ქემერტი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა.
პირველი ფენა
ნაგებობა: | ქემერტი, წმ. გიორგის ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | პირველი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | VIII ს. |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
პირველი ფენის მხატვრობა 1991 წლის მიწისძვრის შედეგად ეკლესიის დაზიანების შემდგომ, მოხატულობის მეორე ფენის ჩამოშლისას გამოჩნდა.
საკურთხეველი
საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს გამოსახული იყო ორი მომცრო კომპოზიცია. იყო თუ არა პირველი ფენის მხატვრობა საკურთხევლის სხვა მონაკვეთებზე ან ინტერიერის სხვა არეებზე, ამის დაბეჯითებით თქმა ვერ ხერხდება; ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ეკლესიის რესტავრაციის დროს განხორციელებული კვლევისა და დაკვირვებების შედეგები – ამ მონაცემების მიხედვით, საკურთხევლის სარკმლის მიმდებარე არეების გარდა, ფერწერის ფრაგმენტები სხვაგან დადასტურებული არ ყოფილა.
დაზიანების საფრთხის გამო მხატვრობის პირველი ფენის ორი ფრაგმენტი მოიხსნა და ძველი ქართული მხატვრობის კვლევის, ფიქსაციისა და რესტავრაციის ცენტრში გადაიტანეს; მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
საკურთხეველში, სარკმლის ორივე მხარეს (160 სმ. სიმაღლეზე) გამოსახული იყო ორი კომპოზიცია, რომელთაგან თითოეული ფართო მოჩარჩოებაში იყო მოქცეული და ხატის ტიპის გამოსახულებებს წარმოადგენს.
შედარებით დიდი ზომისაა სარკმლის სამხრეთ მონაკვეთზე არსებული გრძივი, მართხკუთხა მოყვანილობის კომპოზიცია (61×44 სმ.); სამფიგურიანი სცენის ცენტრში გამოსახულია საყდარზე დაბრძანებული ქრისტე ჯვრული შარავანდით; ფრონტალურად, სრული ტანით წარმოდგენილ მაცხოვარს ხელები, ვედრების ნიშნად, მკერდთან, ერთმანეთისკენ აქვს მიმართული; გადაშლილი წიგნი ფიგურის წელთან არის განთავსებული. მაცხოვრის ორივე მხარეს სრული ტანით წარმოდგენილი ფიგურები ფრონტალურად დგანან. გამოსახულებების ცუდი დაცულობა და ზოგადად, მოხატულობის შესრულების ხასიათი (გრაფიკული, პრიმიტიული ნახატი) ართულებს ამ გამოსახულებების გაიგივებას. ქრისტეს მარცხნივ (სამხრეთით) მდგომს წმინდანს მოსავს გრძელი კვართი ვიწრო სარტყლით, ორივე ხელი მაცხოვრისკენ აქვს მიმართული (მარჯვენა ხელით ეხება კიდეც მაცხოვრის ფიგურას); ქრისტეს მარჯვნივ (ჩრდილოეთით) მდგომი წვეროსანი წმინდანს მარჯვენა ხელით წიგნი უჭირავს; მოსავს ბისონის მსგავსი მოსასხამი. ივარაუდება, რომ ქრისტეს მარჯვნივ უნდა გამოესახათ ღმრთისმშობელი, მარცხნივ კი – წმ. იოანე ნათლისმცემელი, შესაძლოა, წმინდანი ან ქტიტორი. არ გამოირიცხება აღსაყდრებული ქრისტეს გვერდით წმინდა მოციქულთა დასის მეთავეთა – წმ. პეტრეს და წმ. პავლეს ფიგურების არსებობაც.
სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახული, შედარებით მომცრო კომპოზიციის (31×34 სმ.) ცენტრში წარმოდგენილია ფრონტალურად მდგომი შარავანდმოსილი ფიგურა, სცენის კუთხეებში კი ბევრად უფრო მცირე ზომის, ფრონტალურად მდგომი, ოთხი ფიგურაა გამოსახული (ქვედა მარცხენა კუთხეში არსებული ფიგურა მთლიანადაა წარხოცილი). ცენტრალური ფიურა წვეროსანია, მოსავს კვართი და მოსასხამი; განირჩევა მკერდთან მიტანილი და მარცხნივ მიმართული გაშლილი ხელის მტევანი. მარჯვენა მხარეს, ზედა და ქვედა კუთხეებში გამოსახული მცირე ზომის ფიგურები უშარავანდოა, წარმოდგენილია სრული ტანით, კვართითა და მხარზე გადადებული მოსასხამით. ზედა მარცხენა კუთხეში წარმოდგენილი უწვერო ფიგურა შარავანდმოსილია (ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახული ფიგურა წვეროსანია), ისიც კვართითა და მოსასხამითა არის მოსილი, მკერდთან ამართული ხელი მარცხნივ აქვს გაწვდილი.
კომპოზიციის რაობის დადგენა, შესაბამისად, აღნიშნული ფიგურების გაიგივება ვერ ხერხდება.
ბიბლიოგრაფია
ზაზა სხირტლაძე, მერაბ ბუჩუკური, “მოხატულობის ფრაგმენტები ქემერტის ეკლესიიდან“, საქართველოს სიძველენი 6 (2004), 9-20.
ზაზა სხირტლაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი (თბილისი, 2008), 160-2, ტაბ. XI1.