1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. იფრარი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის...

იფრარი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის
მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: იფრარი, წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია ("თარინგზელ“)
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: 1096 წ.
ქტიტორ(ებ)ი: ადგილობრივი თემი/ჴევი
ოსტატ(ებ)ი: მეფის მხატვარი თევდორე
ნაგებობა გალერეა

წარწერა

ქტიტორ(ებ)ის

ასომთავრული წარწერა შესრულებულია კანკელის ანტაბლემენტზე, ორ სტრიქონად:

Ⴕ. ႱႠႾႪႨႧႠ ႶႧႨႱႠჂႧႠ ႫႭႨႾႠႲႠ ႣႠ ႸႤႨႫႩႭ ႼႫႨႣႠჂ ႤႱႤ ႤႩႪႤႱႨ[- -] […] ႠႫႨႱ ჄႤႥႨႱႠ : ႷႧႠ [-] ႣႣႧႠ ႣႠ ႫႺႰႧႠ : ႸႥႪႧႠ ႣႠ ႫႭႫႠႥႪႧႠ ႫႠႧႧႠ ႣႠ ႱႪႱႠ ႫႺႥႪႡႪႧႠ ႫႧႨႱႠ ႼႫႣႬႭ ႫႧႥႰႠႬႢႪႦႬႭ ႸႬ ႭႰႨႧႠႥႤ ႺႾႭႰႤႡႨႧႠ ႠႬ | ႫႭ[- – – – – – – -]ႫႧႢႬႧႠ ႼႤႪႧႠ ႾჄ ႵႰႬႨႩႬႱႠ  ႲႨႥ ჄႤႪႨႧႠ ႧႤ ႫႤႴႨႱႠ ႫႾႲႥႰႱႠႨႧႠ. ႼႬႭ ႫႧႥႰ[- -]ႢႪႦႬႭ ႸႤႧ – ქ. სახ()ლითა (მრ)თისაჲთა, მოიხატა და შეიმკო წმიდაჲ ესე ეკლესი[აჲ] […] ამის ჴევისა: (ოვე)თა [-] ()დთა და მც()()თა: შვ()ლთა და მომავ()ლთა მათთა და ()()სა ()ცვ()()()ლთა ()თისა; წმ()()ნო მთ()()რანგ()()ზნო, (ეიწყალ)ენ ორითავე ცხორებითა, (მე). მო[იხატა ()()()]()თგ()ნთა წელთა ხჴ, ქრ()ნიკ()ნსა  ტივ ჴელითა (ევდორ) მეფისა მხ()ტვრ()საითა. (მიდა)ნო მთ()()[ან]()()ზნო (ეიწყალ)ეთ (სვანეთის წერილობითი ძეგლები (X-XVIII სს.), II, ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ (თბილისი, 1988), 70-1).

 

ოსტატ(ებ)ის

იგივე


აღწერა

პირველი ფენის მხატვრობა შემორჩენილია ეკლესიის მთელ ინტერიერში – კედელ-კამარასა და კანკელზე. როგორც საკურთხეველში, ისევე დარბაზში, მხატვრობა ორ რეგისტრადაა განაწილებული.

 

საკურთხეველი

კონქში ვედრების სცენის მოკლე სახესხვაობაა წარმოდგენილი – მაცხოვრის, აგრეთვე, მისადმი ვედრებად მიმართული ღმრთისმშობლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის ნახევარფიგურებით. ქრისტეს მარცხენა ხელში გაშლილი წიგნი უჭირავს, რომელზეც ერთ დროს არსებული წარწერიდან მხოლოდ ფრაგმენტი შემორჩა ([…]Ⴂ […]ႺႰႤႡ – […]გ […]ცრებ (იოანე 8:12)), მეორე ხელი კი მაკურთხეველია.

მეორე რეგისტრში, სარკმლის ორივე მხარეს, წმინდანთა ორ-ორი ფიგურაა; სარკმლის სამხრეთით, სრული ტანით წარმოდგენილი წმინდანი, სავარაუდოდ, მოციქულია (გამოსახულება თითქმის აღარ გაირჩევა), მის გვერდით მღვდელმთავრის ნახევარფიგურაა (იხილვება მხოლოდ წიგნი); სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახული წმინდანიც, სავარაუდოდ, მოციქულია, მის გვერდით წმ. ბასილი დიდის ნახევარფიგურაა (Ⴜ˜Ⴢ – წ(მიდა)ჲ). ეკლესიის მამათა ფიგურების გვერდით, აფსიდის კიდეებზე, ორივე მხარეს, შანდალში დანთებული კელაპტრებია გამოსახული.

მოხატულობის კვალი გაირჩევა ტრაპეზზეც.

 

კანკელი

სამმალიან კანკელზე, თაღებს შორის ოთხი წმინდანის ფრონტალური ნახევარფიგურაა წარმოდგენილი: აღსავლის კარის სამხრეთით – წმ. კვირიკე (Ⴜ˜Ⴢ | ႩႤ წ(მიდა)ჲ კ(ვირიკ)ე) და წმ. ივლიტა (Ⴜ˜Ⴢ | ႨႥႪႨႲႠ წ(მიდა)ჲ ივლიტა) ჯვრით ხელში არიან გამოსახულნი; ჩრდილოეთით – წმ. სტეფანე (Ⴜ˜Ⴢ | ႱႲႤႴ˜ႬႤ წ(მიდა)ჲ სტეფ(ა)ნე) საცეცხლურითა და სანაწილით, მის გვერდით – წმ. დემეტრეც (Ⴜ˜Ⴢ | ႣႤႫႤႲႰႤ წ(მიდა)ჲ დემეტრე) ჯვრითაა წარმოდგენილი. კუთხეებში კელაპტრებია (მსგავსია საკურთხევლისა). კანკელის ანტაბლემენტს მთელ სიგრძეზე გაუყვება საქტიტორო წარწერა, სადაც ეკლესიის მომხატავი – მეფის მხატვარი თევდორეც იხსენიება (წარწერა იხ. ზემოთ).

 

დარბაზი

სამხრეთი კედლის პირველ რეგისტრში, კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთზე მთავარანგელოზის ფრონტალური, მთლიანი ფიგურაა, ხელში სფეროთი და ლაბარუმით; კამარის დასავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია მაცხოვრის შობის (ႡႧႪႫႨ : Ⴕ : Ⴍ – ბ(ე)თლ(ე)მი, ქ(რისტე) უ(ფალი)) კომპოზიცია. ქვედა რეგისტრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე ჩვილედი ღმრთისმშობელი (ႣႣႠჂ | ႶႧ˜ႱႠჂ დედაჲ ღმრთისაჲ) მისივე მშობელთან, წმ. ანასთან (Ⴜ˜Ⴢ ႠႬႠ | ႣႣႠჂ ႼႣႱႠ || ႶႧႱႫႸႡႤႪႠჂ – წ(მიდა)ჲ ანა, დ(ე)დაჲ წ(მი)დ(ი)სა ღ(მრ)თ(ი)სმშ(ო)ბელ(ისა)ჲ) ერთადაა გამოსახული. ორივე ფიგურა ფრონტალურად, სრული ტანითაა წარმოდგენილი. კედლის დასავლეთ მონაკვეთზე გველეშაპის მლახვრელი ცხენოსანი მხედარია – წმ. თეოდორე (Ⴜ˜Ⴢ | ႧႤ – წ(მიდა)ჲ თ(ევდორ)).

ჩრდილოეთი კედლის კამარაზეც იგივე თანმიმდევრობით მთავარანგელოზის ფიგურა და საუფლო სცენაა გამოსახული; მთავარანგელოზი სრული ტანით, ფრონტალურად არის წარმოდგენილი, ხელში იგივე ინსიგნიებით (ლაბარიუმი, სფერო). მის გვერდით გამოსახულია ნათლისღება. მეორე რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში წმ. მთავარანგელოზის მიქაელ ისუ ნავესადმი გამოცხადების სცენაა – გამოსახულია ფრონტალურად, სრული ტანით, მხედრის სამოსში გამოწყობილი წმ. მთავარანგელოზი განშიშვლებული მახვილით ხელში, მის ფეხებთან კი წმ. მართალი ისუ ნავეა მუხლმოყრილი (ႫႧ˜ႥႰႠႬ˜ႢႪႦႨ: ႫႵ˜Ⴊ ႢႠႫႭႳႹႬႣႠ: ႨႱႳ Ⴌ˜ႠႥႤႱႠ ჀႫႱႠ Ⴘ˜ႬႠ: ႰႯ˜ႫႱ ႫႭႱႰႬႠ Ⴜ˜ႰႫႰႧႬႨ – მთ(ა)ვ(ა)რანგ(ე)ლ(ო)ზი მ(ი)ქ(ე)ლ გამოუჩნდა ისუ ნავესა ჰ(ო)მსა შ(ი)ნა რ(ა)ჟ(ა)მს მოსრნა წ(ა)რმ(ა)რთნი). კედლის დასავლეთ მონაკვეთზე გამოსახულია ცხენოსანი წმ. გიორგი (Ⴜ˜Ⴢ | ႢႨ – წ(მიდა)ჲ გ(იორგ)ი), რომელიც დიოკლიტიანეს ლახვრავს.

დასავლეთ კედელზე, ზედა რეგისტრში, ხარება (ႾႠ[-]ႤႡႠჂ – ხა[რ]ებაჲ) სარკმლის ორივე მხარესაა განაწილებული (წმ. მთავარანგელოზ გაბრიელის ფიგურასთან: ႢႡ – გ(ა)ბ(რიელ)). ქვედა რიგში გამოსახულია წმ. მოწამე დედების მთლიანი, ფრონტალური ფიგურები ჯვრებით ხელში: შესასვლელი კარის სამხრეთით მანდილით და ყელზე მოხვეული კუბასტით წმ. ბარბარეა (Ⴜ˜Ⴢ | ႡႠႰႡႠႰႠ – წ(მიდა)ჲ ბარბარა), ჩრდილოეთით – წმ. ეკატერინეს (Ⴜ˜Ⴢ | ႤႩႩႠႲႤႰႨႬႤ – წ(მიდა)ჲ ეკატერინე) გვირგვინოსანი გამოსახულებაა.


ბიბლიოგრაფია

Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 134-8.

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Роспись художника Тевдоре в верхней Сванети (Тбилиси, 1966), 8-31.

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Живописная школа Сванети (Тбилиси, 1983), 33-55.

Рене Шмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой Грузии (Тбилиси, 1962), 246.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება). გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 44-6.

მარინე ყენია, “სიტყვისა და გამოსახულების მიმართების საკითხისთვის ქართულ მოხატულობებში (იფრარის მხატვრობის მაგალითზე)“, საქართველოს სიძველენი 4-5 (2003), 147-63.