1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ნაკიფარი, წმ. გიორგის ეკლესიის...

ნაკიფარი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: ნაკიფარი, წმ. გიორგის ეკლესია ("ჯგრაგ“)
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: IX-X სს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

თავდაპირველი მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩა ნაკიფარის ეკლესიის ინტრერიერში, ტრაპეზსა და კანკელზე, აგრეთვე ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე.

 

საკურთხეველი

სწორკუთხა ფორმის, ერთიანად გალესილი ტრაპეზი საკურთხევლის კედელთან არის მიდგმული. ქვა სამივე მხრიდან მოხატულია. შემკულობას ქმნის ზედა კიდეებზე სალტესავით შემოვლებული ორნამენტი – პარალელური ხაზებისა და მათ შორის ნახევარწრეების გრაფირებული და შემდგომ სინგურით დაფერილი ფორმები. ნახევარწრეებში, ისევე როგორც წითელი სალტეს ქვეშ, სინგურით წერტილებია დასმული. ფონი, კანკელის მსგავსად, ბაცი ვარდისფერი უნდა ყოფილიყო.

 

კანკელი

ეკლესიის სამმალიანი კანკელი ნაგებობის აგების თანადროულია. კანკელს ამჟამად მეორე ფენის ფერწერული გამოსახულებები ამკობს, თუმცა დაკვირვებისას ადგილ-ადგილ გაირჩევა პირველი ფენის მოხატულობაც. დარჩენილი ფრაგმენტების მიხედვით ცხადი ხდება, რომ მთელ ანტაბლემენტზე, ღია ვარდისფერ ფონზე სინგურით შესრულებული იყო გეომეტრიული ორნამენტები; ესაა სარტყლებზე გარდამავალი თაღედი, ერთმანეთზე გადაბმული წრეები და მშვილდ-ისარი, რომელიც აღსავლის კარის ასწვრივ, ცენტრალური თაღის ორივე მხარესაა გამოსახული. სარტყლებსა და თაღედში ჩასმულია მარგალიტისებრი ბურთულები. ანტაბლემენტზე ასევე გამოსახულია სხივისებური, ნახევარწრიული და ჯვარედინა ორნამენტები.

 

ფასადი

ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ფრონტონზე, კარნიზის გასწვრივ, მის ორივე მხარეს ექვს-ექვსი გამოსახულებაა; ფრონტონის წვერში გაირჩევა ფრთის ფრაგმენტი; მკვლევართა ნაწილის აზრით, ფრონტონში სულიწმინდის პერსონიფიკაცია უნდა ყოფილიყო გამოსახული, ფრონტონის არეზე განაწილებული თორმეტფიგურიანი სცენა კი – სულიწმინდის მოფენა; მეცნიერთა ნაწილი ამ სცენას ამაღლების კომპოზიციასთან აიგივებს.

კომპოზიციის ქვემოთ, სარკმლის გარშემო არსებულ არეზე მხატვრულ დეკორს ქმნის სამთაღედში ცხოველთა რელიეფებითა და ფერწერული გამოსახულებებით შედგენილი კომპოზიცია. შუა თაღში, ირმის ბარელიეფის მაღლა, ქრისტე ევმანუელი ჯვრული შარავანდითაა გამოსახული. გვერდითა თაღოვან ნიშებში თითო შარავანდიანი წმინდანის ფიგურაა (გაირჩევა მხოლოდ მხრებამდე). ნაქანდაკევი და ფერწერული დეკორის ამგვარი შერწყმით სარკმლის გარშემო, შესაძლოა, გადმოცემულია მაცხოვრის გამოცხადება-ხილვა – წმინდა ევსტათეს სასწაულის სცენა.


ბიბლიოგრაფია

Рене Щмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой грузии (Тбилиси, 1962), 228.

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии (Тбилиси, 1966), 51.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), таб. 86-90.

Натела Аладашвили, Гаяне Алиберащвили, Анели Вольская, Живописная  школа Сванети (Тбилиси, 1983), 77.

Натела Аладашвили, Анели Вольская, “Фасадные Росписи Верхней Сванети (Х-ХVII вв.),” Ars Georgica  9-А (1987) 97-100.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება). გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 52-4.