1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. კატაულას წმ. გიორგის ეკლესიის...

კატაულას წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: კატაულას წმ. გიორგის ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის მიწურული
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ამჟამად ტაძრის ინტერიერში მოხატულობის ფრაგმენტები ტაძრის საკურთხეველში გაირჩევა. სამეკლესიანი ბაზილიკის შუა ნავის ინტერიერიდან მოხატული უნდა ყოფილიყო მხოლოდ საკურთხევლის აფსიდი.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში მოხატულობა ორ რეგისტრად იგება.

კონქში წარმოდგენილი იყო უფლის დიდება, გამოსახულია მდიდრულ კვარცხლბეკიან საყდარზე დაბრძანებული მაცხოვარი ორნამენტული არშიებით შემოსაზღვრულ წრიულ მანდორლაში.

საკურთხევლის მოხატულობის მეორე რეგისტრი საკონქო გამოსახულებისაგან იმიჯნება მაცხოვრის მანდორლის ორნამენტული არშიით (ორნამენტული ფრიზი სტილიზებულ მცენარეულ და გეომეტრიულ სახეებს შეიცავს). რეგისტრს ორ ნაწილად ჰყოფს საკურთხევლის სარკმელი (მის თავანები მცენარეული სახის შემცველი ორნამენტითაა შევსებული), რომელიც დამატებით მოჩარჩოებულია კეცილი ორნამენტით.

სარკმლის მარცხნივ წარმოდგენილია მავედრებელი ღმრთისმშობლის გამოსახულება (ႣჂ ႶჂ დ(ედა)ჲ ღ(მრთისა)ჲ). სარკმლის მარჯვნივ მავედრებელი წმ. იოანე ნათლისმცემლის დაზიანებული ფიგურა გაირჩევა.

ღმრთისმშობლისა და წმ. იოანე წინამორბედის ფიგურათა გვერდით, აფსიდის კიდეებზე, ლოროსით მოსილი თითო განმადიდებელი ანგელოზის ფიგურაა გამოსახული (უკეთესად გაირჩევა აფსიდის ჩრდილოეთ კედელზე წარმოდგენილი ფიგურა).

საკურთხევლის მთელ კომპოზიციას შემოუყვება და აჩარჩოვებს კეცილი ორნამენტის ფართო ფრიზი.


ბიბლიოგრაფია

Екатерина Привалова, Роспись Тимотесубани (Тбилиси, 1980), 160 (прим. 33).

მზია მგალობლიშვილი, “კატაულას წმ. გიორგის ეკლესია“, წიგნში: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა 5 (თბილისი, 1990), 168.

ზაზა სხირტლაძე, ოთხთა ეკლესიის ფრესკები (თბილისი, 2009), 111-2, სურ 110.