1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, საბერეები, №7 ეკლესიის...

გარეჯი, საბერეები, №7 ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: გარეჯი, საბერეები, №7 ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის პირველი ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

 

ოსტატ(ებ)ის

წარწერა შესრულებულია ჩრდილოეთი მკლავის აღმოსავლეთ კედელზე, ჯვარცმის კომპოზიციის ქვემოდან შემომსაზღვრავი ხაზის ქვემოთ: ႫႼႤႰႠႪႨ ႢႪႠႾႠႩႨ ႩჃ[…] მწერალი გლახაკი კჳ[…] (ზაზა სხირტლაძე, საბერეების ფრესკული წარწერები [საქართველოს ისტორიის წყაროები: 35] (თბილისი, 1985), 67-71.


აღწერა

ინტერიერში მოხატულია საკურთხეველი და ჩრდილოეთი მკლავი; ფერწერითაა  გაფორმებული ტრომპები და გუმბათში რელიეფურად გამოყვანილი ჯვარი. საბერეების სხვა ეკლესიებთან შედარებით, მხატვრობა აქ ყველაზე უკეთაა შემონახული.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში ქრისტეს დიდების ვრცელი კომპოზიცია ორ რეგისტრად ნაწილდება. კონქში წარმოდგენილი მაცხოვარი ოვალურ მანდორლაშია მოქცეული და მას ორივე მხრიდან ანგელოზები აღამაღლებენ; იმპოსტებს ქვემოთ, აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კიდეებში, მთავარანგელოზებია გამოსახული. ვარსკვლავიანი ცის ფონზე წარმოდგენილი მანდორლის ქვემოთ, კვარცხლბეკის ორივე მხარეს თითო წყვილი, ერთმანეთში შეწიაღებული ცეცხლოვანი ბორბალია – მათი ზედაპირი თვალებითაა დაფარული.

ქრისტე საყდარზეა დაბრძანებული, მაკურთხეველი მარჯვენით და გადაშლილი კოდექსით (იოანე 1:1). მაცხოვრის ამამაღლებელი ანგელოზები გამოსახულია უჩვეულოდ – აპოკალიფსური თვალებით დაფარული მრავალი ფრთით; ივარაუდება, რომ ფრთების ამგვარი გადმოცემით აქ ანგელოზებთან გაერთიანებულია მრავალფრთედებიც.

აფსიდის კიდეებში გამოსახული წმ. მთავარანგელოზი მიქაელი (Ⴜ˜Ⴢ | ႫႨ|ႵႠႤ|Ⴊ წ(მიდა)ჲ მიქაელ. ο αγιος | Μιχαελ | αρχανγ|ελος) და გაბრიელი (Ⴜ˜Ⴢ | ႢႠ|ႡႰႨ|ႤႪ წ(მიდა)ჲ გაბრიელ. ο αγιος | Γαβριηλ) ფრონტალურად დგანან, მარჯვენა ხელით განდიდებული მაცხოვრისკენ მიუთითებენ, მარცხენა ხელში დახვეული გრაგნილი უჭირავთ.

მეორე რეგისტრში, ცენტრში ღმრთისმშობელია (ႼႫႨ|ႣႠ|Ⴢ | [- -]|[- -]|[- -] – წმიდაჲ [მარიამ]) წარმოდგენილი; დედაღმრთისა ფრონტალურად დგას, განზე, მაღლა აპყრობილი ხელებით (მხოლოდ მარჯვენა ხელის მტევანი და სახის მარჯვენა ნაწილი შემორჩა). ღმრთისმშობლის ორივე მხარეს მოციქულებია გამოსახული – მათი ფიგურები ფრაგმენტულად იხილვება და განმარტებითი წარწერების მიხედვით მხოლოდ რამდენიმე მათგანის გაიგივება ხერხდება; ღმრთისმშობლის ფიგურისგან მარცხნივ (ჩრდილოეთით) პირველი წმ. მოციქული პეტრეა ([- – -]|[- -]|[-] | ႮႤ|ႲႰ|Ⴄ [წმიდაჲ] პეტრე), მის გვერდით წმ. იოანე ღმრთისმეტყველი ([- – -]|[- -]|[-] | [- -]ႠႬ|Ⴄ [წმიდაჲ იო]ანე). სამხრეთ ნახევარზე, ღმრთისმშობლის ფიგურის მარჯვნივ მეხუთე გამოსახულება წმ. მოციქული თადეოზია ([- – -]|[- -]|[-] | ႧႠ|ႣႤ|Ⴍ|Ⴆ [წმიდაჲ] თადეოზ).

საკურთხევლის სატრიუმფო თაღი ხვეული ლენტის სახის ორნამენტითაა გაფორმებული.

 

დარბაზი

ჩრდილოეთი მკლავი მთლიანად ეთმობა ჯვარცმის ვრცელ კომპოზიციას, რომელიც მკლავის სამივე კედელზე და კამარაზეა განაწილებული. მკლავის ჩრდილოეთ კედელზე, კომპოზიციის ზედა მონაკვეთზე, გამოსახულია სამი ჯვარცმული – ცენტრში ქრისტეს შედარებით დიდი ზომის, კოლობიუმით მოსილი ფიგურაა  (შარავანდის ზემოთ,  ჯვრის ზედა მკლავზე არსებულ მართხკუთხა ფირფიტაზე: cαη[-][…]|ο[…]|[…]), მის ორ მხარეს, ოდნავ ქვემოთ – მორწმუნე (Α|γ|α|σ|τ|α|ς აგასტას; Զ|Գ|Ա|Ս|Տ|Ա|Ս – გასტას) და ურწმუნო (Δ|ι|μ|α|ς დიმას; Դ|Ի|Մ|Ա|Ս – დიმას) ავაზაკებია გამოსახული. ავაზაკებს ხელები ჯვრის მკლავების უკან აქვთ შეკრული, ფეხებს ჯვრის გვერდით, რამდენადმე ქვემოთ მდგომი ჯარისკაცები თოკით უკრავენ. ქრისტეს შარავანდის ორივე მხარეს წარწერებია; მარცხნივ – ԵՒ ՀԱՐԵԱԼ ՍՊՈ|ԻՆ ԶՅԵՂԵԳԱՆ | ԼԻ ՔԱՑԱԽՈՎ ԽԱՌ|ՆԵԱԼ ԸՆԴ ՂԵ|ՂԻ ՏԱՅՐ | ԸՄՊԵԼ ՆՄԱ და ლერწამზე წამოგებულ ღრუბელს სავსეს ნაღველში გარეული ძმრით აძლევდა დასალევად მას (მათე 27:48, მარკოზ 15:36, იოანე 19:29 – პერიფრაზი), მარჯვნივ – ԵՒ ԽՈՆԱ|ՐՀԵՑԱՑԷ|ԱԼ ԶԳԼՈՒԽ|Ն ՅԻՍՈՒՍԻ ԱՒԱՆ|ԴԵԱՑ ԶՈ|ԳԻՆ – და მოიდრიკა თავი იესომ და აღმოუტევა სული (იოანე 19: 30). კიდევ ერთი წარწერა შესრულებულია ქრისტეს ჯვრის მარცხენა მკლავის ზემოთ და ქვემოთ: ՅԻՇեԱ ԶԻՍ Տ˜Ր Ի ՔՈՒՄ ՅԱՐ|ՔԱՅՈՒԹԵԱՆԴ – მომიხსენე მე, უფალო, შენს სასუფეველში (ლუკა 23:42 პერიფრაზი). ჯვარცმული მაცხოვრის მარცხნივ, რამდენადმე ქვემოთ, დგას გვირგვინოსანი ქალი – ეკლესია (ԿԱԹՈ|ՂԻԿԷ | ԵԿԵ|Ե|ՑԻ – კათოლიკე ეკლესია), რომელიც ბარძიმის ფორმის სასმისით ქრისტეს ჭრილობიდან მომდინარე სისხლსა და წყალს აგროვებს. ქრისტეს ფეხებთან, მის ორივე მხარეს დგანან რომაელი ასისთავები; მარჯვნივ მდგომ ჯარისკაცს მარჯვენა ხელში ლერწმის ღერო აქვს – ჯვარცმულ ქრისტეს ნაღვლით გაჟღენთილ ღრუბელს აწვდის, მარცხენა ხელში მცირე ზომის ჭურჭელი (ვაშკარანი) უჭირავს. მეორე, ეკლესიის ფიგურის გვერდით გამოსახული შუბოსანი ჯარისკაცი  წმ. ლონგინოზ ასისთავია (ՂՈՆ|ԳԻ|ՆՈՍ).

ქრისტეს ჯვრის ჩამოსწვრივ, ქვედა მკლავის ძირში, უშარავანდო, გამოსახულია წვეროსანი მამაკაცი ორ რომაელ ჯარისკაცს შორის – ჯარისკაცები ორივე ხელი მისკენ აქვს მიმართული. ჯვარცმის კომპოზიციის აქამდე ცნობილ მაგალითებში ადამის სიმბოლური ფიგურა რომაელ ჯარისკაცებს შორის ცნობილი არ არის, შესაბამისად, წვეროსანი მამაკაცის გაიგივება დანამდვილებით ვერ ხერხდება (ადგილის სიმცირის გამო ეს სამი ფიგურა სრული ტანით ვერ იქნებოდა გამოსახული – კომპოზიციის ქვედა მონაკვეთი დაზიანებულია, თუმცა კომპოზიციის ქვედა შემომსაზღვრელი რეგისტრის ხაზის ფრაგმენტი მოსჩანს).

ჯვარცმის კომპოზიციის შემადგენელი სხვა გამოსახულებები განთავსებულია მკლავის კამარაზე, აგრეთვე, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე; აქ მოხატულობა იმპოსტების მეშვეობით ორ რეგისტრად იყოფა. კამარის აღმოსავლეთ და დასავლეთ ქანობებზე მზისა და მთვარის სიმბოლური გამოსახულებებია – მედალიონებში ჩასმული ჰელიოსისა (ΙΛΙ|ΟΝ, ԱՐԵ|ԳԱ|ԿՆ მზე) და არტემიოსის (Σ|Ι|Λ|Ι|Ν|Ε მთვარე) ნახევარფიგურებით; მათ მარჯვენა ხელი ნებით მაყურებლისკენ აქვთ, მარცხენა ხელში ანთებული ჩირაღდნები უჭირავთ. მზის პერსონიფიკაციის გვერდით წარწერაა: ԱՐԵԳ|Ա|Կ|Ն | Խ|Ա|Ւ|Ա|ՐԵ|Ց|Ա|Ւ – მზე დაბნელდა (ლუკა 28:45). აღმოსავლეთ ქანობზე, მედალიონის ქვემოთ გამოსახულია დარბაზული ნაგებობა (ՏԱ|ՃԱ|ՌՆ – ტაძარი იგი), წინ, კარიბჭეში ორად გაყოფილი კრეტსაბმელით, რაც იერუსალიმის ტაძარს განასახიერებს და ჯვარცმის შესახებ სახარებისეულ ტექსტს ხატოვნად გადმოსცემს: Ե|Ւ | Վ|Ա|Ր|Ա|Գ|Ո|Յ|Ր|Ն | Ց|Ե|Լ|Ա|Ւ – და კრეტსაბმელი ტაძრისა განიპო (მათე 27:51; მარკოზ 15:38; ლუკა 23:45). ტაძრის გამოსახულების პირისპირ, დასავლეთ ქანობზე არსებული მზის სიმბოლური გამოსახულების ჩამოსწვრივ, იერუსალიმელ ასულთა ორი მჯდომარე ფიგურაა, წარწერით: Դ˜ՍՏԵՐ|Ք Ե˜ՄԻ | ՄԻ ԼԱ|ՑՔԻ | ՎԵՐ|ԱՅ | ԻՄ | ԱՅ|Ղ | ԼԱՑ|ԷՔԻ | ՎԵ|ՐԱ|Յ Ա|ՆՁԱՆ|Ց ՁԵ|ՐՈ|Ց – ასულნო იერუსალემისა, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ სტიროდეთ თქვენს თავსა ზედა (ლუკა 23:28).

მკლავის აღმოსავლეთ კედელზე, მეორე რეგისტრში ფრონტალურად მდგომი სამი ფიგურაა სრული ტანით გამოსახული. ცენტრში ხელებაპყრობილი მაცხოვარია რომაელ ჯარისკაცებთან ერთად (მისი შარავანდის მარცხნივ: ԱՅԴԱՐ [-]ԵՒ | ԱԴՐ | ԱՅ | Է; მარჯვნივ: [-]ԱՐ|[-]|Ա[-]|[- -]|Ե[-]). მარჯვენა ფიგურას მახვილი ქრისტესკენ აქვს მიმართული, მარცხენა ჯარისკაცი გამოსახულია იდაყვში მოხრილი, ზემოთ აწეული ხელებით.

მკლავის დასავლეთ კედელზე ღმრთისმშობელი და წმ. იოანე ღმრთისმეტყველია წარმოდგენილი სრული ტანით; დედა ღმრთისა ხელით მიუთითებს ჯვარცმული ქრისტესკენ, მოციქული კი ფრონტალურად დგას. ფიგურებთან წარწერებია; დედაღმრთისას ფიგურის მარჯვნივ:  ԱՀԱ | ՄԱՅՐ | ՈՐԴԻ | ՔՈ – აჰა, დედაო ძე შენი; ԱՀԱ | ՈՐ|Դ|Ի | ՄԱ|ՅՐ | Ք|Ո – აჰა, ძეო, დედაჲ შენი (იოანე 19:26-27).

ჩრდილოეთ და დასავლეთ მკლავებს შორის არსებული კუთხის ჩრდილოეთ პირზე, კუთხეს აყოლებული ნახევარსვეტის მარჯვნივ, გაირჩევა დიაკვნის ფრონტალური ფიგურა საცეცხლურით მარცხენა ხელში.


ბიბლიოგრაფია

Анели Вольская, “Ранние росписи Гареджи”, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1983).

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 9-11.

ზაზა სხირტლაძე, საბერეების ფრესკული წარწერები [საქართველოს ისტორიის წყაროები: 35] (თბილისი, 1985), 56-55.

Анели Вольская, “Росписи пещерных монамтырей Давид Гареджи”, წიგნში: კონსტანტინე ფიცხელაური რედ., გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 135-6.

Nicole Thierry, “Courants d’influences dans le monachisme gréco-oriental des IXe-Xe siècles. À propos de Sabereebi n°7”, კრებულში: ზაზა სხირტლაძე რედ., სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი [გარეჯის კვლევის ცენტრის შრომები: II] (თბილისი, 2001), 203-20.

მარინე ყენია, “ადრეულ ქართულ მოხატულობათა პროგრამების თავისებურების გამო”, საქართველოს სიძველენი 11 (2007), 47-50.