ლიხნე, ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის
მოხატულობა. პირველი ფენა
ნაგებობა: | ლიხნე, ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | პირველი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | X საუკუნის მიწურული ან XI საუკუნის დასაწყისი |
ქტიტორ(ებ)ი: | სავარაუდოდ, ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
პირველი ფენის მოხატულობა შემორჩა ეკლესიის სადიაკვნეში.
სამხრეთ-აღმოსავლეთი სათავსის ჩრდილოეთ კედელზე, XIV საუკუნის მეორე ნახევარში თაღნარში ფრონტალურად გამოსახულ ეკლესიის მამათა ფიგურების ქვეშ, გაირჩეოდა სივრცული გეომეტრიული და მცენარეული მოტივებით შექმნილი ფართო ორნამენტული ფრიზი. სათავსის სარკმლის ჩრდილოეთით მოჩანს შარავანდიანი, შუა ხნის შავწვერიანი მამაკაცის ფიგურა, რომელიც ჩრდილოეთით სამი-მეოთხედითაა მიმართული. სათავსის ერთადერთი სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლზე, წინა ფიგურის დონეზე გაირჩევა ხანში შესული, თეთრწვერიანი მამაკაცის ფრონტალური ფიგურა გამჭვირვალე ბადისებრი თავსაბურავით, რომელსაც მარცხნიდან შვეულად ერთვის თეთრი ფერის განმარტებითი ასომთავრული წარწერა: […] | ႦႠႵႠႰႨ – [წ(მიდა)ჲ] ზაქარი(ა).
დათარიღება
ძეგლი ამჟამად ხელმიუწვდომელია შესწავლისთვის, რაც ართულებს მის დათარიღებას; ხელმიუწვდომელი რჩება მისი ფოტოებიც. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსში ადრეული მხატვრობის ფრაგმენტებს პირველად ყურადღება ნატალია ტოლმაჩევსკაიამ მიაქცია; მისი მითითებით, ეს მხატვრობა XIV საუკუნის ფერწერაზე ადრეული უნდა ყოფილიყო, თუმცა მას არ განუსაზღვრავს კონკრეტული პერიოდი (Наталья Толмачевская, Фрески древней Грузии (Тбилиси, 1931), 21). 1970 წელს მოხატულობის ფრაგმენტების (ზემოდასახელებული ორი ფიგურისა და ორნამენტული ფრიზის) ასლები შეასრულა ტატიანა შევიაკოვამ (Татьяна Шевякова, “Находка в Лыхны”, Молодежь Грузии №47 (7287), 18.04, 1972; შდრ. ნინო ჩიხლაძე, ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი (თბილისი, 2017), ილ. 34-6); მის მიერ მოგვიანოდ გამოქვეყნებულ ალბომში ფრესკების შექმნის სავარაუდო პერიოდად X საუკუნე სახელდება (Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), реп. 104-6). ლეონიდე შერვაშიძის მონოგრაფიებში აფხაზეთის ტერიტორიაზე შემონახული კედლის მხატვრობის ძეგლების შესახებ (Леонид Шервашидзе, Некоторые средневековые стенные росписи на территории Абхазии (Тбилиси, 1971), 44-5, рис. 12, табл. XXIII; idem, Средневековая монументальная живопись в Абхазии (Тбилиси, 1980), 69, 71, 117-9, рис. 23-4, цв. табл. 41, табл. XX1) მოხატულობა დათარიღებულია ტაძრის აგების თანადროულად, X-XI საუკუნეების მიჯნით. სწორედ ეს თარიღი დაუმკვიდრდა ამის შემდგომ ლიხნეს ტაძრის სადიაკონეს პირველი ფენის მხატვრობას. ანდრეი ვინოგრადოვი და დენის ბელეცკი, წმ. ზაქარიას გამოსახულების განმარტებითი წარწერის მიხედვით, შესაძლებელად მიიჩნევენ მოხატულობის შექმნას ამჟამად მიღებულ დროით მონაკვეთთან შედარებით უფრო მოგვიანო პერიოდში (Андрей Виноградов, Денис Белецкий, Церковная архитектура Абхазии в эпоху Абхазского царства. Конец VIII–X в., 202 (прим. 564)).
წმ. ზაქარაიას ფიგურის წარწერის პალეოგრაფია X საუკუნის მეორე ნახევარსა და XI საუკუნის დამდეგზე უნდა მიუთითებდეს; მეტიც, რთული შესამჩნევი არ უნდა იყოს (ტატიანა შევიაკოვას ფერწერული ასლების მიხედვით მაინც) სადიაკონეში გამოსახული ფიგურების სახასიათო მსგავსება ტაო-კლარჯეთის ფერწერული სკოლის X საუკუნის მეორე ნახევრის მოხატულობათა ცალკეულ სახეებთან. ამ კავშირებზე უნდა მეტყველებდეს ორნამენტული ფრიზის ხასიათიც. აქედან გამომდინარე, მოხატულობის ფრაგმენტების ადგილზე სათანადოდ შესწავლამდე სავსებით შესაძლებელი ჩანს, რომ მხატვრობა X-XI საუკუნეების მიჯნით დათარიღდეს და იგი აფხაზთა (და მალევე გაერთიანებული საქართველოს) მეფის, ბაგრატ III-ის საქტიტორო მოღვაწეობას დაუკავშირდეს.
ბიბლიოგრაფია
Наталья Толмачевская, Фрески древней Грузии (Тбилиси, 1931), 21.
Леонид Шервашидзе, Некоторые средневековые стенные росписи на территории Абхазии (Тбилиси, 1971), 44-5, рис. 12, табл. XXIII.
Татьяна Шевякова, “Находка в Лыхны”, Молодежь Грузии №47(7287), 18.04 (1972).
Леонид Шервашидзе, Средневековая монументальная живопись в Абхазии (Тбилиси, 1980), 69, 71, 117-9, рис. 23-4, цв. табл. 41, табл. XX1.
Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), реп. 104-6.
საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ტ. შევიაკოვას ნამუშევართა კატალოგი (თბილისი, 1986), 20.
Андрей Виноградов, Денис Белецкий, Церковная архитектура Абхазии в эпоху Абхазского царства. Конец VIII–X в. (Москва, 2015), 202 (прим. 564).
ნინო ჩიხლაძე, ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი (თბილისი, 2017), ილ. 34-6.