1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ოშკის ლავრა, წმ. იოანე...

ოშკის ლავრა, წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მოხატულობა.
მეორე ფენა

ნაგებობა: ოშკის ლავრა, წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
მოხატულობის ფენა: მეორე ფენა
თარიღი/პერიოდი: 1036 წ.
ქტიტორ(ებ)ი: პატრიკიოსი ჯოჯიკი
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

ფრესკული წარწერა შესრულებულია საკურთხეველში; იგი საკურთხევლის სამრეგისტრიან სქემაში მეორე და მესამე რეგისტრების გამმიჯნავი ფრიზის როლს ასრულებს და იკეცება საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის თავანზე:[…]ႬႢႬႥႸ˜ႬႤႣႠႸ˜ႥႫႩႥႤႲ˜ႻႰႨႼ˜ႣႨႱႠႼ˜ႬႫႰႡႣႱჂႱ˜ႴႱჂႧႠႱႳႪႩႰႧႾႪႨႱႠႿႭႿႨႩ ႮႲႰႩႱჂႧႠႠ˜ႩႾႤႬႶ˜ႬႣႠႠႣ˜ႣႬႵႰႬႩႬႱႠ:ႱႬႥ:ႡႰႻႧႠ […] – [-]ნ გ(ა)ნვ(ა)შ(უე)ნე და შ(ევამ)კვე ტ(ა)ძ(ა)რი წ(მი)დისა წ(ი)ნ(ა)მ(ო)რბ(ე)დ(ი)ს(ა)ჲ ს(ა)ფ(ა)სჲთა სულკ(უ)რთხ(ეუ)ლისა ჯოჯიჯ პ(ა)ტრ(ი)კ(ი)ს(ა)ჲთა აკ(ურთ)ხენ ღ(მერთმა)ნ და ად(ი)დ(ე)ნ ქ(ო)რ(ო)ნ(ი)კ(ო)ნსა სნვ ბ(ე)რძ(ე[ნ])თა […] (ექვთიმე თაყაიშვილი, თხზულებანი 1 (თბილისი, 2018), 352).

 

ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესიის ინტერიერი, რომელიც აგების თანადროულადვე შეამკეს ფერადოვანი დეკორით, აგებიდან ექვსი ათეული წლის შემდეგ უკვე სრული მხატვრობით დაუფარავთ. გუმბათის, გუმბათქვეშა არეებისა და მკლავების კამარების მხატვრობა ადრევე დაღუპულა. გუმბათის ყელის ძირს შემოუყვებოდა ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომლიდანა ექვთიმე თაყაიშვილს გაურჩევია „რლი ცხორ…“. ამჟამად მოხატულობის ფრაგმენტები გაირჩევა ეკლესიის საკურთხეველში, სამხრეთ და ჩრდილოეთ აფსიდებში.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში მოხატულობა სამ რეგისტრად იყოფოდა.

კონქში (რომლის რეგისტრის ხაზი არ ითვალისწინებდა კონქის ქულს და საგრძნობლად სცდებოდა მას ქვემოთ) წარმოდგენილი იყო უფლის დიდება, რომელიც ორ მთავარანგელოზს შორის მოქცეულ მდიდრულ კვარცხლბეკიან საყდარზე დაბრძანებულ  მაცხოვარს გამოსახავდა.

საკურთხევლის მოხატულობის მეორე რეგისტრს გაუყვებოდა წმინდა მოციქულთა რიგი, რომლის შუაშიც კვარცლბეკზე მდგარი მდგარი ღმრთისმშობელი-ორანტას გამოსახულება იყო წარმოდგენილი, ხოლო მის მარჯვნივ წმ. იოანე ნათლისმცემელი (მისი ბერძნული განმარტებითი წარწერა თეთრი ფერის საღებავით იყო შესრულებული: ΟΑ […] – Ὀ Ἅ(γιος) […]) გაშლილი გრაგნილით ხელში (გრაგნილზე თეთრი ფერით დატანილი ასომთავრული ტექსტი თხუთმეტ სტრიქონს მაინც მოიცავდა; ექვთიმე თაყაიშვილმა ამოკითხა „თქვენ ხართ ნათელი სოფლისა…“; ამ წარწერის წაკითხვა დასაზუსტებელი რჩება); ღმრთისმშობლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის ორივე მხარეს წარმოდგენილი არიან წმ. პეტრე და წმ. პავლე (წარწერები ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით – წ˜ჲ პეტრე; წ˜ჲ პავლე); დანარჩენი მოციქულების ფიგურები დიდწილად დაღუპული იყო ჯერ კიდევ XX საუკუნის მეორე ათწლედში.

საკურთხევლის მოხატულობის მესამე რეგისტრში წარმოდგენილი იყო წმინდა მღვდელმთავართა რიგი, რომელიც ზედა რეგისტრისგან საქტიტორო წარწერიანი ფრიზით გამოიყოფოდა. რეგისტრში სულ ცხრა ეკლესიის მამა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. სამხრეთ კედელზე: უცნობი (სარკმელშორისში), წმ. იოანე ოქროპირი (წ˜ჲ ოქროპირი), წმ. პეტრე ალექსანდრიელი (სამხრეთი სარკმელის აღმოსავლეთ წირთხლზე, Ⴜ˜Ⴢ Ⴎ˜Ⴄ || ႠႪႤႵႱ|ႠႣႰႨႤ|ႪႨ – წ(მიდა)ჲ პ(ეტრ)ე ალექსადრიელი), უცნობი; ჩრდილოეთ კედელზე: წმ. იაკობ იერუსალიმელი, უფლის ძმა (Ⴜ˜Ⴢ |ჂႠ|ႩႭ|Ⴁ || ႻႫႠ|Ⴢ | Ⴍ˜Ⴢ –წ(მიდა)ჲ ჲაკობ ძმაჲ უ(ფლისა)ჲ), უცნობები. საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის თავანებზე წმ. დიაკვნები არიან გამოსახული; სამხრეთით – უცნობი (მისი განმარტებითი წარწერიდან გაირჩევა მხოლოდ Ⴜ˜Ⴢ – წ(მიდა)ჲ), ჩრდილოეთით – წმ. პირველმოწამე სტეფანე (Ⴜ˜Ⴢ |Ⴑ˜Ⴒ|Ⴔ|ႬႤ |Ⴎ˜ႰႥ|ႪႨႫ˜Ⴜ|ႫႤ – წ(მიდა)ჲ სტ(ე)ფ(ა)ნე პ(ი)რვ(ე)ლი მ(ო)წ(ა)მე). საკურთხევლის სამხრეთი სარკმლის დასავლეთ თავანზე გამოსახულია შანდალი ანთებული კელაპტრით, ხოლო ჩრდილოეთი თავანებზე მხატვრობა აღარ გაირჩევა. ექვთიმე თაყაიშვილი საკურთხეველშივე უთითებდა წმ. ეკატერინეს გამოსახულებას.

 

დარბაზი

სამხრეთ მკლავში მოხატულობა მხოლოდ კედლების ქვედა ნახევარზე შემორჩა; ამასთან, ფრესკების ნაწილს დღემდე ფარავს კირის თხელი ფენა. მოხატულობის ფრაგმენტები სრულად ჩანს აფსიდში არსებულ ორ სარკმელს შორის, აგრეთვე მათ გასწვრივ ორივე მხარეს.

საკმლებს შორის წარმოდგენილია დიდი ზომის საქტიტორო კომპოზიცია – ცენტრში გამოსახულია წმ. იოანე ნათლისმცემლის ფრონტალურ ფიგურა, ხელში გაშლილი გრაგნილით, რომელზეც შავი საღებავით შესრულებულია მრავალსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: ႩႰႥႭ ႶႧႱႭ | ႱႴႪႨႱႠ ႺႣႥႧႠ ႠႫႾႫႪႭ | Ⴂ˜ႥႣႰႡႨ Ⴅ˜Ⴀ | ႼႬ˜ႫႰႡႣႨ ႣႠ ႫႢ˜ႡႰႨ ႨႾႨႪႤ ႳႻႪ|Ⴓ˜ႰႡჂ ႢႬႡႱჂ ႰႨႺႠ ႸႫႭႱႤ ႳႪႾႨႬႤ | ႫႾ˜ႡႧႠ Ⴅ˜ႧႠ Ⴖ˜Ⴇ [- – -] – კრ(ა)ვო ღ(მრ)თ(ი)ს(ა), ს(ო)ფლისა ც(ო)დვ(ა)თა ამხ(უ)მ(ე)ლო, გ(ე)ვ(ე)დრ(ე)ბი, ვ(ითარც)ა წ(ი)ნ(ა)მ(ო)რბ(ე)დი და მ(ე)გ)ობ(ა)რი, იხილე უძლურ(ე)ბ(ა)ჲ გ(ო)ნ(ე)ბ(ი)ს(ა)ჲ, რ(ომელ)იცა შ(ეი)მოსე, ულხინე მ(ი)ტ(ე)ვ(ე)ბ(ა)თა ვ(ი)თ(არც)ა ღ(მერთ) [ხ(ა)რ […]; (იოანე 1:29-ის პერიფრაზი). წინამორბედს წარუდგება ორი ქტიტორი: მარცხნიდან – ომოფორიანი მღვდელმთავარი, ხოლო მარჯვნიდან – საერო პირი ჩალმისებრი თავსაბურავით (ამ ფიგურის თავზე 1917 წელს ფრაგმენტულად გაირჩეოდა თეთრი ფერის საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერა ႿႭႿႨႩ[-] – ჯოჯიკ[-]); ეს მოხატულობის ქტიტორის, პატრიკიოს ჯოჯიკის გამოსახულებაა.

საქტიტორო კომპოზიციის მარცხნივ, აფსიდის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩა ჯვარცმის სცენის მოზრდილი ფრაგმენტი – გაირჩევა ჯვრის მკლავის ნაწილი, აგრეთვე არქიტექტურულ ფონზე წარმოდგენილი წმ. იოანე ღმრთისმეტყველის, ცენტურიონთა და ჰურიათა ფიგურები).

საქტიტორო კომპოზიციის მარჯვნივ, აფსიდის დასავლეთ კედელზე ისტორიული სცენის ფრაგმენტია; შემორჩა მისი მარცხენა ნახევრის ფრაგმენტი, სავარაუდოდ, შუა მონაკვეთი – მოჩანს საერო პირთა, სახელდობრ, მამაკაცთა ორი, მარჯვნივ მიმართული, ჯგუფი. სცენის ფონად, ცენტრში წარმოდგენილი ბანას საკათედრო ტაძრის გამოსახულებისგან დარჩენილია ქვედა ნახევარი. გამოსახულებას ქვემოდან, ეკლესიის ხარისხის გასწვრივ, გასდევს თეთრი ფერის საღებავით შესრულებული, ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: ႡႠႬႠႱႠ ႤႩႪႤႱႨႠჂ ႣႠႫ[-][…] – ბანასა ეკლესიაჲ დამ[-][…]. ბანას ტაძრის მარცხნივ, გამოსახული იყო ოთხთა ეკლესიის ლავრის მთავარი ტაძარი – შემორჩა ორსაფეხურიან ხარისხზე აღმართული და ვერტიკალური ზოლებით დანაწევრებული მისი გრძელი კედლის ქვედა ნაწილი, რომელსაც ქვემოდან ასევე გაუყვება თეთრი ფერის საღებავით შესრულებული  ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: ႭႧႾႧႠ ႤႩႪႤ[– – -] | […] – ოთხთა ეკლე[სი][-][…]. მოსალოდნელია, რომ კომპოზიციის მარჯვენა ნაწილში არსებობდა კიდევ ერთი ეკლესიის გამოსახულება.

სცენაში ასახულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: ივარაუდება, რომ კომპოზიციაში უნდა აღებეჭდათ მეფე ბაგრატ IV-ის გვირგვინდება (1027 წ.) და/ან მისი ჯვრისწერა იმპერატორ რომანოზ არგიროსის ძმისწულზე, ელენეზე (1032 წ.), რომლებიც ბანას საკათედრო ტაძარში გაიმართა; ამასთან, დედოფალ ელენეს მზითვად, სხვა სიწმინდეებთან ერთად, უფლის სამსჭვალის საქართველოში ჩამოსვენებას უნდა განეპირობებინა სცენის პირისპირ, აფსიდის სამხრეთ კედელზე ჯვარცის სცენის გამოსახვა (Nicole Thierry, “Peintures historiques d’Osk’i (T’ao)”, Revue des études géorgiennes et caucasiennes 2 (1986), 135-71; Antony Eastmond, Royal Imagery in Medieval Georgia (University Park: Pennsylvania University Press, 1998), 41-3; მარიამ დიდებულიძე, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში“, საქართველოს სიძველენი 19 (2016), 54); არ გამოირიცხება სცენის დაკავშირება 1021-1022 და 1027-1028 წლების ბიზანტიურ-ქართულ სამხედრო დაპირისპირებებთან (Wachtang Djobadze, “Four Deesis Themes in the Church of Oški”, Oriens Christianus 72 (1988), 177; ვახტანგ ჯობაძე, ოშკის ტაძარი (თბილისი, 1991), 65-6); ასევე შესაძლოდაა მიჩნეული, რომ ფრესკაზე აღბეჭდილ იქნა მეფე ბაგრატ IV-ის ბიზანტიიდან ტაოში დაბრუნება და ტაოელ დიდებულთა მიერ მისი საზეიმო მიგეგება (ზაზა სხირტლაძე,ოთხთა ეკლესიის ფრესკები (თბილისი, 2009), 33-4; Zaza Skhirtladze, “The Oldest Murals at Oshki Church: Byzantine Church Decoration and Georgian Art”, Eastern Christian Art 7 (2010), 101); არსებობს მოსაზრება, რომ კომპოზიცია უნდა ასახავდეს  დედოფალ ელენეს მიერ ჩამოსვენებული სხვადასხვა სიწმიდის სადღესასწაულო დახვედრას (მარინე ბულია, “შუა საუკუნეების საქართველოში წმინდა ნაწილების თაყვანისცემის ზოგი თავისებურების შესახებ“, საქართველოს სიძველენი 21 (2018), 163-9). სცენაში ასახული მოვლენის დაზუსტება სამომავლო საქმედ რჩება.

მკლავის სარკმელთა თავანებზე წარმოდგენილი იყო წმ. დედების ცალკეული ფიგურები. მათგან შემორჩა ორი გამოსახულება: წმ. თეკლას (Ⴜ˜Ⴢ || ႧႤႩႪ[-] – წ(მიდა)ჲ თეკლ[ე] – აღმოსავლეთი სარკმლის დასავლეთ თავანზე, და წმ. მარინესი (წ˜ჲ მ(ა)რ(ი)ნე) –  დასავლეთი სარკმლის აღმოსავლეთ თავანზე).

ჩრდილოეთი მკლავის ორ სარკმელს შორის წარმოდგენილია ღმრთისმშობლის მიძინება; დიდი ზომის, ამჟამად საგრძნობლად დაზიანებული სცენიდან დღემდე განირჩევა არქიტექტურული ფონის დეტალები, ღმრთისმშობლის სარეცელი, რომელსაც ორივე მხრიდან მწუხარე მოციქულების ჯგუფები ახლავს, მფრინავი ანგელოზები და მაცხოვარი ღმრთისმშობლის სულის პერსონიფიკაციით. მაცხოვრის ფიგურასა და მის დასავლეთით წარმოდგენილ მფრინავ ანგელოზს შორის მოჩანს დიდი ზომის ამჟამად გაშავებული გრაფემების შემცველი რამდენიმესტრიქონიანი ასომთავრული წარწერა (განირჩევა მხოლოდ ცალკეული გრაფემები). აღმოსავლეთი სარკმლის დასავლეთ თავანზე გამოსახულია წმ. ელენე (ექვთიმე თაყაიშვილს ამ ფიგურასთან ამოუკითხავს წ˜ჲ ელ(ენე)), წმინდანის ფიგურაა გამოსახული დასავლეთი სარკმლის აღმოსავლეთ თავანზეც.

მოხატულობა ფრაგმენტულად შემორჩა სამხრეთ-დასავლეთი გუმბათქვეშა ბურჯის აღმოსავლეთ მხარეს გამართულ სამეუფო სადგომსაც; მის ნიშაში განირჩევა წმ. იოანე ნათლისმცემლის ფრონტალური გამოსახულება, რომელიც საგრძნობლადაა დაზიანებული. გამოსახულება მოგვიანოდ ნაწილობრივ უნდა გადაეწერათ.


ბიბლიოგრაფია

ექვთიმე თაყაიშვილი, “1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“, მისივე წიგნში: თხზულებანი 1 (თბილისი, 2018), 329-31.

Nicole Thierry, “Peintures historiques d’Osk’i (T’ao)”, Revue des études géorgiennes et caucasiennes 2 (1986), 135-71.

Wachtang Djobadze, “Four Deesis Themes in the Church of Oški”, Oriens Christianus 72 (1988), 168-82 = idem, ოშკის ტაძარი (ორი წერილი ოშკის ტაძარზე) (თბილისი, 1991), 54-66.

Nicole Thierry, “A propos des Deisis d’Oški”, Oriens Christianus 76 (1992), 227-34.

ზაზა სხირტლაძე, “ეკლესია-მონასტერთა გამოსახულებები შუა საუკუნეების ქართულ  სახვით ხელოვნებაში. ოშკი“, ხელოვნება 1-2 (1992), 11-22.

Zaza Skhirtladze, “The Oldest Murals at Oshki Church: Byzantine Church Decoration and Georgian Art”, Eastern Christian Art 7 (2010), 97-133 (ადრეული ბიბლიოგრაფიით).

ეკატერინე პრივალოვა, “ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობების შესახებ“, წიგნში: ვალერი ასათიანი რედ., ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (თბილისი, 2013), 737-8 (ეს სტატია არაერთგზისაა გამოცემული; მითითებულია ბოლო გამოცემის მიხედვით).

მარიამ დიდებულიძე, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში“, საქართველოს სიძველენი 19 (2016), 52-5, სურ. 22-3.