1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ტბეთი, წმ. მოციქულთა საკათედრო...

ტბეთი, წმ. მოციქულთა საკათედრო ტაძრის მოხატულობა.
პირველი ფენა

ნაგებობა: ტბეთი, წმ. მოციქულთა საკათედრო ტაძარი
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: XI საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: XI საუკუნის მეორე ნახევრის უცნობი მტბევარი ეპისკოპოსი და შავშელი ერისთავი
ოსტატ(ებ)ი: უცნობია; ივარაუდება სხვადასხვა ოსტატის მუშაობა საკურთხევლის კონქში და მეორე რეგისტრში (ეკატერინე პრივალოვას მოსაზრებით)
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

XI საუკუნის მეორე ნახევრის ფენა ტაძრის აფეთქებამდე უმეტესწილად განირჩეოდა საკათედრო ტაძრის საკურთხეველში, ჩრდილოეთი მკლავის ღია თაღნარზე და სამხრეთ-დასავლეთი ბურჯის აღმოსავლეთ პირზე არსებული სამღვდელმთავრო სადგომის ნიშაში.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში მოხატულობა სამ რეგისტრად ნაწილდებოდა:

კონქში წარმოდგენილი იყო მრავალფიგურიანი უფლის დიდება ანგელოზთა დასებით: ზეაღმართული მარჯვენით მაკურთხეველი, სამშრიან მანდორლაში მოქცეული, მდიდრულად გაფორმებულ საყდარზე დაბრძანებული მაცხოვარი (Ι˜Ϲ || [Χ˜Ϲ] (ησο)ς [Χ(ριστό)ς]) გახსნილი კოდექსით (იოანე 8:12), რომლის ორივე მხარეს გამოსახული იყო ფრონტალურად მდგომი მთავარანგელოზის გაცილებით მცირე ზომის ორ-ორი ფიგურა, ლაბარუმითა და სფეროთი, აგრეთვე ცეცხლოვან ბორბლებზე შემომდგარი ორ-ორი მრავალფრთედი და ორ-ორი გრაგნილიანი ანგელოზი (ერთ-ერთის გაშლილ გრაგნილზე შემორჩენილი იყო ტექსტი – ესაია 6:3).

მეორე რეგისტრში საკურთხევლის ერთადერთი სარკმლით ორ ჯგუფად გაყოფილი ათი ფიგურა იყო გამოსახული; მათგან შუა ორს – ღმრთისმშობელს და წმ. იოანე წინამორბედს – ხელში ეჭირა მაცხოვრისადმი ამართული გახსნილი გრაგნილი წარწერით. გრაგნილების ტექსტები მოხატულობის განადგურებამდე ამოკითხული არ ყოფილა; სავარაუდოდ, ორივე ტრადიციულ ტექსტებს შეიცავდა (ღმრთისმშობლის გრაგნილზე – დიალოგით გადმოცემული ვედრება, ხოლო ნათლისმცემლისაზე – იოანე 1:29). ამ ფიგურების ორივე მხარეს გამოსახულნი იყვნენ წმ. პეტრე და წმ. პავლე, ოთხი მახარებელი (ორ-ორი ფიგურა) და თითო მოციქული (ჩრდილოეთი კედლის კიდეზე, სავარაუდოდ – წმ. ანდრია). მესამე რეგისტრში წმინდა მღვდელმთავართა ორ დასად გაყოფილი ათფიგურიანი რიგი გამოუსახავთ; ფიგურებიდან გაიგივებული იყო მხოლოდ წმ. ათანასე ალექსანდრიელი (სამხრეთი კედლის კიდიდან მეორე ფიგურა).

საკურთხევლის ერთადერთი სარკმლის თავანები მცენარეული სახის ორნამენტით იყო გამშვენებული.

საკურთხეველში რეგისტრები ერთმანეთისგან იმიჯნებოდა ორნამენტული სალტეებით (როგორც ჩანს, კიბისებრი მოტივის სახესხვაობით); ასეთივე ორნამენტების არსებობა ივარაუდება ეკლესიის ჩრდილოეთი მკლავის მეორე სართულის ღია გალერეის თაღების შიდა პირებზეც. ეკლესიის დანარჩენ მონაკვეთებზე გასული 1960-იან წლებამდე არსებული სახეების გაიგივება ამჟამად ვერ ხერხდება. დასავლეთ მკლავში ჩადგმული პატრონიკეს თაღებზე შესრულებული წმ. გიორგის ოთხსცენიანი ციკლის, ისევე როგორც იმავე მკლავში გამოსახული წმ. ევდომენოსის გამოსახულებები, XIII საუკუნისთის ნაგებობის გადაკეთების დროს, ან კიდევ უფრო მოგვიანო პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს.

 

დათარიღება

მოხატულობა მკვლევართა მიერ სხვადასხვაგვარად თარიღდება. ივარაუდება ტაძრის აგებასთან მისი თანადროულობა (Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 108); სახელდება XI საუკუნის დასაწყისი (Тинатин Вирсаладзе, “Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи”, II Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1977), 9-10; გადაბეჭდილია – Тинатин Вирсаладзе, Средневековая грузинская монументальная живопись: избранные труды (Тбилиси, 2007), 15-6), ტაძრის არქიტექტურის XI საუკუნის განახლების (1028 წლამდე) შემდგომი მონაკვეთი (Ekaterina Privalova, “Notes on the Murals of Tao-Klarjeti (X-XIII cc.)“, in γιον ρος. Φύση Λατρεία Τέχνη Β’ (Θεσσαλονίκη, 2001), 70-1); მოხატულობის მხატვრული სტილის თავისებურებების გათვალისწინებით გამოთქმულია ვარაუდი მისი XII საუკუნის მიწურულის – XIII საუკუნის დასაწყისისადმი მიკუთვნების შესახებ (Nicole et Michel Thierry, “La cathédrale de T’beti. Nouvelles données”, Cahiers Arhéologiques 47 (1999), 89-96).

მოხატულობის იკონოგრაფიული და სტილური მახასიათებლები სავარაუდოს ხდის, რომ ტბეთის საკათედრო ტაძრის საკურთხევლის ფრესკები, სავარაუდოდ, XI საუკუნის მეორე ნახევარს უნდა მიეკუთვნოს, სახელდობრ, მის მესამე მეოთხედს. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ზემო სვანეთში, ნაკიფარის წმ. გიორგის მოხატულობის შესრულებისას (1130 წ.), მეფის მხატვარ თევდორესთვის ერთ-ერთ წინასახეს სწორედ ტბეთის საკათედრო ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა წარმოადგენდა (Ekaterina Privalova, “Notes on the Murals of Tao-Klarjeti (X-XIII cc.)“, 70-1).


ბიბლიოგრაფია

Андрей Павлинов, “Экспедиция на Кавказ 1888 года”, Материалы по Археологии Кавказа III (1893), 71-5.

Георгiй Мерчулъ, Житiе св. Григория Хандзт҅iйскаго. Грузинскiй текстъ. Введенiе, изданiе, переводъ Н. Марра съ дневникомъ поѣздки въ Шавшiю и Кларджiю [Тексты и разысканiя по армяно-грузинской филологiи VII] (Санктъ-Петербургъ, 1911), 10-25 = ნიკო მარი, შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურები (ბათუმი, 2015), 116-42.

Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 108.

Тинатин Вирсаладзе, “Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи”, II Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1977), 9-10 = Тинатин Вирсаладзе, Средневековая грузинская монументальная живопись: избранные труды (Тбилиси, 2007), 15-6.

Nicole et Michel Thierry, “La cathedrale de T’beti. Nouvelles donnees“, Cahiers archéologiques 47 (1999), 77-100.

Ekaterina Privalova, “Notes on the Murals of Tao-Klarjeti (X-XIII cc.)”, კრებულში: γιον ρος. Φύση Λατρεία Τέχνη, Β’ (Θεσσαλονίκη, 2001), 70-1, fig. 14

მარიამ დიდებულიძე, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში“, საქართველოს სიძველენი 19 (2016), 58-9.

 

მოხატულობის დიდწილად დაღუპვის გამო დედნის მნიშვნელობა ეძლევა საარქივო ფოტომასალასა და ასლებს.

ფოტოსურათები – Андрей Павлинов, “Экспедиция на Кавказ 1888 года“, Материалы по Археологии Кавказа III (1893), табл. XLII, XLIII (ივან ბარშჩევსკის ფოტოსურათები, 1888 წ.); ცალკეული ფოტოსურათები ნიკოლ ტიერის სტატიაში ტბეთის საკათედრო ტაძრის შესახებ (Nicole et Michel Thierry, “La cathedrale de T’beti. Nouvelles donnees“, Fig. 26-33).

სქემები – საკურთხევლის მოხატულობის მეორე რეგისტრის ორი შუა ფიგურის ზოგადი სქემა შესრულებულია ნიკოლ ტიერის მიერ, იხ. Nicole et Michel Thierry, “La cathedrale de T’beti. Nouvelles donnees“, Fig. 31.