მცხეთა, წმ. ჯვრის მცირე ეკლესიის მხატვრობა
ნაგებობა: | მცხეთა, წმ. ჯვრის მცირე ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | VI საუკუნის მეორე ნახევარი |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
მცხეთის წმ. ჯვრის მცირე ეკლესიაში მოზაიკით შემკული იყო საკურთხევლის კონქი და სატრიუმფო თაღის პირი. მოზაიკური მხატვრობისთვის ოქროს სმალტის კენჭებთან ერთად გამოყენებული იყო მოჭიქული თიხის კენჭები და მთის ბროლი; ოქროსფერთან ერთად მოზაიკური მხატვრობა შესრულებული იყო მოწითალო, პირისფერი, მწვანე, ლურჯი, ზეთისხილისფერი, შავი და თეთრი ფერის ქვებით.
მცხეთის წმ. ჯვრის მცირე ეკლესიაში მოზაიკური მხატვრობის არსებობის თაობაზე მხოლოდ ძველი აღწერებიდანაა ცნობილი. გიორგი ჩუბინაშვილის ცნობით, 1916 წელს, როდესაც მან ტაძარი მოინახულა, ოქროს კენჭები ჯერ კიდევ შერჩენილი იყო კონქის „ჩრდილოეთ კუთხეში, კონქის თაღის წინა მხარეს“; ჩამოშლილი მოზაიკური კომპოზიციის კედელზე დასამაგრებლად გამიზნული ნაკეჭნები ჯერ კიდევ გაირჩეოდა კონქის ჩრდილოეთ მონაკვეთზე არსებულ ორ ქვაზე (კონქში დანარჩენი ქვების ზედაპირი იმ დროს უკვე ძლიერ დაზიანებული და გამოქარული იყო). მისივე ცნობით, 1914 წელს ეკლესიის ინტერიერში მიმობნეული ოქროს სმალტის კენჭები წმ. ჯვრის ტაძარში მკვიდრ ბერ ილარიონს გადაუცია თბილისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმისთვის (საქმე №1649). წმ. ჯვრის ეკლესიიდან ჩამოტანილი კენჭები დამატებითი ნივთიერი მოწმობაა იმისა, რომ თავის დროზე მცხეთის წმ. ჯვრის მცირე ეკლესიას მოზაიკა ამკობდა.
ბიბლიოგრაფია
გიორგი ჩუბინაშვილი, “მცხეთის ჯვარის მცირე ტაძარი”, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე II (1922-23), 39-40.
Георгий Чубинашвили, Памятники Типа Джвари (Тбилиси, 1948), 12.
რენე შმერლინგი, “საქართველოს უძველეს ფრესკულ მოხატულობათა დათარიღების საკითხისათვის”, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის VIII სამეცნიერო სესია, მოხსენებათა თეზისები (თბილისი, 1954), 10.
Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 5.
ნუგზარ ანდღულაძე, “მცხეთის ჯვარი”, წიგნში: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა 5 (თბილისი, 1995), 249-50.
Zaza Skhirtladze, “Early Medieval Georgian Monumental Painting: Establishment of the System of Church Decoration”, Oriens Christianus 81 (1997), 169-70.