1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ჟიბიანი, ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა....

ჟიბიანი, ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა. მეორე ფენა

ნაგებობა: ჟიბიანი, ღმრთისმშობლის ეკლესია ("ლამარია")
მოხატულობის ფენა: მეორე ფენა
თარიღი/პერიოდი: XI საუკუნე
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

საკურთხეველი

საკურთხეველში მხატვრობა ორ რეგისტრად იქნებოდა განაწილებული. საკონქო კომპოზიციად წარმოდგენილია ვედრება – ფრაგმენტულად გაირჩევა მაცხოვრის მონუმენტური ფიგურა ზეაპყრობილი მაკურთხეველი მარჯვენით, მეოხად მიმართული ღმრთისმშობლის ქვედატანი და მათ შორის მოქცეული მრავალფრთედი. საკონქო კომპოზიციის მასშტაბური გადაწყვეტის გამო, მთავარანგელოზთა ფიგურები დარბაზის კამარის საკურთხეველთან მიმდებარე მონაკვეთებზეა გადატანილი; მათგან შედარებით სრულად გაირჩევა სამხრეთ მონაკვეთზე წარმოდგენილი მთავარანგელოზის ფიგურა მუხლამდე დაშვებული ლორონით.

მოხატულობის მეორე რეგისტრში ფერწერა თითქმის სრულადაა წარხოცილი; გაირჩევა მწვანე ფერის მცირე ფრაგმენტები.

 

დარბაზი

სამხრეთი კედელის კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, მთავარანგელოზის გვერდით, ორი ფრონტალურად მდგომი ფიგურაა – მათგან მარჯვენას ხელთ გრაგნილი უპყრია; ამგვარივე ოთხი, ფრონტალურად მდგომი ფიგურა იქნებოდა გამოსახული კამარის დასავლეთ მონაკვეთზეც, თუმცა ბათქაშის ძლიერი დაზიანების გამო მხოლოდ სამი მათგანის სახეებისა და შარავანდთა ფრაგმენტები შემორჩა. იკონოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით სავარაუდოა, რომ კამარის ამ მონაკვეთზე მოციქულთა რიგი უნდა გამოესახათ.

სამხრეთი კედლის შეკიდულ კონსოლზე დაყრდნობილი საბჯენი თაღის პირეზე  გაირჩევა სრული ტანით, ფრონტალურად გამოსახული წმინდანის ფიგურა, მკერდთან აპყრობილი მარჯვენით.

ჩრდილოეთი კედლის კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთზე დარჩენილია მთავარანგელოზის შარავანდისა და სახის კონტურული მონახაზი. შედარებით უკეთ ჩანს მის გვერდით მდგომი ორი წმინდანის ფრონტალური ფიგურა – მათგან მარჯვენას ხელთ გრაგნილი უპყრია.

მეორე რეგისტრში, გამყოფი ორნამენტული ზოლის გამოყენების გარეშე, გამოსახულია ჯვარცმის კომპოზიცია (Ⴟ˜Ⴢ ႻႪႤႥႨႱႠ ჯ(ვარ)ჲ ძლევისა). მაცხოვრისადმი მიმართული ღმრთისმშობლის (ႣႣ˜Ⴢ ႶჂ: დ(ე)დ(ა)ჲ ღ(მრთისა)ჲ) და წმ. იოანე მახარებლის (Ⴈ˜Ⴄ ႫႾႰ[- – -] ი(ოან)ე მ(ა)ხ(ა)რ[(ე)ბ(ე)ლი]) გვერდით რომაელი ჯარისკაცისა და, სავარაუდოდ, წმინდა დედის ფიგურები უნდა იყოს წარმოდგენილი.

ჩრდილოეთი კედლის კამარის დასავლეთ მონაკვეთზე ოთხი წმინდანის ფრონტალური გამოსახულება გაირჩევა; მათგან სამს ხელში დახვეული გრაგნილი უჭირავს, მეოთხე მხოლოდ სილუეტის სახით მოჩანს. სავარაუდოა, რომ ეკლესიის კამარის ორივე ქანობზე, მთავარანგელოზთა გვერდით, მოციქულთა ექვს-ექვს ფიგურიანი  რიგი უნდა ყოფილიყო განთავსებული.

მეორე რეგისტრში, გამყოფი ორნამენტული ზოლის გამოყენების გარეშე გამოსახულია ფერისცვალების კომპოზიცია. ძლიერი დაზიანების გამო სცენის ზედა მონაკვეთში მანდორლაში მოქცეული მაცხოვრის, ასევე წმინდა მოსესა და ელია წინასწარმეტყველების ფიგურათა ზედატანი გაირჩევა.

დასავლეთ კედელზე გამოსახულებები მოხატულობის პირველი რეგისტრში შემორჩა; სარკმლის ჩრდილოეთით ორი შარავანდის მკრთალი მონახაზი იკვეთება, სამხრეთით – ორანტაში გამოსახული წელამდე ფიგურა. უშუალოდ სარკმლის ორივე თავანზე წმინდანთა გამოსახულებები იქნებოდა წარმოდგენილი – ამჟამად მათგან აღნაბეჭდებიღა შემორჩა.

 

დათარიღება

ჟიბიანის ღმრთისმშობლის ეკლესიის მხატვრობასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. რენე შმერლინგი გამოყოფს მხატვრობის ორ ფენას, რომელთაგან შედარებით გვიანს XI საუკუნით ათარიღებს (Рене Шмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой Грузии (Тбилиси, 1962), 229). ტატიანა შევიაკოვას დაკვირვებით, ეკლესიაში მოხატულობის სამ ფენაა; მათგან უადრესის შექმნის პერიოდად X საუკუნეს მიიჩნევს – მკვლევარი აღნიშნავს, რომ ეკლესიის ინტერიერი თავიდანვე სრულად უნდა ყოფილიყო ფერწერით შემკული, რომელიც მოგვიანოდ, XI საუკუნეში გადაიწერა, ხოლო XIII საუკუნეში საკურთხევლის გამოსახულებების ნაწილი გაცხოველდა. შესაბამისად, კანკელისა და სამრევლო სივრცის შემკულობა მას ერთ ფენად აქვს ნაგულვებელი (Татьяна Шевякова, “Роспись первого слоя (живописи церкви Ламариа села Жибиани сельсовета Ушгули (Верхняя Сванетия)“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე XVII2 (1964), 189-90). მოგვიანებით მკვლევარმა მოხატულობის პირველი ფენია X-XI საუკუნეებით გადაათარიღა, თუმცა კი ამასთან დაკავშირებულ საკითხთა რიგი განუხილველი დარჩა (Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 23-4). ნათელა ალადაშვილი, გაიანე ალიბეგაშვილი და ანელი ვოლსკაია იზიარებენ მოხატულობის ტატიანა შევიაკოვასეულ პირველად დათარიღებას, ისევე როგორც ფენათა დაყოფას (Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Живописная школа Сванети (Тбилиси, 1983), 12, 16-7). მოგვიანებით რუსუდან ყენიამ და ნათელა ალადაშვილმა გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრება ეკლესიის მამკობი ფერწერის ფენების თაობაზე; ისინი მიიჩნევენ, რომ თავდაპირველად მხოლოდ კანკელი მოიხატა, სამრევლო სივრცის პირველი ფენის შემკულობა X საუკუნის მიწურულითა და XI საუკუნის დასაწყისით დაათარიღეს (დანარჩენ ფენებთან მიმართებით გაზიარებული აქვთ ტატიანა შევიაკოვასეული დათარიღებები) (რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 33-4).

ჟიბიანის ღმრთისმშობლის ეკლესიის ფერწერულ შემკულობაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ კანკელისა და ინტერიერის მოხატულობის პირველი ფენები სხვადასხვა დროით მონაკვეთშია შესრულებული. კანკელის ფერწერული დეკორის პირველი ფენა სტილურად ახლოს დგას სვანეთის ეკლესიების კანკელთა IX-X საუკუნის შემკულობებთან (მაგ.: ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიის კანკელის დეკორის პირველი ფენა), ხოლო სამრევლო სივრცის მამკობი ფერწერისთვის დამახასიათებელი ფიგურათა აგების მანერა, ისევე როგორც რიგი სტილური ნიშნებისა მას Χ საუკუნის მიწურულისა და XI საუკუნის დასაწყისის ძეგლებთან აახლოებს (მაგ.: აცის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია, იფხის წმ. გიორგის ეკლესია, მურყმელის მაცხოვრის ეკლესია).


ბიბლიოგრაფია

Рене Шмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой Грузии (Тбилиси, 1962), 229.

Татьяна Шевякова, “Роспись первого слоя (живописи церкви Ламариа села Жибиани сельсовета Ушгули (Верхняя Сванетия)“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე XVII2 (1964), 189-205.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 23-4.

Натела Аладашвили, Гаяне Алибегашвили, Анели Вольская, Живописная школа Сванети (Тбилиси, 1983), 12, 16-7.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 33-4.

მარინე ყენია, “მხატვრობის საერთო სისტემის გადაწყვეტის თავისებურებანი ადრეული ხანის სვანეთის მოხატულობებში“, საქართველოს სიძველენი 12 (2008), 133-4.

მარინე ყენია, “სვანეთის მოხატულობათა აფსიდალური სქემები (IX-XIII საუკუნეები)“, საქართველოს სიძველენი 21 (2018), 65-7.