1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. გარეჯი, წმ. იოანე ნათლისმცემლის...

გარეჯი, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი,
მცირე ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: გარეჯი, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, მცირე ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის მიწურული
ქტიტორ(ებ)ი: იოანე მამასახლისი
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

ჩრდილოეთ კედელზე, მირქმის კომპოზიციის მარჯვენა მონაკვეთზე არსებული ვრცელი, ისტორიული პირის წარწერა 1980-იან წლებში თითქმის სრულად განადგურდა: […]˜Ⴐ|[…]Ⴕ ˜Ⴋ|[…]˜ႭႬ | ႫႤႭ[–] | ႤႵႫႤႬ | ჂႭႥႠ|ႬႤ Ⴋ˜ႫႠ|ႱႠႾႪႨ|ႱႱႠ ႣႶ[…] – […]˜რ[…]ქ ˜მ[…] ˜ონ მეო[-] ექმენ ჲოვანე მ(ა)მასახლისსა დღ[…] (ზაზა სხირტლაძე, “იოანე მამასახლისის საკტიტორო მოღვაწეობა გარეჯის მრავალმთის ნათლისმცემლის მონასტერში”, კრებულში: ზაზა სხირტლაძე რედ., სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი, საერთაშორისო კონფერენციის მასალები [გარეჯის კვლევის ცენტრის შრომები: II] (თბილისი, 2001), 146-7). ტექსტი 1913 და 1921 წლებში თითქმის დაუზიანებელი სახით იყო შემორჩენილი; წარწერა ექვთიმე თაყაიშვილმა და სარგის კაკაბაძემ სრულად ამოიკითხეს; მათ მიერ შესრულებული გადმონაწერების მიხედვით ტექსტი შემდეგნაირად შეიძლება აღდგეს: [მი]რქ(მა)ჲ ჲ(ესო)ჳ ქ(რისტ)ე|[სი. სჳმე]ონ | [ო(ჳფლი)ს მ(ი)მრქმელი]. მეო[ხ] | ექმენ | ჲოვა|ნე მ(ა)მა|სახლი|სსა დღ|[ესა | მას გა|ნკითხ|ჳსა|სა].

 

ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ნალესობის კვალი ინტერიერის სხვადასხვა მონაკვეთზე შემორჩა; მოხატულობის ფრაგმენტები გაირჩევა საკურთხეველში და დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში მოხატული იყო მხოლოდ ცენტრალური ნიშა; ამჟამად დარჩენილი ფრაგმენტების მიხედვით ივარაუდება, რომ შესაძლოა, ნიშაში წარმოდგენილი ყოფილიყო ჯვრის გამოსახულება.

 

დარბაზი

დარბაზში, ჩრდილოეთ კედელზე არსებული მოხატულობა შედარებით უკეთ შემორჩა. შეკიდული თაღის აღმოსავლეთი ნახევრის ქვეშ მირქმის სამფიგურიანი კომპოზიციაა გამოსახული. კომპოზიციის მარჯვენა მონაკვეთზე შესრულებული იყო მრავალსტრიქონიანი საქტიტორო წარწერა (იხ. ზემოთ).

შეკიდული თაღის ქუსლის ქვეშ გამოსახული სამფიგურიანი კომპოზიცია, ფერწერული ხატის მსგავსად, კვადრატული ფორმის ოთხკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული. გამოსახულებებიდან მხოლოდ მცირე ფრაგმენტები შემორჩა, თუმცა მაინც გაირჩევა კომპოზიციის ცენტრში ფრონტალურად წარმოდგენილი, შედარებით დიდი ზომის გამოსახულება და მის აქეთ-იქით მდგომი თითო ფიგურა, რომლებიც შუა ფიგურისკენ არიან მიმართულნი. კომპოზიციის იკონოგრაფიული სქემა ცხდაყოფს, რომ ფრესკაზე  უნდა გამოესახათ წმ. სვიმეონ მესვეტის მიერ წმ. კონონის აღდგინების სცენა: ცენტრში წმ. სვიმეონ მესვეტე, მის ორივე მხარეს  კი – წმ. მართა, წმინდანის დედა და წმ. კონონი – წმინდანის უახლოესი მოწაფე. კომპოზიციის ზედა, მარცხენა კუთხეში განმარტებითი წარწერებია შესრულებული: შვეულად – Ⴑ|Ⴇ|Ⴋ|[-]|Ⴋ|Ⴇ|[-]|[-] – სთმ[-]მთ[- -], თარაზულად – ႫႨ – მი.

წმ. სვიმეონ მესვეტის მიერ წმ. კონონის აღდგინების სცენა მოგვიანოდ, XII-XIII საუკუნეებში, ნაწილობრივ გადაუწერიათ. იმხანადვე, ძველ განმარტებით წარწერასთან შესრულდა კიდევ ერთი წარწერა ([…]|Ⴀ ႫႭႾႳႺႤ|ႡႳ|Ⴊ|[…] – […]ა მოხუცებულ[…]).


ბიბლიოგრაფია

ზაზა სხირტლაძე, “იოანე მამასახლისის საკტიტორო მოღვაწეობა გარეჯის მრავალმთის ნათლისმცემლის მონასტერში”, კრებულში: ზაზა სხირტლაძე რედ., სამონასტრო ცხოვრება უდაბნოში: გარეჯა და ქრისტიანული აღმოსავლეთი, საერთაშორისო კონფერენციის მასალები [გარეჯის კვლევის ცენტრის შრომები: II] (თბილისი, 2001), 133-66.