1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. პარხალის მონასტერი, წმ. იოანე...

პარხალის მონასტერი, წმ. იოანე ნათლისმცემლის
ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: პარხალის მონასტერი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: 980-იანი წლები
ქტიტორ(ებ)ი: დავით კურაპალატი და პარხლის მონასტრის წინამძღვარი იოანე
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ფრესკული წარწერა მდებარეობდა ტაძრის აფსიდის სამხრეთ კედელზე; იგი ორ სტრიქონად განივად დაუყვებოდა აფსიდის კედლის ამ მონაკვეთს.

 

ქტიტორ(ებ)ის

Ⴕ. ႸႼ˜ႥႬႧႠ Ⴖ˜ჂႧႠ ႫႤ ႢႪ˜ႾႩႫႬ ႨႥ˜ႬჁ ႫႫ˜Ⴌ Ⴂ˜ႬႥႱ[…] | Ⴜ˜ႬႭ ႶႧ˜ႨႱႬႭ ႱႷႰႪ˜ႨႱႧჃႱ ႶႧ˜ႨႱႠ ႫჄႱႬ[…] – ქ. შ(ე)წ(ე)ვნ(ით)ა ღ(მრთისა)ჲთა მე გლ(ა)ხ(ა)კმ(ა)ნ ი(ო)ვ(ა)ნჱ მ(ა)მ(ა)მ(ა)ნ გ(ა)ნვ(ა)ს[…] წ(მიდა)ნო ღ(მრ)თის(ა)ნო ს(ი)ყ(უა)რ(უ)ლის(ა)თჳს ღ(მრ)თისა მ(ომი)ჴს(ე)ნ[…] (ექვთიმე თაყაიშვილი, “1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“, მისივე წიგნში: თხზულებანი 1 (თბილისი, 2018), 410, ტაბ. 1443).

 

ოსტატ(ებ)ის

აღწერა

პარხლის ბაზილიკაში მოხატული იყო მხოლოდ საკურთხეველი და, რამდენადმე მოგვიანოდ, წინამძღვრის სადგომი საყდარიც.

 

საკურთხეველი

პარხალის ბაზილიკის საკურთხეველში მოხატულობა ხუთ რეგისტრად იგებოდა.

კონქის სატრიუმფო თაღის შიდა პირზე წარმოდგენილი იყო ანგელოზთა მიერ მაცხოვრის ამაღლება (მაცხოვრის ფიუგურა მედალიონში იყო მოქცეული). ამ კომპოზიციას ორივე მხრიდან მედალიონებშივე მოქცეული უფლის წინაპრების გამოსახულებები დაუყვებოდა. საკუთრივ კონქში გამოსახული იყო უფლის დიდება (საკონქო კომპოზიცია არ ითვალისწინებდა კონქის საბჯენ ქუსლებს): კონქის ცენტრში გამოსახული იყო მანდორლაში მოქცეული, ორნამენტით შემკულ მდიდრულ კვარცხლბეკიან საყდარზე დაბრძანებული მაცხოვარი, ხოლო კონქის დანარჩენ არეებს ანგელოზთა დასების მრავალრიცხოვანი ფიგურები ავსებდა.

საკურთხევლის მოხატულობის მეორე რეგისტრი საკონქო კომპოზიციისგან ვარდულებით შედგენილი განიერი ორნამენტული ფრიზით იმიჯნებოდა. მეორე რეგისტრი წმიდა მოციქულთა რიგს ეკავა, რომლის შუაშიც ღმრთისმშობელი-ორანტა და წმ. იოანე წინამორბედი იყვნენ წარმოდგენილი.

მოხატულობის მესამე რეგისტრი წმიდა მოციქულთა რიგისგან ვიწრო ზოლით იყოფობოდა და იგი წმიდა წინასწარმეტყველთა გამოსახულებებს ეთმობოდა.

საკურთხევლის მოხატულობის მეოთხე რეგისტრი წმიდა წინასწარმეტყველთა რიგისგან იმიჯნებოდა ფართო ორნამენტული ფრიზით. ამ რეგისტრში წარმოდგენილი იყო (მარცხნიდან მარჯვნივ): ხარება, მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა, შობა, ტაძრად მიყვანება, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმად შესვლა (?). საკურთხევლის ერთადერთი ფართო სარკმლის თავანი მედალიონში მოქცეული წმ. სიონის პერსონიფიკაციის გამოსახულებას ეკავა, ხოლო მისი წირთხლები ტრაპეზთან მდგომი მელქისედეკის (ჩრდილოეთით) და სჯულის ფიქლების მიმღები მოსეს (სამხრეთით) გამოსახულებებს ეკავა.

მოხატულობის მეხუთე რეგისტრი მეოთხე რეგისტრისგან ვარდულების შემცველი ორნამენტული ფრიზით იყოფობოდა. ამ რეგისტრშიც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საუფლო დღესასწაულოთა სცენების რიგი: ჩრდილოეთ ნახევარზე – ხუთი სცენა მაცხოვრის ვნებათა ციკლიდან (მარცხნიდან მარჯვნივ: სერობა, ჯვრის ზიდვა, ჯვარცმა, ჯვრიდან გარდამოხსნა, საფლავად დადება); სამხრეთ კედელზე – ხუთი სცენა აღდგომის ციკლიდან.

მოხატულობის მეხუთე რეგისტრი ქვემოდან ისაზღვრებოდა მცენარეული მოტივებზე აგებული ფართო ორნამენტული ფრიზით. მდიდრული და მრავალსახოვანი ორნამენტული დეკორი ამკობდა საკურთხევლის პროფილებს. მოხატული უნდა ყოფილიყო საკურთხევლის ბემის ცალკეული მონაკვეთიც.

 

დათარიღება

ეკლესიის მოხატულობა მონოგრაფიულად შესწავლილი არ ყოფილა; ფრესკების შესახებ მსჯელობას ართულებს ის გარემოებაც, რომ XX საუკუნეში საკურთხევლის მოხატულობა ზეთის საღებავის სქელი ფენით დაფარეს. ბოლო წლებში საღებავის ამ ფენის მოხსნის შედეგად გაირკვა, რომ მოხატულობიდან თითქმის აღარაფერი შემორჩა; შესაბამისად, მოხატულობის შესასწავლისთვის ხატოვან პიორველწყაროდ ექვთიმე თაყაიშვილის 1917 წლის სამხრეთ საქართველოს ექსპედიციის რამდენიმე ფოტონეგატივი რჩება (მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარხლის წინამძღვარ იოანეს ფრესკული წარწერის ფოტოსურათია); მათ რიგსვე უერთდება ნიკოლაი ოკუნევის 1917 წლისვე ექსპედიციის მრავალმხრივ საგულისხმო ფოტონეგატივები, რომელთა დახმარებითაც ხერხდება მოხატულობის პროგრამის აღდგენა და ცალკეული ფიგურისა თუ სცენის რაობის დაზუსტება.

ეკლესიის მხატვრობის დათარიღებაზე განსხვავებული მოსაზრებები არ გამოთქმულა – ამას, უპირველეს ყოვლისა, მისი ზეთის საღებავებით დაფარვა და, ბოლო დრომდე, ოკუნევისეული ნეგატივების გამოუქვეყნებლობა განაპირობებდა.

მოხატულობის დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია პარხლის ოთხთავის ანდერძის გათვალისწინებაც; ამ კოლოფონის მიხედვით, 973 წლისათვის პარხლის ტაძრის მშენებლობა ახალი დასრულებული უნდა ყოფილიყო. თავისთავად არაფერი ჩანს უჩვეულო, რომ ამ თარიღიდან მალევე შესრულებულიყო ბაზილიკის საკურთხევლის მოხატულობაც (ზაზა სხირტლაძე, ოთხთა ეკლესიის ფრესკები (თბილისი, 2009), 212-3). ამ შემთხვევაში უმთავრეს გასათვალისწინებელ ფაქტორად ჩანს პარხლის ბაზილიკის მოხატულობის მიმართება ოთხთა ეკლესიის ფრესკებთან, რომელთა შესრულებაც 980-იან წლებში ივარაუდება. ოთხთა ეკლესია ტაოს მეფე დავით III კურაპალატის იმ წამოწყებათაგანი იყო, რომლის მიხედვითაც ნავარაუდებია პარხლის ბაზილიკის მშენებლობა; არქიტექტურაში მსგავსების გარდა, საგრძნობია თითქმის ზედმიწევნითი მსგავსებაც ამ ორი ეკლესიის მხატვრობას შორის – ეს გაცხადებულია როგორც სქემის გადაწყვეტაში, ისე მხატვრულ სტილში. ამ ორი მხატვრობის ქრონოლოგიური ურთიერთმიმართება სამომავლო კვლევის საგნად რჩება.


ბიბლიოგრაფია

Ekaterine Privalova, “Notes on the Murals of Tao-Klardjeti (X–XIII cc.)“, in γιον ρος: Φύση – Λατρεία – Τέχνη II (Θεσσαλονίκη, 2001), 66-7.

თინათინ ვირსალაძე, “X-XI საუკუნეების ზოგიერთი ტაო-კლარჯული მოხატულობა“, მისივე წიგნში: ქართული მხატვრობის ისტორიიდან (თბილისი, 2007), 27-8.

ზაზა სხირტლაძე, ოთხთა ეკლესიის ფრესკები (თბილისი, 2009), 212-3.

Zaza Skhirtladze, “The Oldest Murals at Oshki Church: Byzantine Church Decoration and Georgian Art”, Eastern Christian Art 7 (2010), 117-9.

მარიამ დიდებულიძე, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში“, საქართველოს სიძველენი 19 (2016), 41-2.

Anna Zakharova, Svetlana Mal’tseva, “The Materials of Nikolai Okunev’s Expedition of 1917 on the Wall Paintings of Parkhali”, Actual Problems of Theory and History of Art 7 (2017), 679-88, 788-90.

ექვთიმე თაყაიშვილი, “1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“, მისივე წიგნში: თხზულებანი 1 (თბილისი, 2018), 410, ტაბ. 144.

Анна Захарова, Светлана Мальцева, “Новые данные о росписях X-XI вв. в Тао-Кларджети по материалам экспедиции Н. Л. Окунева 1917 г.”, Византийский Временник 102 (2018), 288-317.