშაში ახლა ყველაზე კარგად გაირჩევა – ანგელოზთაგან თაყვანცემული მანდილიონი ნიშის შუბლზე, შედარებით მცირე მასშტაბის ვედრება ნიშაში, მთავარანგელოზები და მედალიონში მოქცეული ჯვარი ნიშის თაღის ცენტრში და მთავარანგელოზები ნიშის ქანობებზე – შედარებით მოგვიანო დროს განეკუთვნება.

სატრაპეზოს ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში შეჭრილ თაღში გამოსახულია აბრაამის სტუმართმოყვარეობა (წარწერა დაზიანებულია). კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია დაბურვილი მაგიდა საზრდელით, რომელსაც სამი ანგელოზია შემომსხდარი. მათ მარცხნიდან წარუდგებათ აბრაამი (ႠႡႰჀႫ – აბრ(ა)ჰ(ა)მ; წარწერა მოგვიანოდ არის განახლებულია), ხოლო მარჯვნიდან – ისმაილი (წარწერა დაკარგულია). მოხატულია თაღის ფერდებიც; აღმოსავლეთით – გუმბათიანი სალხინებელი კრეტსაბმელით, რომლის კარშიც სურა დგას, ხოლო დასავლეთით – გუმბათიან ნაგებიობებიანი ქალაქი.

სატრაპეზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობების სვეტების სამხრეთ პირებზე გამოსახულნი არიან მესვეტები: წმ. სვიმეონ ჰალებელი (˜ || ႱჃႨႫႨႭႬ : ႠႪႡႤႪႨ (მიდა) სჳიმიონ ალ()ბელი) და წმ. სვიმეონ საკვირველმოქმედი (˜ || ႱჃႨႫႨႭႬ : ႱႠႩჃႨႰႥ|ႪႧႫႭႵႫႤႣႨ:   (მიდა) სჳიმიონ საკჳირვ()ლთმოქმედი). შუა თაღის შიდა პირებზე – წმ. ეფთვიმე დიდი (˜ || ႤႴႧჃჂႫ| (მიდა)ჲ ეფთჳჲმე) და წმ. დავით გარეჯელი (˜ || ႣႠႥႨႧ (მიდა)ჲ დავით).

 

დათარიღება

უდაბნოს მონასტრის სატრაპეზოს მოხატულობის ძირითადი ფენა დათარიღებულია ორგვარად – X-XI საუკუნეების მიჯნით (Анели Вольская, Росписи средневековых  трапезных Грузии (Тбилиси 1974), 3-76, 79-87) და XI საუკუნის შუა წლებით (Аntony Eastmond, Zaza Skhirtladze, “Udabno Monastery in Georgia: Innovation, Conservation and the Reinterpretation of Medieval Art“, Iconographica VII (2008), 35-7) – უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრის მხატვრობის თანადროულად.


ბიბლიოგრაფია

Дмитрий Гордеев, “Монастыри Гареджи (1919)” – გამოცემულია: ზაზა სხირტლაძე, “გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების მოხატულობათა სამეცნიერო კვლევის ისტორიიდან“, გელათის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე V (2019), 400-1.

Георгий Чубинашвили, Пещерные монастыри Давид-Гареджи. Очерк по истории искусства Грузии (Тбилиси, 1948), 75-8.

Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 53-64.

გურამ აბრამიშვილი, დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში (თბილისი, 1972), 143-5.

Анели Вольская, Росписи средневековых  трапезных Грузии (Тбилиси 1974), 3-76, 79-87.

Анели Вольская, “Роспись пещерных монастырей Давид-Гареджи”, წიგნში: კონსტანტინე ფიცხელაური რედ., გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 142-3.

Аntony Eastmond, Zaza Skhirtladze, “Udabno Monastery in Georgia: Innovation, Conservation and the Reinterpretation of Medieval Art“, Iconographica VII (2008), 35-7.

ანელი ვოლსკაია, დიმიტრი თუმანიშვილი, მარინე ბულია, დავითგარეჯის მონასტრები: ლავრა, უდაბნო (თბილისი, 2008), 80-93.

Lado Mirianashvili, “Non-Traditional Iconography of The Hospitality of Abraham from the Refectory of Udabno Monastery in David-Gareji, Georgia“,  Ikon: Journal of Iconographic Studies 6 (2013), 109-14.