1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. მურყმელი, მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა

მურყმელი, მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: მურყმელი, მაცხოვრის ეკლესია ("მაცხვარ“)
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: XI საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესიის ინტერიერი სრულად იქნებოდა მოხატული. ამჟამად მხატვრობა ფრაგმენტულად შემორჩა.

 

საკურთხეველი

კონქში მოხატულობა თითქმის მთლიანად წარხოცილია. საკურთხევლის თაღის სამხრეთ ქანობზე გაირჩევა ფრონტალურად მდგომი ახალგაზრდა, უწვერული ფიგურა, რომელსაც მარცხენა ხელი ქვემოთ აქვს დაშვებული, მარჯვენაში კი, სავარაუდოდ, საგანი უჭირავს. როგორც ჩანს, ეს ანგელოზის/მთავარანგელოზის ფიგურა უნდა იყოს.

 

დარბაზი

დარბაზის სამხრეთი კედელის დასავლეთ კუთხეში ჯოჯოხეთად შთასვლაა გამოსახული; შემორჩა მხოლოდ მაცხოვრის სხეული ფრაგმენტულად და მის მარჯვნივ (დასავლეთით) – ორი გვირგვინოსანი ფიგურა – სავარაუდოდ, წმინდა წინასწარმეტყველნი დავითი და სოლომონი.

ჩრდილოეთ კედელზე მხატვრობა ერთიანად წარხოცილია. მხოლოდ წმინდანის სახის ფრაგმენტი შემორჩა კამარის დასავლეთ არეზე.

დასავლეთ კედელზე მოხატულობა ორ რეგისტრად ნაწილდება და ერთმანეთისგან ფართო კეცილი ორნამენტით იმიჯნება; პირველ რეგისტრში მაცხოვრის ამაღლების სამფიგურიანი სცენა სარკმლის ზედა მონაკვეთზეა წარმოდგენილი. ქვედა რეგისტრში ორი კომპოზიციაა, რომლებიც ერთმანეთისგან არ იყოფა რეგისტრის ხაზით და თითქმის ერთმანეთშია შეწიაღებული. სამხრეთ მონაკვეთზე ჯვარცმაა (ႿႥႰႺ[- – -] – ჯვ(ა)რც[მაჲ]) წარმოდგენილი; ჯვარცმულ ქრისტესთან მარჯვნივ (ჩრდილოეთით) წარმოდგენილია ქალის ფიგურა სურით ხელში, რომელშიც ქრისტეს სისხლსა და წყალს აგროვებს – ეს ეკლესიის სიმბოლური გამოსახულებაა. მის გვერდით ღმრთისმშობელია გამოსახული. ქრისტეს მარცხნივ (სამხრეთით) წმ. იოანე ღმრთისმეტყველი დგას; ხელში, სავარაუდოდ, პური უჭირავს; მოციქულის უკან მოსჩანს  რომაელი ჯარისკაცის ფიგურაც.

მეორე რეგისტრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე ნათლისღებაა გამოსახული (ႬႠႧႪႱႠ||ႶႤႡႠჂ | ჂႳ ႵႤႱჂ – ნათლ(ი)საღებაჲ ჲ(ეს)უ ქ(რისტ)ესჲ); ცის სეგმენტიდან დაშვებულ მტრედს – სულიწმინდას სეფისკვერი აქვს ნისკარტში.


ბიბლიოგრაფია

ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს (პარიზი, 1937), 158-9; გადაბეჭდილია – ექვთიმე თაყაიშვილი, თხზულებანი 2 (თბილისი, 2017), 156.

ეკატერინე პრივალოვა, “მურყმელის „მაცხვარის“ მოხატულობა უშგულში“, ძეგლის მეგობარი 29 (1972), 31-9.

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Живописная школа Сванети (Тбилиси, 1983), 23-7.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება). გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 43.