ზემო კრიხი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობა.
პირველი ფენა
ნაგებობა: | ზემო კრიხი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | პირველი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | X საუკუნის მეორე ნახევარი |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
ეკლესიის ინტერიერში თავდაპირველად მხატვრობა ამკობდა მხოლოდ საკურთხეველს და, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ კედელს. იგი, მოწითალო-ნარინჯისფერი და ღია რუხი ფერებით უბათქაშოდ შეღებილ კვეთილ ორნამენტთან (მცენარეულ და გეომეტრიულ სახეებთან) და ზოომორფულ რელიეფურ სახეებთან ერთად ქმნიდა ანიკონურ დეკორს.
სატრიუმფო თაღის ჩრდილოეთი პილიასტრის მთელ სიგანზე (მეორე ფენის მხატვრობაში გამოსახული წმ. ეკატერინეს ფიგურის მიმდებარე მონაკვეთზე) რუხი ფერის ფონზე, წვრილი შავი კონტურით შესრულებული იყო ქსოვილის იმიტაცია – მოტივი ფარშევანგებითა და ორნამენტებით (ამ გამოსახულებებს ფარავდა მოხატულობის მეორე ფენის კიბისებრი ორნამენტის ფრიზი), რომლებიც მოხატულობის დაღუპვის გამო, არსებითი მნიშვნელობისაა მხატვრობის ამ ფენის თინათინ ვირსალაძისეული აღწერა: მეორე ფენის მოხატულობის ქვემოდან შემომსაზღვრავი ტიხრული ორნამენტის ქვეშ, სათანადო განათებისას, გაირჩეოდა ფრინველთა – ფარშავანგების – ნაცრისფერ ფონზე ფაქიზი ნახატით შესრულებული მინიატურული გამოსახულებები. იმ მონაკვეთზე, რომელიც მეორე ფენის ნალესობისაგან იყო გაშიშვლებული, გაირჩეოდა ფარშავანგის მომცრო გამოსახულება, ფართოდ გაშლილი ფრთებითა და მარჯვნივ მოტრიალებული ნისკარტით. ფარშავანგის ფრთები, ბოლო და ფრთის წვერები ზედა ფენის წითელი საღებავით ყოფილა დაფარული. მარცხნივ, ფარშავანგის გაშლილი ფრთის ზურგზე გამოსახული იყო დედალი ფარშავანგი, რომელიც მარცხნივ ყოფილა მიმართული. მის ზურგზე იჯდა საწინააღმდეგო მხარეს შებრუნებული ბარტყი, რომელსაც ერთი ფრთა ჰქონია გაშლილი; ეს ფიგურები გაცილებით მცირე იყო მამლის გამოსახულებაზე. მარჯვნივ შესამჩნევი ყოფილა ნახატის ხასიათით განსხვავებული ჯგუფი ან, შესაძლოა, ფარშავანგის მარაოსებრ გაშლილი ბოლოს ხაზები.
ტიხრული ორნამენტის ქვეშ მოჩანდა კიდევ ერთი კომპოზიცია, რომელიც, სავარაუდოდ, სვეტის ორსავე მხარეს წარმოდგენილი, პროფილში მდგომი ფარშევანგების წყვილს გამოსახავდა. სვეტის ზედა ნაწილი, ისევე როგორც ფარშავანგთა თავები და მარაოსებრ გაშლილი ბოლოების ზედა ნაწილები მეორე ფენის მხატვრობას დაუფარავს. ფრინველების წვრილი, თითქმის გამჭვირვალე გამოსახულებები შავი საღებავით, კალმისებრი იარაღით დაუტანიათ რუხ ფონზე.
ივარაუდება, რომ ფარშავანგთა ზედა წყვილს შორის განთავსებული, ფერწერის ზედა ფენით ნაწილობრივ დაფარული სვეტი შეიძლება იყოს ხის ღერო ან ჯვრის ქვედა მკლავი. არ არის გამორიცხული, რომ ანალოგიური სახის კომპოზიცია საკურთხეველთან მიმდებარე მეორე, სამხრეთ პილასტრსაც ამკობდა.
ბიბლიოგრაფია
Тинатин Вирсаладзе, “Фресковая роспись в церкви Архангелов села Земо Крихи”, Ars Georgica 6-A (1963), 157-63, рис. 7 = eadem, Грузинская средневековая монументальная живопись: избранные труды (Тбилиси, 2007), 84-91, ჩანახატი გვ. 91-ზე.
Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 13.
ზაზა სხირტლაძე, “საქართველოში ანიკონურ მოხატულობათა არსებობის პრობლემისათვის“, ხელოვნებათმცოდნეობა 6 (2005), 198.