1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, ღმრთისმშობლის...

გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, ღმრთისმშობლის
ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, ღმრთისმშობლის ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: XI საუკუნის პირველი ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესია დროთა განმავლობაში საგრძნობლად დაზიანდა – ერთიანად ჩამოირღვა მისი სამხრეთი ნახევარი; მოხატულობა, რომელიც ერთ დროს მის ინტერიერს მთლიანად ამკობდა, ახლა მხოლოდ ნაწილობრივ შემორჩა. ესაა: დარბაზის ჩრდილოეთი კედლის ზედა ნახევარსა და კამარის ქანობზე თარაზულ რიგად გაყოლებული საუფლო დღესასწაულთა სცენები და წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლის სამი ეპიზოდი, აგრეთვე – საქტიტორო რიგი ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგისტრის დასავლეთი ნაწილის მთელ სიგრძეზე; დასავლეთ კედელზე – განკითხვის დღის მრავალნაწილიანი კომპოზიცია.

ეკლესიის ინტერიერი 1970-იანი წლების მიწურულს გაიწმინდა ჩამონაშალი ქვისა და მიწისაგან.

 

საკურთხეველი

ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობა, როგორც ჩანს, ორ რეგისტრისგან შედგებოდა. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი იყო ღმრთისმშობლის დიდების კომპოზიცია –  ანგელოზთაგან განდიდებული, საყდარზე დაბრძანებული ღმრთისმშობელი ყრმით. გამოსახულებების ნაწილი კონქში გასული საუკუნის შუახანებამდე ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ასევე შემორჩენილი ყოფილა წმიდა მოციქულთა რიგის ნაწილი საკურთხევლის ქვედა რეგისტრში. საკურთხევლის მოხატულობის ფრაგმენტები ჩამოქცეული კონქისა და აფსიდის კედლების მოზრდილი ქვების ქვეშაც გაირჩეოდა (დიმიტრი გორდეევს წმ. პავლეს ფიგურის განმარტებითი წარწერა უნახავს: ႮႠႥႪႤ პავლე).

 

დარბაზი

დარბაზის კედელ-კამარაზე წარმოდგენილი იყო საუფლო დღესასწაულთა ციკლის სცენათა რიგი, აგრეთვე წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლის ეპიზოდები. ეკლესიის სამხრეთი ნახევრის ჩამორღვევის გამო გასული საუკუნის პირველ ნახევარში დარჩენილი იყო კამარის ჩრდილოეთ ქანობსა და ჩრდილოეთი კედლის ზედა ნაწილში გამოსახულ სცენათა ნაწილი: ზედა რეგისტრში, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ: ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმად შესვლა, ჯვარცმა, გარდამოხსნა, საფლავად დადება, ჯოჯოხეთად შთასვლა; ქვედა რეგისტრში: წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლის სამი სცენა, ქრისტეს ამაღლება, სულიწმიდის მოფენა, ღმრთისმშობლის მიძინება. ამჟამად  სცენებიდან შემორჩა მხოლოდ მცირე ნაწილი, სახელდობრ, ლაზარეს აღდგინების კომპოზიციის ფრაგმენტი ზედა რეგისტრში, ქვედა რეგისტრში კი – წმ. ლუკიანეს მიერ ირმების წველა (ႼႪႱ || ႨႰႫ[-] |||| ႪႳႩႨ || ႠႬႤ – წ(უე)ლ(ი)ს ირ(ე)მ[ს] ლუკიანე), ირმები  წმ. დავითისა და წმ. ლუკიანეს წინაშე (: ႠႵႠ ႫႥႣႤႱ ႨႰႫႬႨ ႪႲ|ႪႥႪႬႨ Ⴅ˜ႸႠႮ˜ႱႠႢႬ | ႣႠ ႳႹႥႱ ႪႳႩႠႬႤ ႣႧႱ Ⴐ˜ | ႸႤჀ||ႽႠႫႠ ႬႳႩႰႨ | ႤႰႧႨ :. – ქ. აქა მ(ო)ვ(ი)დეს ირ(ე)მნი ლტ(ო)ლვ(ილ)ნი ვ(ე)შაპ(ი)საგ(ა)ნ და უჩ(ი)ვ(ი)ს ლუკ(ი)ანე დ(ავი)თს რამეთუ შეჰჭამა ნუკრი ერთი), გველეშაპის დაწვა (ႠႵႠ Ⴘ˜ჀႰႨႱႾႬႠ Ⴃ˜ ႥႸႮႱႠ | ႣႠ ႣႠႨႼႠ ႠႢႦႨႱ | ႫႤႰ – აქა შ(ე)ჰრისხნა დ(ავი)თ ვ(ე)შ(ა)პსა და დაიწ(უ)ა ა(ნ)გ(ე)ლ(ოზ)ის მ(ი)ერ) მეორე რეგისტრის დასავლეთ ნახევარზე, აგრეთვე სულიწმიდის მოფენა და ამაღლება აღმოსავლეთ ნახევარზე.

დარბაზის დასავლეთი კედლის მთელ არეზე განთავსებული იყო განკითხვის დღის მრავალნაწილიანი კომპოზიცია – მისგან დარჩენილია ცალკეული გამოსახულებები, სახელდობრ, აღსაყდრებული მოციქულების ფიგურები კომპოზიციის ზედა მონაკვეთში და ჯოჯოხეთის ტანჯვის ეპიზოდები სცენის მარჯვენა მონაკვეთში.

დარბაზის ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნახევარზე, ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია საქტიტორო კომპოზიცია. იგი ეკლესიის დარბაზიდან სადიაკვნეში გამავალ თაღოვან ღიობსა და დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ კუთხეს შორის  არსებულ ვრცელ მონაკვეთზეა განაწილებული.

მრავალფიგურიანი საქტიტორო რიგი ორ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფში სამი ფიგურა ერთიანდება, ხოლო მეორეში – ოთხი. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან წითელი ფერის შვეული ხაზით გაუმიჯნავთ.

პირველ ჯგუფში გაერთიანებული ყველა პირი გვირგვინოსანი და შარავანდმოსილია. ისინი სამი-მეოთხედით აღმოსავლეთით, საკურთხევლისკენ არიან მიმართულნი ვედრებად შემართული ხელებით. განმარტებითი წარწერა არც ერთ გამოსახულებასთან არ შემორჩენილა. სამივე გვირგვინოსნის შესამოსელი და ინსიგნიები უმაღლესი სახელისუფლო წრისადმი მათს კუთვნილებაზე მეტყველებს. ამასთანავე, მათი შესამოსელი განსხვავებულია: პირველი კაბითაა წარმოდგენილი, მეორე – გრძელი კვართით, მესამე კი აბჯარმოსილია. ჯგუფის მარჯვნივ (აღმოსავლეთით), სადიაკვნეში შესასვლელი ღიობის თაღთან, მომცრო ზომის სწორკუთხა მოჩარჩოვების ფრაგმენტები გაირჩევა. როგორც ჩანს, აქ, საქტიტორო რიგისთვის ტრადიციული სქემის შესაბამისად, მაცხოვრის, დედაღმრთისას ან რომელიმე მეოხი წმინდანის სახე იყო წარმოდგენილი.

მეორე ჯგუფში პირველი წმ. დავით გარეჯელის გამოსახულებაა (წარწერით – Ⴜ˜ Ⴃ˜ წ(მიდა)ჲ დ(ავი)თ). იგი მარცხნივ (დასავლეთით), მეორე ჯგუფის დანარჩენი ფიგურებისკენაა კურთხევით მიბრუნებული. შესაბამისად, შემდგომი ორი პირი კვლავ აღმოსავლეთით, წმ. დავითისკენ მიმართული გამოუსახავთ. ესაა მღვდელ-მონაზონის ფიგურა, რომლის საბერო კუნკულის მარცხნივ, მის გასწვრივ, არსებული წარწერა XX საუკუნის 60-იან წლებში უკვე საგრძნობლად ყოფილა დაზიანებული: [†] ႤႱႤ ႠႱ˜ႡႱ ႡႤႰႨ ႪჁ[- -] Ⴜ˜ႱႠ ႱႷ|[– – – – – – -] Ⴑ˜ [†] ესე ა(აღა)ს(რულე)ბს ბერი ლჱ[- -] წ(მიდა)სა ს(ა)ყ[დ(ა)რსა] [- – -] ს˜გ. წმ. დავითისა და მისდამი წარმდგარი სასულიერო პირის ფიგურებს შორის, კომპოზიციის ზედა კიდესთან, გამოსახულია ცის ნახევარსფეროდან გამომავალი უფლის მარჯვენა, რომელსაც სამონაზვნო კუნკული უჭირავს.

ამ ჯგუფში მესამე დიდებულის ფიგურაა. ნიშნეულია, რომ საქტიტორო რიგში მხოლოდ იგია უშარავანდოდ წარმოდგენილი. დიდებულს ხელში ორქანობა სახურავით დაბურული ცალნავიანი ეკლესია უჭირავს.

მეოთხე ფიგურა – შარავანდმოსილი სასულიერო პირი – ფრონტალურადაა გამოსახული.

ეკლესიიდან სადიაკვნეში გამავალ ღიობებს შორის მონაკვეთზე მესვეტე წმიდა მოწესეს ფრონტალური ფიგურაა გამოსახული.

 

დათარიღება

ეკლესიის ფრესკების შექმნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

გიორგი ჩუბინაშვილი ტაძრის მხატვრობის შესრულების სავარაუდო პერიოდს XI საუკუნის ახლო ხანებით განსაზღვრავდა [Георгий Чубинашвили, Пещерные монастыри Давид Гареджи.Очерк по истории искусства Грузии (Тбилиси, 1948), 80]. შალვა ამირანაშვილი მონასტრის მთავარი ეკლესიიისა და სატრაპეზოს ფრესკებს X საუკუნეს აკუთვნებდა [Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 50-2]. გურამ აბრამიშვილი მოხატულობას 983 წლით ათარიღებდა. ეს დათარიღება ზემოთ მოხმობილი, ძალზე ფრაგმენტული, საქტიტორო წარწერის მისეულ აღდგენა-ინტერპრეტაციას ემყარება. შესაბამისად, აბრამიშვილის ვარაუდით, ფრესკაზე კახეთის სამთავროს უმაღლეს ხელისუფალთა წარმომადგენლები უნდა გამოესახათ – მხატვრობის მისეული დათარიღებიდან გამომდინარე, ამ რიგში პირველი ქორეპისკოპოსი დავითი (976-1010 წწ.) უნდა ყოფილიყო. კახეთის სამეფო სახლის ერთ-ერთი წარმომადგენლად სახელდება მეორე ფიგურაც; ხოლო მესამე, მისი შესამოსლის ხასიათიდან გამომდინარე, აბრამიშვილის აზრით, სამხედრო საქმესთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული [გურამ აბრამიშვილი, დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში (თბილისი, 1972), 74-7]. თინათინ ვირსალაძე მიიჩნევდა, რომ ეკლესიის ფრესკები XI საუკუნის დასაწყისში უნდა შექმნილიყო [Тинатин Вирсаладзе, “К вопросу о датировке первоначальной росписи северного придела главнаго храма монастыря Удабно”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მაცნე 6 (1968), 223-39]. ამ თვალსაზრისს იზიარებდა ანელი ვოლსკაიაც [Анели Вольская, Росписи средневековых трапезных Грузии (Тбилиси, 1974), 87-97; Анели Вольская, “Роспись пещерных монастырей Давид-Гареджи”, წიგნში: კონსტანტინე ფიცხელაური რედ., გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 139-40].

ტაძრის მოხატულობის შეჯერება ქვეყნის სხვადასახვა კუთხის, ისევე როგორც ქრისტიანული აღმოსავლეთის ცალკეულ რეგიონთა X-XI საუკუნეების სხვა ფერწერულ ანსამბლებთან ცხადყოფს, რომ მისი შექმნა უფრო XI საუკუნის პირველი ნახევრისათვის ან XI საუკუნის შუახანებისათვისაა მოსალოდნელი [Antony Eastmond, Royal Imagery in Medieval Georgia (University Park: Pennsylvania State University Press, 1998), 124ff.; Antony Eastmond, “The Cult of St. Davit Garejeli: Patronage and Iconographic Change in the Gareji Desert“, კრებულში: ზაზა სხირტლაძე რედ., სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი [გარეჯის კვლევის ცენტრის შრომები: II] (თბილისი, 2001), 220ff; Antony Eastmond, Zaza Skhirtladze, “Udabno Monastery in Georgia: Innovation, Conservation and the Reinterpretation of Medieval Art”, Iconographica VII (2008), 27-8]. შესაბამისად, ფრესკაზე გამოსახული პირებიც  დასახელებული ეპოქის კახეთის უზენაესი საერო მმართველთა შორისაა საძიებელი. ივარაუდება, რომ ფრესკაზე კახეთის სამეფოს მმართველი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელი უნდა გამოესახათ [Гаяне Алибегашвили, Светский портрет в грузинской средневековой монументальной живописи (Тбилиси, 1979), 42].

ქტიტორთა მეორე ჯგუფი, როგორც ჩანს, უშუალოდ უდაბნოს მონასტერთან და XI საუკუნის პირველ ნახევარში იქ მიმდინარე სამონასტრო აღმშენებლობასთან იყო დაკავშირებული. სავსებით შესაძლებელია, რომ წმ. დავით გარეჯელისადმი წარმდგარ ქტიტორთაგან პირველი – ღმრთისმსახური – მონასტრის წინამძღვარი იყო. სწორედ მისი უშუალო კურთხევითა და მონაწილეობით უნდა მოხატულიყო მონასტრის მთავარი ეკლესია. ამ ფიგურის შემდეგ გამოსახული დიდებული კუთხის მმართველი უნდა ყოფილიყო; როგორც ჩანს, მისი უშუალო საფასითა და ზედამდგომლობით მოხდა უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის განახლება და ფერწერით შემკობა. ამ რიგის ბოლოს შეიძლებოდა გამოესახათ წმინდანი, რომელიც მეოდაბნოეობასთან ან უშუალოდ გარეჯთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული – არ გამოირიცხება ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმ. იოანე ზედაზნელის ან სულაც წმ. დავითის ერთ-ერთი მიმდევრის, საკუთრივ უდაბნოში მკვიდრი და თავისი ღვაწლით გამორჩეული ღირსი მოწესის გამოსახულების არსებობაც.


ბიბლიოგრაფია

Дмитрий Гордеев, “Монастыри Гареджи (1919)” – გამოცემულია: ზაზა სხირტლაძე, “გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გაერთიანების მოხატულობათა სამეცნიერო კვლევის ისტორიიდან“, გელათის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე V (2019), 393-5.

Георгий Чубинашвили, Пещерные монастыри Давид Гареджи. Очерк по истории искусства Грузии (Тбилиси, 1948), 79-80.

Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 48-50.

გურამ აბრამიშვილი, “დავით გარეჯის „უდაბნოს“ მთავარი ეკლესიის საქტიტორო წარწერა“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე 3 (1962), 295-303.

გურამ აბრამიშვილი, “ატენის სიონის რელიეფი“, საბჭოთა ხელოვნება 9 (1965), 66-71.

Тинатин Вирсаладзе, “К вопросу о датировке первоначальной росписи северного придела главнаго храма монастыря Удабно”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მაცნე 6 (1968), 223-39.

გურამ აბრამიშვილი, დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში (თბილისი, 1972), 63-90.

Анели Вольская, Росписи средневековых трапезных Грузии (Тбилиси, 1974), 76-9, 87-97.

Гаяне Алибегашвили, Светский портрет в грузинской средневековой монументальной живописи (Тбилиси, 1979), 41-2, 44, рис. 6.

Анели Вольская, “Роспись пещерных монастырей Давид-Гареджи”, წიგნში: კონსტანტინე ფიცხელაური რედ., გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 139-40.

Antony Eastmond, Royal Imagery in Medieval Georgia (University Park: Pennsylvania State University Press, 1998), 56-8, Fig. 35-7.

Antony Eastmond, “The Cult of St. Davit Garejeli: Patronage and Iconographic Change in the Gareji Desert“, კრებულში: ზაზა სხირტლაძე რედ., სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი [გარეჯის კვლევის ცენტრის შრომები: II] (თბილისი, 2001), 220-39.

ზაზა სხირტლაძე, ენტონი ისტმონდი, “წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის სადიაკვნეს მოხატულობაში: ახალი მონაცემები და დაკვირვებები“, საქართველოს სიძველენი 2 (2002), 28-49.

Antony Eastmond, Zaza Skhirtladze, “Udabno Monastery in Georgia: Innovation, Conservation and the Reinterpretation of Medieval Art”, Iconographica VII (2008), 23-43.

ანელი ვოლსკაია, დიმიტრი თუმანიშვილი, მარინე ბულია, დავითგარეჯის მონასტრები: ლავრა, უდაბნო (თბილისი, 2008), 68-79.