1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, ღმრთისმშობლის...

გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, ღმრთისმშობლის ეკლესია,
სადიაკვნეს მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: გარეჯი, უდაბნოს მონასტერი, ღმრთისმშობლის ეკლესია,
სადიაკვნე
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

სადიაკვნის ინტერიერი თავდაპრველად ნაწილობრივ მოუხატავთ – გამოსახულებები შესრულდა საკურთხეველში, დარბაზის ჭერზე, დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების გაყოლებით, ზედა ნახევარზე.

მოგვიანებით, XIII საუკუნის დასაწყისში, სადიაკვნე კირის თხელი ფენით დაიფარა და ფერწერით ხელმეორედ შეიმკო; ხელუხლებელი დარჩა საკურთხევლის კომპოზიცია, რომელსაც ცალკეული გამოსახულებები დაემატა.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში ვედრების სამ ფიგურიანი კომპოზიციის შედარებით ადრეული იკონოგრაფიული სახესხვაობაა წარმოდგენილი: კვარცხლბეკზე მდგომი მაცხოვარი მაკურთხებელი მარჯვენითა და გაშლილი კოდექსით ხელში, მისადმი მეოხად მიმართული ღმრთისმშობლისა და წმ. იოანე წინამორბედის გამოსახულებებით.

 

დარბაზი

დარბაზში ჭერის არათანაბარ, ტალღოვან ზედაპირს ამკობდა ვარსკვლავებიანი ცის ფონზე წარმოდგენილი დიდი ზომის ჯვარი. ჯვრის მკლავთაშორის არეებზე გამოსახულ ოთხხატედებს სამწმინდა ლოცვის ამონარიდები ჰქონდათ დართული (ႼႫႨႣႠ ႠႰႱ ႼႫႨႣႠ ႠႰႱ ႼႫႨႣႠ ႠႰႱწმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს (ესაია 6:3)).

დარბაზის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გამოსახულია წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი – იგი დასავლეთ კედლის სამხრეთი კუთხიდან იწყება და უწყვეტად გრძელდება ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთამდე. სცენები შესრულებულია მოჩარჩოების გარეშე; ზემოდან და ქვემოდან ისინი მთაგრეხილისა და ბალახოვან-ყვავილოვანი ნიადაგის უწყვეტი ზოლებითაა შემოსაზღვრული.

ციკლის პირველ კომპოზიციაში მთიანი ლანდშაფტის ფონზე მსხდომი, ერთმანეთისადმი მიმართული ორი მოწესეა გამოსახული. მათგან მარჯვენა, მიმართვის ნიშნად აღმართული ხელით, წმ. დავითი უნდა იყოს, ხოლო მარცხენა,  კუნკულითა და ორად გაყოფილი წვერით – წმ. ლუკიანე. როგორც ჩანს, ამ სცენაში ასურელ მამათა უდაბნოდ მისვლა და მკვიდრობაზე  მსჯელობის ეპიზოდია წარმოდგენილი.

კლაკნილტანიან ხეთა შორის მოქცეული მეორე კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია ჯვრის წინაშე ლოცვად მდგომი მოწესე, რომელსაც ორივე ხელით ოდნავ გაშლილი წიგნი უჭირავს. ივარაუდება, რომ ეს უნდა იყოს  წმ. დავითის ლოცვის ამსახველი სცენა.

მესამე კომპოზიციის  ზედა, მარჯვენა მონაკვეთში განირჩევა ბერის ოდნავ დახრილი ფიგურა, რომელიც სცენის ქვედა ნაწილში, მიწაზე ლოცვად დამხობილი ბერისადმია მიმართული. სავარაუდოდ, მოცემული სცენა წმ. დავით გარეჯელის ცხოვრებაში მოთხრობილ ერთ-ერთ სასწაულს უნდა უკავშირდებოდეს.

ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთზე განირჩევა მცირე ფრაგმენტი, ორად დახრილი დიაგონალური ხაზის სახით, რაც სავარაუდოს ხდის, რომ აქ კიდევ ერთი, რიგით მეოთხე კომპოზიცია უნდა გამოესახათ.

მეხუთე კომპოზიციაში სამი მოწესე მაღალი მთის ფონზეა წარმოდგენილი. მათგან შუა, მარცხნივ მიმართული ფიგურა მაღალქობაშემოვლებული კუნკულით, გრძელი მოსასხამითა და ხელში გონიოთი გამოუსახავთ. სცენის მარცხენა მონაკვეთში ორად გაყოფილი წვერით, საბერო ჩოხითა ქვაბურა კუნკულით მოსილ მეორე ბერს ხელთ გრძელტარიანი ნიჩაბი უპყრია და დაბალ ბორცვზე მიწას თხრის. მთის ქვედა, მარჯვენა ნაწილში წარმოდგენილ მესამე, მუხლმოყრილ ბერს, მაღალი, მტიერი შუბლითა და მოგრძო წვერით ხელი დაბალი ბორცვისკენ აქვს გაწვდილი. სცენა უნდა ასახავდეს წყლის აღმოცენების სასწაულს, რომელიც წმინდანის ცხოვრებაშია მოთხრობილი.

მეექვსე კომპოზიციაში, ბორცვზე მიდგმულ, დიაგონალურად ამართულ კიბეზე ამავალ ბერს ზურგზე მოკიდებულ კალათში მჯდომი თანამოწესე აჰყავს; მთაზე ამავალთ კიბის თავზე სხივებად დაფენილი მნათობი მიუძღვება. სავარაუდოდ, კომპოზიცია ღირსი მამა დოდოს მიერ გარეჯელ მოწესეებთან ერთად „რქასა მას განსვლას“ და იქ სამონაზვნო მოღვაწეობის დაწყებას უნდა ასახავდეს.

ბოლო, მეშვიდე კომპოზიციაში წმ. დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმის მოლოცვის ეპიზოდია წარმოდგენილი. სცენის მარცხენა ნახევარზე მხარზე გადაკიდებული აბგითა და გრძელი კვერთხით მარჯვენაში იერუსალიმად მიმავალი წმ. დავითი გამოუსახავთ, მარჯვენა ნახევარზე კი – იერუსალიმის ფონზე მდგომი ორი სასულიერო პირი. მათგან პირველი –  იერუსალიმის პატრიარქი ელია (ფიგურის თავთან შემორჩენილ წარწერაში იკითხება ႤႪႨႠელია) გრძელი კვერთხითა და მოწოდების ნიშნად აღმართული ხელით წმ. დავითისკენ მიემართება. მის უკან მდგომი სასულიერო პირი კი მზერას და მარჯვენას აღაპყრობს კომპოზიციის ზედა, მარჯვენა მონაკვეთისკენ, სადაც  ანგელოზის ნახევარფიგურა უნდა იყოს გამოსახული.

 

დათარიღება

უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის სადიაკვნეს მოხატულობის პირველი ფენის შექმნის სავარაუდო პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. შალვა ამირანაშვილი ვარაუდობდა, რომ მხატვრობა IX საუკუნის მეორე ნახევარში უნდა შეექმნათ (Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи (Тбилиси, 1957), 41-53); გურამ აბრამიშვილმა მოხატულობა IX საუკუნის 60-იანი წლებით დაათარიღა; ამგვარ დათარიღებას იზიარებდა სვეტლანა ტომეკოვიჩიც (გურამ აბრამიშვილი, “დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის კედლის მხატვრობის თარიღისათვის“, მაცნე: ისტორიის არქეოლოგიის ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია 5 (1970), 199-222; გურამ აბრამიშვილი, დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში (თბილისი, 1972), 21-59; Svetlana Tomekovic, “Les particularités du cycle paint de la vie de David Gareji (IXe-Xe siècle – debut du XIIIe siècle)“, Revúe des études géorgiannes et caucasiennes 2 (1986), 120-1); თინათინ ვირსალაძე და ანელი ვოლსკაია მოხატულობის შექმნას X საუკუნის მიწურულს ან XI საუკუნის დასაწყისში ვარაუდობდნენ (Тинатин Вирсаладзе, “К вопросу о датировке первоначальной росписи северного придела главного храма монастыря Удабно“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მაცნე 6 (1968), 239; Анели Вольская, Роспись цредневековых  трапезных Грузии (Тбилиси 1974), 87-97); ენტონი ისტმონდი თავდაპირველად იზიარებდა მხატვრობის ამგვარ დათარიღებას (Antony Eastmond, “The Cult of St. Davit Garejeli, Patronage and Iconographic Change in the Gareji Desert“, კრებულში: ზაზა სხირტლაძე რედ., სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი [გარეჯის კვლევის ცენტრის შრომები: II] (თბილისი, 2001), 226), მოგვიანოდ კი, ზაზა სხირტლაძესთან ერთად, ფრესკების შექმნის სავარაუდო პერიოდად X საუკუნე იქნა დასახელებული (ზაზა სხირტლაძე, ენტონი ისტმონდი, “წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის სადიაკვნეს მოხატულობაში: ახალი მონაცემები და დაკვირვებები“, საქართველოს სიძველენი 2 (2002), 63; Antony Eastmond, Zaza Skhirtladze, “Udabno Monastery in Georgia: Innovation, Conservation and the Reinterpretation of Medieval Art“, Iconographica VII (2008),  23-43); ლადო მირიანაშვილმა სადიაკვნეში გამოსახული ერთ-ერთი სცენა, რომელიც წყაროს აღმოცენებად არის მიჩნეული, გააიგივა წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მოპოვების სცენასთან; იგი სადიაკვნის მხატვრობას XI საუკუნის დასაწყისით ათარიღებს და უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის მოხატულობის თანადროულად მიიჩნევს (ლადო მირიანაშვილი, “წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების არქაული ფრესკული ციკლის ახლებური გააზრება“, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები XIV-XV (2016-17), 630).


ბიბლიოგრაფია

Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи (Тбилиси, 1957), 41-55.

Тинатин Вирсаладзе, “К вопросу о датировке первоначальной росписи северного придела главного храма монастыря Удабно“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მაცნე 6 (1968), 223-39.

გურამ აბრამიშვილი, “დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის კედლის მხატვრობის თარიღისათვის“, მაცნე: ისტორიის არქეოლოგიის ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია 5 (1970), 199-222.

გურამ აბრამიშვილი, დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში (თბილისი, 1972), 21-59.

Анели Вольская, Росписи средневековых  трапезных Грузии (Тбилиси 1974), 87-98.

Svetlana Tomekovic, “Les particularités du cycle paint de la vie de David Gareji (IXe-Xe siècle – debut du XIIIe siècle)“, Revúe des études géorgiannes et caucasiennes 2 (1986), 114-34.

Анели Вольская, “Росписи пещерных монастырей Давид-Гареджи”, წიგნში: კონსტანტინე ფიცხელაური რედ., გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები VIII] (თბილისი, 1988), 87-98.

Antony Eastmond, “The Cult of St. Davit Garejeli: Patronage and Iconographic Change in the Gareji Desert“, კრებულში: ზაზა სხირტლაძე რედ., სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი [გარეჯის კვლევის ცენტრის შრომები: II] (თბილისი, 2001), 220-39.

ზაზა სხირტლაძე, ენტონი ისტმონდი, “წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის სადიაკვნეს მოხატულობაში: ახალი მონაცემები და დაკვირვებები“, საქართველოს სიძველენი 2 (2002), 42-64.

Antony Eastmond, Zaza Skhirtladze, “Udabno Monastery in Georgia: Innovation, Conservation and the Reinterpretation of Medieval Art“, Iconographica VII (2008), 23-43.

ლადო მირიანაშვილი, “წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების არქაული ფრესკული ციკლის ახლებური გააზრება“, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები XIV-XV (2016-17), 623-34.