1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, საბერეები, №8 ეკლესიის...

გარეჯი, საბერეები, №8 ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: გარეჯი, საბერეები, №8 ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

ისტორიულ პირს უნდა ეკუთვნოდეს წარწერა ჩრდილოეთ მკლავში, დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ კუთხეში: […][-]ႤႴ|[…][-]ႤႫ|[…][-]Ⴍ […][-]ეფ[…][-]ემ[…][-]ო (ზაზა სხირტლაძე, საბერეების ფრესკული წარწერები [საქართველოს ისტორიის წყაროები: 35] (თბილისი, 1985), 122-3).

სამხრეთ კარიბჭეში, კამარის დასავლეთ ქანობზე წარმოდგენილი ისტორიული პირის (სავარაუდოდ, ქტიტორის) ფიგურასთან მდებარე ორსტრიქონიანი ისტორიული წარწერა დაკარგულია; იკითხება მხოლოდ ერთი გრაფემა – Ⴄ – ე.

 

ოსტატ(ებ)ის

წარწერა შესრულებულია საკურთხეველში, კონქში წარმოდგენილი მაცხოვრის კვართის ქობის ქვემოთ, მის ტერფებს შორის: Ⴋ[- -]ႾႭႥႠႰ ႸႫႼႷႠႪႤ ႫႭႬႠ|Ⴢ Ⴘ[- – -] ႫႼ|ႤႰႠႪ|ႨႪ[- – -]| ႷႠႥ[-]| Ⴄ[?] ႨႰႬ[-](?) მ[აც]ხოვარ, შ(ე)მ(ი)წყალე მონაჲ შ[ენი] მწერალი ლ[(ო)ცვა] ყავ[თ] ი[-]რნ[-](?) (ზაზა სხირტლაძე, საბერეების ფრესკული წარწერები [საქართველოს ისტორიის წყაროები: 35] (თბილისი, 1985), 114-6).


აღწერა

მოხატულია ეკლესიის გუმბათი, საკურთხეველი და ჩრდილოეთი მკლავი და სამხრეთი კარიბჭე. ძალიან დაზიანებული მხატვრობისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტები გაირჩევა, თუმცა პროგრამის დადგენა მაინც შესაძლებელია.

 

ეკლესია
გუმბათი

გუმბათის სფეროში, ვარსკვლავებით მოფენილ ფონზე, გამოსახული იყო მედალიონში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი. ოთხივე ტრომპი გაფორმებულია მოწითალო და მონაცრისფრო ზოლების მონაცვლეობით.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში ქრისტეს დიდების კომპოზიცია ორ რეგისტრადაა განაწილებული. კონქში საყდარზე დაბრძანებული ქრისტე მანდორლის გარეშეა წარმოდგენილი; მარჯვენა ხელი კურთხევად აქვს შემართული, მარცხენა ხელში გადაშლილი სახარება უჭირავს (იოანე 8:12; 6:41; 6:51). მაცხოვრის ორივე მხარეს, მისკენ მიმართული მთავარანგელოზის თითო ფიგურაა. ორივეს მარჯვენა მკერდთან აქვს ამართული, ხოლო მარცხენაში დახვეული გრაგნილი უჭირავს. საყდრის ფეხებთან, ორივე მხარეს ხარის (ႩႳႰ[-] – კურ[ო]) და ლომის (ႪႭ|ႫႨ – ლომი) გამოსახულებებია;  მათ უკან, ორივე მხარეს, თითო მრავალფრთედია – ფრთებზე გამოსახული თვალებით (ჩრდილოეთით: ႫႰ[…]|[- -]Ⴓ[-][…] – მრ[…][-]უ[-][…]; სამხრეთით: [- – -]Ⴅ|[- – – -]Ⴀ|Ⴓ[-][…])?) – [მრა]ვ[ალთუ]ალ[-][…]).მრავალფრთედების ზედა ფრთების დაბოლოებაზე, არწივის ნაცვლად, ფარშევანგის გამოსახულებაა (ႴႰ|ႸႠႫ|ႠႢ|Ⴈ – ფ(ა)რშამაგი).

მეორე რეგისტრში, რომელიც კეცილი ორნამენტითაა გამოყოფილი კონქის კომპოზიციისგან, ღმრთისმშობლისა და, მის ორივე მხარეს, მოციქულთა გამოსახულებებია წარმოდგენილი. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ფიგურის თავისა და შარავანდის ფრაგმენტები.

საკურთხევლის სატრიუმფო თაღზე, მის სამხრეთ და ჩრდილოეთ კუთხეებში, გამოსახულია მცირე ზომის თითო ფიგურა, რომლებიც ცენტრისკენ სამი მეოთხედით არიან მიმართულნი.

 

დარბაზი

ჩრდილოეთ მკლავში, ჩრდილოეთი კედლის შუა მონაკვეთზე წმინდა მხედრების ცხენოსანი ფიგურებია გამოსახული; გაირჩევა მხოლოდ ცხენების, გველეშაპისა და გართხმული დიოკლიტიანეს ცალკეული ფრაგმენტები; კომპოზიციის მარცხენა ნაწილში რამდენიმე გრაფემა გაირჩევა – Ⴃ – დ; Ⴈ/Ⴄ – ი ან ე; Ⴔ – ფ. შედარებით უკეთ იკითხება წარწერა წმ. გიორგის გამოსახულებასთან: […][-]ႭႣႠႣ | ႫႭႻႠႾ|ႳႰ ႣႠ Ⴚ|ႳႣႠႣ ႫႦႳႠႭႡ[- -] […] – […][ც]უდად მოძახურ და ცუდად მზუაობ[არ] […].

ჩრდილოეთი მკლავის კამარის ცენტრში მედალიონში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. მედალიონიდან გამომავალი ქსოვილის კიდეები უჭირავს ორ ფიგურას, რომლებიც მკლავის აღმოსავლეთ და დასავლეთ ქანობებზე არიან გამოსახულნი, ვედრებად ამართული ხელებით (აღმოსავლეთით მდებარე გამოსახულებასთან გაირჩევა მხოლოდ: […]ႫႤ – […]მე, დასავლეთ ფიგურასთან – ႣႤႣ – დედ).

ჩრდილოეთი მკლავის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელზე, მეორე რეგისტრში, მოხატულობა აღარ გაირჩევა;  შემორჩა წარწერის ფრაგმენტი დასავლეთი კედლის მარჯვენა კუთხეში: […]| [-]Ⴇ [-]|ႢႤႪႭ|ႦႨ  – […][-]თ [ა]გელოზი.

 

კარიბჭე

სამხრეთი კარიბჭე მთლიანადაა შელესილი და ერთიანად მოხატული. ამჟამად მხატრობა ფრაგმენტულად შემორჩა საკურთხეველში, აგრეთვე კამარის აღმოსავლეთ და დასავლეთ ქანობებზე.

საკურთხეველში გამოსახულია საყდარზე დაბრძანებული ღმრთისმშობელი ელეუსა (Ⴜ˜[-] Ⴋ˜Ⴋ – წ(მიდა)[ჲ] მ(არია)მ). დედასთან მოალერსე ყრმა იესოს (Ⴕ˜Ⴄ – ქ(რისტ)ე) მარჯვენა ხელი დედაღმრთისას ქედზე აქვს მოხვეული, წინ გაწვდილ მარცხენაში კი დახვეული გრაგნილი უჭირავს. ღმრთისმშობლის ორივე მხარეს დგანან მისდამი ორივე ხელით ვედრებად მიმართული წმ. მთავარანგელოზები – მიქაელი (Ⴋ˜Ⴕ˜Ⴊ – მ(ი)ქ(ე)ლ) და გაბრიელი (Ⴂ˜Ⴁ|Ⴐ – გ(ა)ბრ(იელ)).

საკურთხევლის ასწვრივ, კამარის აღმოსავლეთ ქანობზე, გამოსახულია ღმრთისმშობლის  ხარება: მარჯვნივ საყდართან მდგომი ღმრთისმშობლის ფიგურაა (Ⴋ˜Ⴋ – მ(არია)მ) მიგებებად ამართული მარჯვენა ხელით; მარცხნივ – მისკენ მიმართული მახარებელი წმ. მთავარანგელოზი გაბრიელი ღმრთისმშობლისკენ გაწვდილი მაკურთხეველი მარჯვენით (ႢႠႡႰႨႤ|Ⴊ ႠႢႤႪႭ|ႦႨ – გაბრიელ აგელოზი).

ხარების სცენის პირისპის, კამარის დასავლეთ ქანობზე წმ. მარიამის და წმ. ელისაბედის შეხვედრაა წარმოდგენილი; დედაღმრთისას და წმ. ელისაბედს თავი ერთმანეთზე აქვთ მიდებული, ხელები – ერთმანეთისთვის მოხვეული. ამ კომპოზიციისგან რეგისტრის ხაზით არაა გამიჯნული და სცენის ნაწილად აღიქმება მარცხნივ გამოსახული სასულიერო პირის ფრონტალური ფიგურა (წარწერა იხ. ზემოთ) ოთხკუთხა შარავანდით – სავარაუდოდ, ისტორიულ პირი, ქტიტორი. წვეროსან მამაკაცს ნებასახილველი მარჯვენა მკერდთან აქვს ამართული, მოსასხამით დაბურვილი მარცხენათი კი დახურული წიგნი უჭირავს.


ბიბლიოგრაფია

Анели Вольская, “Ранние росписи Гареджи”, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1983).

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 9-11.

ზაზა სხირტლაძე, საბერეების ფრესკული წარწერები [საქართველოს ისტორიის წყაროები: 35] (თბილისი, 1985), 111-39.

Анели Вольская, “Росписи пещерных монастырей Давид Гареджи”, წიგნში: კონსტანტინე ფიცხელაური რედ., გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 136-8.

Анели Вольская, “Особенности росписи восьмой церкви пещерного монастыря Саберееби (Давид-Гареджа)”, ხელოვნებათმცოდნეობა 5 (2006), 109-26.