1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. იშხანი, წმ. მოციქულთა საკათედრო...

იშხანი, წმ. მოციქულთა საკათედრო ტაძრის მოხატულობა

ნაგებობა: იშხანი, წმ. მოციქულთა საკათედრო ტაძარი
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: 1032 წ.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

მთავარეპისკოპოს ანტონ იშხნელის საქტიტორო წარწერები შესრულებულია ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთი კედლის ფასადზე; იგი განაწილებულია სამხრეთი კარის ტიმპანზე, ამ კარის თავზე გაჭრილი სარკმლის ირგვლივ და ამ კედლისვე კარნიზის ქვეშ. მათგან მთავარი წარწერა დასავლეთი მკლავის სამხრეთი კედლის ფასადის შუა სარკმლის ირგვლივ ნაწილდება: Ⴕ. ႱႾႪႨႧႠ ႶჂႧႠ ႫႤ | ႠႲႬႨ ႨႸႾႪ ႫႧႥႰႤႮႩႱႫႬ ႢႥႾႪႤ ႣႠ ႢႬႥႱႰ|ႪႤ ႼჂ ႤႱႤ ႲႻႰႨ ႶჂ ႩႧႪႩႤ ႤႩႪ˜ႱჂ|ႱႠႣႡ˜ႪႣ Ⴁ˜ႢႲ ႩႮ˜ႪႲႱႠ|ႱႪႺႥႪႣ ႣႠ ႱჄ˜ႱႡႪႣ|Ⴑ˜ႪႱႠ ႹႤႫႨႱႠ ႣႠ|ႺႣႥ˜ႧႠ ႹႤႫႧႠ|Ⴘ~ႬႣႡႨႱႠႧჃႱ |ႵႰ˜ႩႬႱႠ: ႱႬႡ | ႣႠ Ⴅ˜ႸႬႤ  ჄႤႪႨႧႠ Ⴈ|ႥႬႤ ႫႭႰႹႠჂႱႻႨ|ႱႠჂႧႠ – ქ(რისტე). ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრთისა)ჲთა მე, ა(ნ)ტ(ო)ნი იშხ(ნე)ლ მთ(ა)ვ(არ)ეპ(ის)კ(ოპო)სმ(ა)ნ, გ(ან)ვ(აა)ხლე და გ(ა)ნვ(ა)სრ(უ)ლე წ(მიდა)ჲ ესე ტ(ა)ძ(ა)რი ღ(მრთისა)ჲ კ(ა)თ(ო)ლ(ი)კე ეკლ(ე)ს(ია)ჲ სად(ი)დ(ე)ბ(ე)ლ(ა)დ ბ(ა)გ(რა)ტ კ(ურო)პ(ა)ლ(ა)ტ(ი)სა ს(ა)ლ(ო)ცვ(ე)ლ(ა)დ და ს(ა)ჴს(ენე)ბლ(ა)დ ს(უ)ლ(ი)სა ჩემისა და ც(ო)დვ(ა)თა ჩემთა შ(ე)ნდ(ო)ბისათჳს ქ(ო)რ(ონი)კ(ო)ნსა სნბ და ვ(ა)შ(ე)ნე ჴელითა ი(ო)ვ(ა)ნე მორჩაჲსძისაჲთა (ექვთიმე თაყაიშვილი, “1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“, მისივე წიგნში: თხზულებანი, 1 (თბილისი, 2018), 280-1).

 

ოსტატ(ებ)ის

აღწერა

იშხანის საკათედრო ტაძარი სრულად იყო მოხატული. ამჟამად მოხატულობა ტაძრის სხვადასხვა მონაკვეთში ფრაგმენტულადაა დაცული; ყველაზე კარგად მხატვრობა გუმბათშია შემორჩენილი.

 

გუმბათი

გუმბათის ვარკვლავებით მოფენილ კამარაში გამოსახულია ოთხი ანგელოზის მიერ ნათლის შარავანდში მოქცეული ტოლმკლავა, მოოჭვილი ჯვრის ამაღლება. კამარის ქვედა მონაკვეთში გამოსახულია ქვეყნიერების ოთხივე მხარეზე გასწორებული, მარცხნიდან მარჯვნისაკენ მიმართული ოთხი რაშებშემბული ეტლი – ისინი წინასწარმეტყველ ზაქარიას ხილვას ეფუძნება (ოთხივე მათგანს წარწერა აქვს, რომლებიც ზაქარია 6:2-3-დანაა გამოკრებილი); სამხრეთი და ჩრდილოეთი ეტლების თავზე თითო ბადროსებრი ფიგურაა გამოსახული; სამხრეთ ბადროში მზის პერსონიფიკაციაა გამოსახული, ხოლო ჩრდილოეთისაში – მთვარისა.

გუმბათის ყელი თექვსმეტი თაღითაა დანაწევრებული. თითოეული თაღის ზედა მონაკვეთში გამოსახულია თითო მედალიონი, რომლებშიც ნახევარფიგურებია ჩასმული – თექვსმეტი მედალიონის ერთობა ანგელოზთა კრების ნაირსახეობას ქმნის, რადგან ცენტრალურ მედალიონში მაცხოვარია გამოსახული, რომელიც თხუთმეტი ანგელოზის ფიგურითაა გარშემოსაზღვრული (ზოგიერთ მათგანს განმარტებითი ასომთავრული წარწერაც აქვს შერჩენილი).

მედალიონების ქვეშ გუმბათის ყელის რვა დანარჩენ (მაღალი სარკმლების გარეშე) თაღში წმიდა წინასწარმეტყველთა მთელი ტანით გამოსახული თითო ფიგურაა გამოსახული. წინასწარმეტყველებს გაშლილი გრაგნილები უკავიათ: შვიდ მათგანზე ასომთავრულით დატანილი ქართული წარწერაა, ხოლო ერთი ბერძნულია (წარწერების ტექსტების დაზუსტება ჯერ არ მომხდარა). რვავე წინასწარმეტყველის ზედატანი დაკარგულია – ისინი რვა ამოქოლილი წრიული სარკმლიდან შემავსებლის ჩამოყრას შეეწირა.

გუმბათის ყელის რვა მაღალი სარკმლის თავანები წმიდა მოწამეთა ნახევარფიგურებს უკავია (დასავლეთიდან საათის ისრის მიმართულებით: წმ. სერგი (Ⴜ˜Ⴢ || ႱႤႰႢႨႱ – წ(მიდა)ჲ სერგის), წმ. კონონი (Ⴜ˜Ⴢ || ႩႭႬႭႬ – წ(მიდა)ჲ კონონ), წმ. ფოკა (Ⴜ˜Ⴢ|| ႴႭႩႠ – წ(მიდა)ჲ ფოკა), წმ. მინა (Ⴜ˜Ⴢ || ႫႤႬႠ – წ(მიდა)ჲ მენა), წმ. ორენტი (Ⴜ˜Ⴢ || ႭႰႤႬႲႨ – წ(მიდა)ჲ ორენტი), წმ. დიმიტრი (Ⴜ˜Ⴢ || ႣႨႫႨႲႰႨ – წ(მიდა)ჲ დიმიტრი), წმ. პროკოპი (Ⴜ˜Ⴢ || ႮႰႭႩ|ႭႮႨ – წ(მიდა)ჲ პროკოპი), წმ. თევდორე (Ⴜ˜Ⴢ ||ႧႤ – წ(მიდა)ჲ თ(ევდორ)ე), ხოლო წირთხლები – წმიდა მოწამეთა მთელი ტანით წარმოდგენილ ფიგურებს (მათ განმარტებითი წარწერები აღარ შერჩათ).

მხატვრობა თითქმის სრულადაა დაკარგული გუმბათის ყელსა და აფრებს შორის არსებულ ვრცელ მონაკვეთზე – აქ მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტი გაირჩევა (როგორც ჩანს, ამ მონაკვეთს სალტესავით შემოუყვებოდა ერთ სტრიქონად განაწილებული ვრცელი ასომთავრული წარწერა – მსგავს წარწერაზე უთითებდა ექვთიმე თაყაიშვილი ოშკის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარშიც). ამ ფრაგმენტების რაობის გარკვევა ვერ ხერხდება.

 

საკურთხეველი

ტაძრის საკურთხეველში მოხატულობა სამ რეგისტრად იგებოდა. საკონქო კომპოზიციად გამოსახული იყო უფლის დიდება: კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილი იყო უხვად მოოჭვილ კვარცხლბეკიან საყდარზე დაბრძანებული მაცხოვარი, რომელიც გარშემორტყმული იყო ანგელოზთა დასებით. საკონქო კომპოზიცია მოხატულობის მეორე რეგისტრისგან მცენარეული მოტივით შექმნილი ფართო ორნამენტული ფრიზით გამოიყოფოდა – ეს ორნამენტი იკეცებოდა საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავანებზეც (თავანებს შორის, სარკმლის თაღში, ორნამენტულ ფრიზში დიდი ზომის მედალიონი იყო ჩართული).

მოხატულობის მეორე რეგისტრი წმიდა მოციქულთა რიგს ეთმობოდა. რეგისტრი საკმაოდ დანაწევრებული იყო: სამ-სამ ფიგურა ნაწილდებოდა მთავარ სარკმელსა და გვერდითა ორთაღედებს შორის; შემდგომ ორ-ორი ფიგურა ორთაღედსა და აფსიდის კიდეზე იყო გამოსახული, ხოლო ბოლო ორ-ორი ფიგურა ბემის კედლებზე იყო გატანილი. სულ ამ რეგისტრში თოთხმეტი ფიგურა უნდა ყოფილიყო გამოსახული. მათგან განმარტებითი წარწერები მხოლოდ განაპირა რვასთან გაირჩეოდა. ეს წარწერები შვეულად იყო დატანილი ქართულად ასომთავრულითა და ბერძნულად. მოხატულობის მეორე და მესამე რეგისტრი ერთმანეთისგან არცთუ ფართო გეომეტრიულ მოტივზე (სივრცული კეცილი ლენტი) აგებული ორნამენტული ფრიზით იმიჯნებოდა.

მოხატულობის მესამე რეგისტრი წმიდა მღდელმთავართა რიგს ეკავა: იგი შედგებოდა ფრონტალურად წარმოდგენილი თოთხმეტი ფიგურისაგან; მათგან დღეს გაირჩევა მხოლოდ აფსიდის ჩრდილოეთი კედლის მარჯვნიდან მეორე ფიგურა – მას ხელში გაშლილი კოდექსი უკავია, რომელზეც ასომთავრულითაა ტექსტი დატანილი (ტექსტი გაიგივებული არ ყოფილა). ეკლესიის მამათა რიგის გასწვრივ, ბემის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე საკურთხევლის აფსიდიდან გვერდით გამავალი თაღების თავზე თითო მედალიონი იყო გამოსახული; მათგან უკეთ გაირჩეოდა სამხრეთი ფიგურა – აქ წმ. დედა იყო წარმოდგენილი (ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით – წმ. ნანა დედოფალი). ამ მედალიონს მარჯვნიდან რვასტრიქონიანი ასომთავრული წარწერა დაუყვებოდა. ჩრდილოეთ კედელზე არსებული მედალიონი ადრევე დაკარგულა (ექვთიმე თაყაიშვილი აქ სომხეთის დედოფალ ახშენის გამოსახულებას ვარაუდობდა); ამ მედალიონს მარცხნიდან შვიდსტრიქონიანი სომხური წარწერა დაუყვებოდა.

 

დარბაზი

ტაძრის დარბაზში მოხატულობა, კედლების მიხედვით, სხვადასხვა რაოდენობის რეგისტრებად იგებოდა.

სამხრეთ მკლავში მოხატულობა ოთხ რეგისტრად იგებოდა. პირველი რეგისტრი მკლავის სამხრეთი კედლის ლიუნეტს მოიცავდა, მეორე – მონაკვეთს მრგვალ სარკმელსა და მკლავის მთავარი სარკმლის თავანს შორის (ამ სარკმლის თაღში მედალიონში მოქცეული ეკლესიის პერსონიფიკაციაა; თითო ფიგურა იქნებოდა გამოსახული სარკმლის თავანებზე); მესამე – მკლავის მთავარი სარკმლისა თაღსა და მეორე სარკმლის (ამ სარკმლის თაღში უცნობი წმიდანის ნახევარფიგურა იყო გამოსახული) ქვედა კიდეს შორის მონაკვეთს; მეოთხე – მეორე სარკმლის ქვემოთ არსებულ მონაკვეთს. მკლავის აღმოსავლეთ კედელზე, მეორე სართულის ორთაღედის თაღოვან პირზე გამოსახულია მოციქულებისადმი მაცხოვრის აღდგომის უწყების სცენა, ორთაღედის ქვემოთ გამოსახული იყო ღმრთისმშობლის მიძინება.

ჩრდილოეთ მკლავში მოხატულობა ხუთ რეგისტრად იგებოდა. პირველი რეგისტრი მკლავის სამხრეთი კედლის ლიუნეტს მოიცავდა, მეორე – მონაკვეთს ლიუნეტის ქვედა კიდესა და მკლავის მეორე სარკმლის თავანს შორის; მესამე – მკლავის მეორე სარკმლის სიგანისა იყო; მეოთხე – ჯვარცმის სცენის სიგანისა; მეხუთე – 1155 წელს დაამატა მთავარეპისკოპოსმა ეგნატე იშხნელმა; ეს რეგისტრი ცალკეული წმიდანთა ფრონტალურ ფიგურებსა და მრავალსტრიქონიან ასომთავრულ წარწერას შეიცავდა. მკლავის კამარის აღმოსავლეთ ფერდზე წარმოდგენილი იყო ხარება; სამხრეთი კედლის ლიუნეტში – შობა; ხარების ქვემოთ – მირქმა. მირქმის ქვეშ კიდევ ერთი სცენა იყო წარმოდგენილი, რომლის ქვემოთაც ორთაღედის თაღოვან პირზე ეგვიპტედ ლტოლვა იყო გამოსახული. ორთაღედის ქვემოთ კი – ჯვარცმა. შობის სცენის ჩამოსწვრივ  რამდენიმე სცენა ყოფილა წარმოდგენილი; მოხატულობის მეოთხე რეგისტრი მთელი მკლავის სიგანზე ეკავა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, რომელიც, როგორც ჩანს, მკლავის დასავლეთი კედლიდან იწყებოდა.

დასავლეთი მკლავში მეჩეთის გამართვის გამო ფრესკები ძლიერაა დაზიანებული. მკლავის კამარისა და კედლების ზედა მონაკვეთების მხატვრობა სრულადაა დაკარგული. გაირჩევა ზოგიერთი სარკმლის თავანების მამკობი ორნამენტული მოტივები; მხატვრობა აქვს შერჩენილი დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლებზე შიდა თაღნარის პირებს – მრავალრიცხოვანი ორნამენტული მოტივების სახით (მათგან ზოგიერთში თითო ფიგურის გამოსახულებაც გაირჩევა; მაგალითად, სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ თაღში წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ფრონტალური გამოსახულებაა; ასეთივე ფრონტალური ფიგურა გაირჩევა ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ თაღშიც). ცალკეული წმიდანთა გამოსახულებები შემორცა პილასტრებზეც. მკლავის დასავლეთი კედლის ზედა მონაკვეთზე ფიგურათა ჯგუფები შემორჩენილი, რომლებიდანაც მხოლოდ თავების ნაწილები გაირჩევა; ისინი განკითხვის დღის კომპოზიციის ნაწილად მოაზრება. დასავლეთი კედლის ქვედა მონაკვეთზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო  საქტიტორო რიგი.

დასავლეთი კარიბჭე, რომელიც დასავლეთი კარის წინ იყო გამართული, როგორც ჩანს, მოხატული უნდა ყოფილიყო. ამ კარიბჭის სფეროსებრი კამარის ჩრდილო–აღმოსავლეთ არეზე წარმოდგენილია სამი ყრმა ცეცხლის სახმილავში.

 

დათარიღება

საკათედრო ტაძრის მოხატულობის ფრაგმენტების შესახებ მრავალჯერ დაწერილა, თუმცა მისი საგანგებო და ზედმიწევნითი კვლევა სამომავლო საქმედ რჩება.  ექვთიმე თაყაიშვილი ტაძრის მოხატვის ძირითად ეტაპს დასავლეთი მკლავის საქტიტორო პორტრეტის მიხედვით 966 წლამდე ვარაუდობდა (Евфимий Такайшвили, Археологическая экспедиция 1917-го года в  южные провинции Грузии (Тбилиси, 1952), 33-9; ექვთიმე თაყაიშვილი, 1917 წლის ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში (თბილისი, 1960), 18-24; გადაბეჭდილია – ექვთიმე თაყაიშვილი, 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“, მისივე წიგნში: თხზულებანი 1 (თბილისი, 2018), 293-4); შალვა ამირანაშვილი ტაძრის გუმბათის მოხატულობას IX საუკუნისად მიიჩნევდა (Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 105-7); ნიკოლ და ჟან-მიშელ ტიერები ტაძრის მოხატვას რამდენიმე ეტაპად, 958/66-1032 წლებს შორის ვარაუდობენ (Nicole et Jean-Michel Thierry, “Peintures du Xe siècle en Géorgie méridionale et leurs rapports avec la peinture byzantine d’Asie Mineure Thierry”, Cahiers Archéologiques XXIV (1975), 86-113 = Nicole Thierry, Peintures d’Asie Mineure et de Transcaucasie au Xe et XIe s. (London, 1977), chap. V). თინათინ ვირსალაძე ვარაუდობდა, რომ ტაძრის მხატვრობა ერთ ეტაპად არის შესრულებული (ეგნატე იშხნელის ჩანართის გარდა) და იგი იშხნელი მთავარეპისკოპოსის, ანტონის დაკვეთას უნდა წარმოადგენდეს; მოხატულობა ტაძრის პერანგის გადამოსვის კვალად, 1032 წლისათვის, უნდა დაესრულებინათ (თინათინ ვირსალაძე, “იშხნის ტაძრის მოხატულობის დათარიღებისათვის“, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXVII სამეცნიერო სესია, მოხსენებათა თეზისები (თბილისი, 1981), 18-22; თინათინ ვირსალაძე, “X-XI საუკუნეების ზოგიერთი ტაო-კლარჯული მოხატულობა“, მისივე წიგნში: ქართული მხატვრობის ისტორიიდან (თბილისი, 2007), 48-103) – ეს მოსაზრება ამჟამად საზოგადოდაა გავრცელებული; მოხატულობას სხვადასხვა პერიოდში შესრულებულად მიიჩნევს ეკატერინე პრივალოვაც – მისი აზრით, ფრესკების ძირითადი ნაწილი 1032 წლის განახლებების შემდგომ, ხოლო მეორე ნაწილი – XI საუკუნის მოგვიანო პერიოდში და XII საუკუნეში უნდა შეესრულებინათ (Ekaterine Privalova, “Notes on the Murals of Tao-Klardjeti (X–XIII cc.)“, კრებულში: γιον ρος: ΦύσηΛατρείαΤέχνη II (Θεσσαλονίκη, 2001), 68-70); მარიამ დიდებულიძის ნარკვევში მხატვრობის შექმნის ეტაპებად სახელდება  X საუკუნის მიწურული, XI საუკუნის დასაწყისი, XII საუკუნის პირველი ნახევარი (მარიამ დიდებულიძე, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში“, საქართველოს სიძველენი 19 (2016), 51).

იშხანის საკათედრო ტაძრის მოხატულობის ეტაპების დაზუსტება სამომავლო საქმედ რჩება. სამწუხაროდ, 2013 წელს თურქი რესტავრატორების მიერ ტაძრის მხატვრობა საგრძნობლად დაზიანდა – აქტიურმა ჩარევის გამო ბევრი რამ სამუდამოდ დაიკარგა. იშხანის საკათედრო ტაძრის მოხატულობის კვლევა დიდწილად უნდა დაეფუძნოს ექვთიმე თაყაიშვილისა და ნიკოლაი ოკუნევის ექსპედიციათა (ორივე – 1917 წელს) მდიდარ ფოტომასალას, რომელმაც, მოხატულობის საგრძნობი დაზიანების კვალად, პირველწყაროს მნიშვნელობა მიიღო.


ბიბლიოგრაფია

Евфимий Такайшвили, Археологическая экспедиция 1917-го года в южные провинции Грузии (Тбилиси, 1952), 33-9.

ექვთიმე თაყაიშვილი, 1917 წლის ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში (თბილისი, 1960), 18-24.

Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 105-7.

თინათინ ვირსალაძე, იშხნის ტაძრის მოხატულობის დათარიღებისათვის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXVII სამეცნიერო სესია, მოხსენებათა თეზისები (თბილისი, 1981), 18-22.

Ekaterine Privalova, “Notes on the Murals of Tao-Klardjeti (X–XIII cc.)“, კრებულში: γιον ρος: ΦύσηΛατρείαΤέχνη II (Θεσσαλονίκη, 2001), 68-70, აგრეთვე, eadem,  “ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობების შესახებ“, წიგნში: ვალერი ასათიანი რედ., ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (თბილისი, 2013), 739-40.

თინათინ ვირსალაძე, “X-XI საუკუნეების ზოგიერთი ტაო-კლარჯული მოხატულობა“, მისივე წიგნში: ქართული მხატვრობის ისტორიიდან (თბილისი, 2007), 48-103.

მარიამ დიდებულიძე, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში“, საქართველოს სიძველენი 19 (2016), 41-2.

ექვთიმე თაყაიშვილი, “1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“, მისივე წიგნში: თხზულებანი 1 (თბილისი, 2018), 290-8.

ნანა ბურჭულაძე, “[ტაო-კლარჯეთის] კედლის მხატვრობა“, წიგნში: ბუბა კუდავა რედ., ტაო-კლარჯეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი (თბილისი, 2018), 431-2.

Анна Захарова, Светлана Мальцева, “Новые данные о росписях X-XI вв. в Тао-Кларджети по материалам экспедиции Н. Л. Окунева 1917 г.”, Византийский Временник 102 (2018), 288-317.

Анна Захарова, “Росписи Ишханского собора и византийское искусство X-XI вв.”, in Zaruhi Hakobyan, Nazenie Garibian, Arpine Asryan eds, Historical Tayk’. History, Culture, Confession. Collected Papers (Yerevan, 2019), 366-87.

ნატალია ტურაბელიძე, “უცნობი გამოსახულება იშხანის საკათედრო ტაძრის გუმბათის მოხატულობაში“, ძველი ხელოვნება დღეს 10 (2019), 38-42.