1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, საბერეები, №6 ეკლესიის...

გარეჯი, საბერეები, №6 ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: გარეჯი, საბერეები, №6 ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: IX საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

 

ოსტატ(ებ)ის

საკურთხევლის სამხრეთ კედელზე, კონქისა და ქვედა რეგისტრის გამმიჯნავი ორნამენტის ქვემოთ შესრულებული, ამჟამად ძალიან დაზიანებული ასომთავრული ტექსტი, სავარაუდოდ, მხატვრის წარწერა უნდა იყოს: […]ႠႲႤႱ [- – – – – – -]Ⴄ [- -] Ⴀ ႶႨႰႱ ႥႨ|[- – – -] […] […]ატეს [- – – – – – -]ე [- -] ა ღირს ვი[ქმენ] […] (ზაზა სხირტლაძე, საბერეების ფრესკული წარწერები [საქართველოს ისტორიის წყაროები: 35] (თბილისი, 1985), 41-2).


აღწერა

მოხატულია გუმბათოვანი ეკლესია, მისი სამხრეთი ეკვდერი, აგრეთვე, სამხრეთი სათავსი.

 

ეკლესია

მოხატულობა ამკობს საკურთხეველსა და ჩრდილოეთ მკლავს; ძალიან დაზიანებული მხატვრობისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტები გაირჩევა, თუმცა პროგრამის დადგენა მაინც შესაძლებელია.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში მოხატულობა ორ რეგისტრადაა წარმოდგენილი – ესაა ქრისტეს დიდების მოკლე სახესხვაობა. კონქში გამოსახულია საყდარზე დაბრძანებული ქრისტე კურთხევად შემართული მარჯვენით და გადაშლილი წიგნით მარცხენა ხელში (წიგნზე ერთ დროს არსებული ვრცელი წარწერიდან გაირჩევა მხოლოდ ორი გრაფემა – ႢႣ გდ). მაცხოვრის ორივე მხარეს მდგომ წმინდა მთავარანგელოზებს – მიქაელს (Ⴜ˜Ⴢ | ႫႵႪ – წ(მიდა)ჲ მ(ი)ქ(ე)ლ) და გაბრიელს (Ⴜ˜Ⴢ | ႢႡ – წ(მიდა)ჲ გ(ა)ბ(რიელ)) ერთი ხელი ქრისტესკენ აქვთ მიმართული და განადიდებენ მას, მეორე ხელში კი გაშლილი გრაგნილი უჭირავთ. მანდორლის გარეშე წარმოდგენილი მაცხოვრის გარშემო დიდი ზომის ოთხი აპოკალიფსური ვარსკვლავია დახატული.

კონქის კიდეებზე, ორივე იმპოსტის ქვემოთ გამოუსახავთ თითო ფიგურა – სავარაუდოდ, წმინდა დიაკვნები. ამჟამად შემორჩა ჩრდილოეთი იმპოსტის ქვეშ წარმოდგენილი ფიგურის სახის და ხელის მტევნის მცირე ფრაგმენტი. ფრესკაზე, სავარაუდოდ, წმინდანის ნახევარფიგურა იქნებოდა გამოსახული.

მეორე რეგისტრში ღმრთისმშობელი (ႼჂ Ⴋ[-] – წ(მიდა)ჲ მ[(არია)მ)]) და მის ორივე მხარეს მოციქულთა რიგია გამოსახული; შემორჩა ფიგურების თავისა და შარავანდის ფრაგმენტები (დედაღმრთისას ფიგურის მარცხნივ იკითხება – ႼჂ [– – – – –] – წ(მიდა)ჲ [პეტრე], ხოლო მარჯვნივ – Ⴜ˜Ⴢ – წ(მიდა)ჲ. ჩრდილოეთი კედლის კიდეში სამი მოციქულის ფიგურა სრულიად წარხოცილია.

რეგისტრები ერთმანეთისგან გამიჯნულია კეცილი ორნამენტით.

 

დარბაზი

ჩრდილოეთ მკლავში, ჯვარცმის კომპოზიცია წარმოდგენილია ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნახევარზე; გარშემო შემოუყვება ფართო კეცილი ორნამენტი. ჯვარცმული ქრისტე გრძელი კოლობიუმითაა წარმოდგენილი (შემორჩა ფიგურის ქვედა ნახევარი). მაცხოვრის ორივე მხარეს, სცენის ზედა ნაწილში ჯვარცმული ავაზაკების გამოსახულებებია; ქრისტეს მარცხნივ (დასავლეთით) ფრონტალურად მდგომი რომაელი ასისთავი ლონგინოზია ([…] || […Ⴄ] || […Ⴢ] – […][…ე][…ჲ]) გამოსახული; ჯარისკაცი გრძელი კაბითაა დახატული და ხელები მაღლა აქვს აპყრობილი; მარცხენა ხელში შვეულად აღმართული გრძელი შუბი უჭირავს. ჯვარცმული ქრისტეს მარჯვნივ (აღმოსავლეთით) მეორე ჯარისკაცია გამოსახული ([…] || […]||[…][-]ႤჂ – […][…][…[მ]ეჲ); ის მაცხოვრისკენაა მიმართული, თავი და მარჯვენა ხელი ზემოთ, ქრისტესკენ აქვს მიპყრობილი (შესაძლოა, ლერწამზე წამოგებული ღრუბელი უჭირავს – დაზიანების პირობებში ამის დანამდვილებით დადგენა ვერ ხერხდება). ლონგინოზის გვერდით (მარცხნივ) ღმრთისმშობელი, ხოლო უსუპთან (მარჯვნივ) წმ. იოანე ღმრთისმეტყველია გამოსახული – ისინი ქრისტეს ფიგურისკენ არიან მიმართულნი (ფიგურების ზედა ნაწილი წარხოცილია).

ჯვარცმის კომპოზიციიდან სამმხრივი კეცილი ორნამენტითაა გამიჯნული ჩრდილოეთი უბის აღმოსავლეთ კედელზე წარმოდგენილი ქტიტორის გამოსახულება, რომელიც გარკვეულწილად ჯვარცმის კომპოზიციის ნაწილადაც აღიქმება. მოხატულობის ფენა დაზიანებულია, თუმცა იხილვება სრული ტანით, ფრონტალურად მდგომი ფიგურა ვედრებად აპყრობილი ხელებით.

 

სამხრეთი ეკვდერი

ეკვდერში მოხატულია მხოლოდ საკურთხეველი და ჩრდილოეთი კედელი.

საკურთხევლის კონქში გამოსახულია საყდარზე დაბრძანებული ღმრთისმშობელი ოდიგიტრია (Ⴜ˜Ⴢ | Ⴋ˜Ⴋ – წ(მიდა)ჲ მ(არია)მ). დედაღმრთისას ორივე მხარეს ფრონტალურად მდგომი მთავარანგელოზებია – წმ. ურიელი (Ⴜ˜Ⴢ ႳႰ[-]ႤႪ – წ(მიდა)ჲ ურ[ი]ელ) და წმ. სურიელი (Ⴜ˜Ⴢ | ႱႭ|ႰႨ|ႤႪ – წ(მიდა)ჲ სორიელ). ანგელოზებს ერთი ხელი მკერდთან, მაყურებლისკენ ნებით აქვთ აღმართული, მეორე ხელში, სავარაუდოდ, გაშლილი გრაგნილი უჭირავთ.

აფსიდის სამხრეთ კიდეში წმ. წინასწარმეტყველ ნათანის (Ⴜ˜Ⴢ | [- -]|[- – -] | ႼႨ|ႬႠႱ|ႼႠႰ|ႫႤႲ|ႷႥႤ|ႪႨ – წ(მიდა)ჲ [ნათან] წინასწარმეტყველი) ძლიერ დაზიანებული გამოსახულებაა.

 

სამხრეთი სათავსი

ამჟამად მთლიანად დანგრეული სათავსის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული იყო წმინდა მხედრების წყვილი. ამჟამად დარჩენილია ერთი ფიგურის ფრაგმენტი.


ბიბლიოგრაფია

Анели Вольская, “Ранние росписи Гареджи”, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1983).

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 9-11.

ზაზა სხირტლაძე, საბერეების ფრესკული წარწერები [საქართველოს ისტორიის წყაროები: 35] (თბილისი, 1985), 37-55.

Анели Вольская, “Росписи пещерных монамтырей Давид Гареджи”, წიგნში: კონსტანტინე ფიცხელაური რედ., გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 134-5.

მარინე ყენია, “ადრეულ ქართულ მოხატულობათა პროგრამების თავისებურების გამო”, საქართველოს სიძველენი 11 (2007), 47-50, 52-3.