1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. მანგლისი, სიონის საკათედრო...

მანგლისი, სიონის საკათედრო ტაძრის მოხატულობა

ნაგებობა: მანგლისი, სიონის საკათედრო ტაძარი
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: XI საუკუნის პირველი ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ამჟამად მოხატულობა მხოლოდ გუმბათში შემორჩა, ინტერიერის დანარჩენი არეები XIX საუკუნეში ნალესობით დაიფარა. გუმბათში მხატვრობას კონსერვაცია 1950-იან წლებში და 2012 წელს ჩაუტარდა.

 

გუმბათი

გუმბათის სფეროში ჯვრის ამაღლებაა წარმოდგენილი. სამშრიან ნათებაში მოქცეულია პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ჯვარი, რომელსაც ოთხი ანგელოზი აღამაღლებს. მთავარანგელოზებს მანდორლა ერთი ხელით უჭირავთ, მეორე ხელი კი მაყურებლისკენ ნებით აქვთ. განმარტებითი წარწერა მხოლოდ მთავარანგელოზების აღმოსავლეთ წყვილში, ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოსახულ ანგელოზთან იკითხება; წმ. მთავარანგელოზ რაფაელის ფიგურასთან ორი თანაგვარი წარწერაა შესრულებული: Ⴐ˜ႴႪ  – რ(ა)ფ(იე)ლ.

კამარის სამხრეთ ქანობზე მზის პერსონიფიკაციაა გამოსახული – ლომზე ამხედრებული ჭაბუკის სახით (Ⴋ˜ႦႤ – მზე), რომელსაც ორივე ხელით სიუხვის რქა უჭირავს.

გუმბათის ყელში ვედრების კომპოზიცია და წინასწარმეტყველთა რვა ფიგურა ექვს სარკმელს შორისაა განაწილებული იმგვარად, რომ მხოლოდ მაცხოვრის ფიგურას უკავია ორ სარკმელს შორის მთელი მონაკვეთი; დანარჩენი ფიგურები სარკმლებს შორის მონაკვეთებზე წყვილად არიან გამოსახულნი.

აღმოსავლეთი სარკმლის ჩრდილოეთით, ვედრების კომპოზიციაში, ქრისტე (Ι˜C Χ˜C – Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς) საყდარზეა დაბრძანებული, მაკურთხეველი მარჯვენა განზე აქვს აღმართული და კალთაზე გაშლილი კოდექსი (იოანე 10:11) უდევს. დედაღმრთისას (Μ˜Ρ || Θ˜Υ – Μ(ήτη)ρ Θ(εο)ῦ) და წმ. იოანე ნათლისმცემლის (Ⴜ˜Ⴢ || Ⴢ˜Ⴄ ႬႠႧႪႱ|ႫႺႤႫႤႪჂ – წ(მიდა)ჲ ჲოანე ნათლ(ი)სმცემელჲ) ფიგურები მაცხოვრის ორ მხარეს, ორ სხვადასხვა მონაკვეთებზე არიან განთავსებულნი.

წინასწარმეტყველები გამოსახულნი არიან სრული ტანით, ფრონტალურად მდგომნი; მარჯვენა ხელით აკურთხებენ, მარცხენაში კი გაშლილი გრაგნილები უჭირავთ. წინასწარმეტყველები აღმოსავლეთიდან, საათის ისრის მიმართულებით, წყვილად, შემდეგი თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი: წმ. წინასწარმეტყველი ესაია (Ⴜ˜Ⴢ ႤႱჂႠ –  წ(მიდა)ჲ ეს(ა)ჲა; გრაგნილზე წარწერით (ესაია 11:1)), წმ. წინასწარმეტყველი იერემია (Ⴜ˜Ⴢ || ჂႤႰႫႠ –  წ(მიდა)ჲ ჲერ(ე)მ(ი)ა) და წმ. წინასწარმეტყველი ეზეკიელი (Ⴜ˜Ⴢ || Ⴄ[- – -] – წ(მიდა)ჲ ე[ზ(ე)კ(იე)ლ]) (მათ გრაგნილებზე მრავალსტრიქონიანი ტექსტის გაიგივება ვერ ხერხდება), წმ. წინასწარმეტყველი იონა ([- -] || ჂႭႬႠ – [წ(მიდა)ჲ] ჲონა; გრაგნილზე წარწერით (იონა 2:8)), წმ. წინასწარმეტყველი დანიელი (Ⴜ˜Ⴢ | ႣႬ|Ⴊ – წ(მიდა)ჲ დ(ა)ნ(იე)ლ); გრაგნილზე წარწერით (დანიელ 9:10)), წმ. წინასწარმეტყველი ოსე  (Ⴜ˜Ⴢ || ႭႱႨႤ – წ(მიდა)ჲ ოსიე; გრაგნილზე ტექსტი აღარ იკითხება), წმ. წინასწარმეტყველ ამოს (Ⴜ˜Ⴢ || ႠႫႱ – წ(მიდა)ჲ ამ(ო)ს; გრაგნილზე ცამეტრიქონიანი ტექსტის გაიგივება ვერ ხერხდება) და წმ. წინასწარმეტყველი დავითი (Ⴜ˜Ⴢ || ႣႧ –  წ(მიდა)ჲ დ(ავი)თ); გრაგნილზე ტექსტით (ფსალმუნნი 44:7)).

გუმბათის სფეროსა და ყელზე წარმოდგენილი მხატვრობა ერთმანეთისგან ვიწრო ორნამენტული ზოლითაა გამიჯნული.


ბიბლიოგრაფია

Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 106.

თეიმურაზ ბარნაველი, მანგლისის ტაძრის წარწერები (თბილისი, 1961), 22-32.

Тинатин Вирсаладзе, “Роспись купола манглисского храма”, Тезисы докладов сессии посвященной истории живописи стран Азии (Ленинград, 1965), 26-7.

მალაქია დვალი, მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი (თბილისი, 1974), 22-3, (შენ. 12).

თინათინ ვირსალაძე, ქართული მხატვრობის ისტორიიდან (თბილისი, 2007), 79-83.