გარეჯი, წამებულის მონასტერი, მცირე ეკლესიის მოხატულობა
ნაგებობა: | გარეჯი, წამებულის მონასტერი, მცირე ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | X ს. |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
წამებულის მონასტრის აღმოსავლეთი მასივის მცირე დარბაზული ეკლესიის ინტერიერში მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის კონქი მოუხატავთ; ამჟამად ეკლესია კონქის საბჯენ ქუსლამდე მიწითაა ამოვსებული.
საკურთხეველი
საკონქო კომპოზიციად წარმოდგენილია ვედრება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია უხვად მოოჭვილ, ზურგიან და კვარცხლბეკიან საყდარზე დაბრძანებული მაცხოვრის ფიგურა (განმარტებითი წარწერა აღარ გაირჩევა); მას მარჯვენა მკერდთან აქვს შემართული კურთხევად, ხოლო მარცხენით მუხლზე იყრდნობს გახსნილ კოდექსს ასომთავრული წარწერით (იოანე 8:12).
მაცხოვრისკენ ვედრებად არიან მიმართული ღმრთისმშობელი (მარცხნიდან) და წმ. იოანე წინამორბედი (მარჯვნიდან). ამ სამ ფიგურას შორის ჩართულია თითო მრავალფრთედის გამოსახულება.
ღმრთისმშობელს (Ⴃ˜ႣჂ | Ⴖ˜Ⴢ – დ(ე)დ(ა)ჲ ღ(მრთისა)ჲ) ხელთ უპყრია გაშლილი გრაგნილი, რომელზეც ასომთავრულით დატანილია ამჟამად თავბოლონაკლული ტექსტი ([…] ႹႤႫႭ | ႱႭႴ|ႪႨႱႠ|ႧႳჃႨႱ | ႢႤႥႤ|[…] – […] ჩემო, სოფლისათჳის გევე[…]), რომელიც ღმრთისმშობლის „პარაკლისისის“ სახელით ცნობილი დიალოგური ეპიგრამაა და ამ ტექსტის გამოყენების უადრესი მაგალითი შუა საუკუნეების საქართველოში.
წმ. იოანე ნათლისმცემელს (Ⴜ˜Ⴢ ჂႭ|ႥႠႬႤႬ|ႠႧႪႨႱ|ႫႺႤႫႤႪႨ:. – წ(მიდა)ჲ ჲოვანე ნათლისმცემელი) ხელთ უპყრია გაშილი გრაგნილი, რომელზეც ასომთავრულით დატანილია შუა ნაკლული წარწერა თხუთმეტ სტრიქონად (მათე 3:3; მარკოზი 1:3; ლუკა 3:4).
მაცხოვრის, ღმრთისმშობლისა და წმ. იოანე წინამორბედის ფიგურებს შორის წარმოდგენილია მრავალფთრთედების თითო ფიგურა; მარცხნივ – სერაფიმი (წარწერა დაკარგულია); მარჯვნივ – ქერუბიმი (Ⴕ|Ⴄ|Ⴐ|Ⴀ|ႡႨ|ႬႨ – ქერაბინი).
საკონქო კომპოზიცია მოჩარჩოებულია არცთუ ფართო ორნამენტული სალტეებით. ისინი მცენარეულ მოტივზე აგებულ სახეებს შეიცავს.
ბიბლიოგრაფია
Георгий Чубинашвили, Пещерные монастыри Давид-Гареджи. Очерк по истории искусства в Грузии (Тбилиси, 1948), 46-7.
გივი გაფრინდაშვილი, “1089 წლის წარწერა მიწისძვრის შესახებ გარეჯის წამებულის უდაბნოს ‘ხარიტონის ქუაბიდან’“, მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია 2 (1976), 177-86.
Анели Вольская, “Ранние росписи Гареджи”, IV Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1983), 5.
Анели Вольская, “Росписи пещерных монастырей Давид-Гареджи”, კრებულში: კონსტანტინე ფიცხელაური რედ., გარეჯი [კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები: VIII] (თბილისი, 1988), 138-9.
“გარეჯის მრავალმთის მონასტრები. დასავლეთი მასივის გამოქვაბული მონასტრების არქიტექტურის, კედლის მხატვრობისა და ეპიგრაფიკის სრული ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია“, კრებულში: ნიკოლოზ ვაჩეიშვილი რედ., ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა – 1997 (თბილისი, 1997), 40-1, ტაბ. 46-7, xxxvi-xxxvii.
ანელი ვოლსკაია, დიმიტრი თუმანიშვილი, მარინე ბულია, თეიმურაზ ჯოჯუა, დავით გარეჯის მონასტრები: ნათლისმცემელი, ბერთუბანი (თბილისი, 2011), 64-5.