1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ხახული, ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრის...

ხახული, ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრის მოხატულობა

ნაგებობა: ხახული, ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: დავით კურაპალატი
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

აღარ იკითხება

 

ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესია აგებისთანავე არასრულად უნდა მოეხატათ. ამჟამად მხატვრობის ფრაგმენტები განირჩევა ეკლესიის ინტერიერის სხვადასხვა მონაკვეთზე.

 

გუმბათი

კამარაში წარმოდგენილია წმინდა ჯვრის ხილვა-გამოჩინება – ვარსკვლავებიან ცაზე, ორფერიანი დიდებაში მოქცეული ტოლმკლავა, უხვად მოოჭვილი ჯვრის სახით. გუმბათის კამარის ქვედა ნაწილში, აღმოსავლეთ მონაკვეთზე, მცირე ტრომპების თავზე შემორჩენილია წმ. წინასწარმეტყველ ელიას ამაღლების სცენა წმ. მთავარანგელოზ რაფაელის (ႰႠႴႠႤႪ – რაფაელ) და წმ. წინასწარმეტყველ ელისეს (ႤႪႨ[- -] – ელი[სე]) ფიგურებით. გუმბათის ყელის სარკმელთა თავანებზე განირჩევა ორნამენტული მოტივების ფრაგმენტები. გუმბათქვეშა კამარის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში მზისა და მთვარის პერსონიფიკაციები იყო წარმოდგენილი (ამჟამად განირჩევა მხოლოდ მზის დისკო).

 

საკურთხეველი

საკურთხეველში მხატვრობა, როგორც ჩანს, სამ რეგისტრად იყო განაწილებული. კონქში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო უფლის დიდება (ფრაგმენტულად შემორჩა საყდარზე დაბრძანებული მაცხოვრის ფიგურა, რომლის ორივე მხარეს წარმოდგენილი იყო მრავალფრთედთა და მთავარანგელოზთა დასი).

საკურთხევლის საკონქო კომპოზიციას მოხატულობის მეორე რეგისტრისგან საზღვრავს გეომეტრიული მოტივით შექმნილი ფართო ორნამენტული ზოლი. მეორე რეგისტრის ცენტრში წარმოდგენილი იყო მთავარანგელოზთა თითო ფიგურას შორის (ამჟამად განირჩევა მხოლოდ მარცხენა ფიგურა, ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, მ˜ქლ მ(ი)ქ(აე)ლ) მოქცეული ღმრთისმშობელი, რომლის ორივე მხარეს ექვს-ექვსი მოციქული იქნებოდა წარმოდგენილი. დღეს დარჩენილია მხოლოდ ოთხი ფიგურა აფსიდის ჩრდილოეთი კედელზე (ექვთიმე თაყაიშვილის ხახულში ყოფნისას გაირჩეოდა ექვსივე ფიგურა განმარტებითი წარწერებით: წ˜ჲ ი˜ნე, წ˜ჲ მათე, წ˜ჲ მოდისტოს, წ˜ჲ ბართლომე). თაყაიშვილის დროსვე, საკურთხევლის ერთადერთი სარკმლის თავანზე შერჩენილი იყო მხატვრობის ფრაგმენტები.

საკურთხევლის მოხატულობის მესამე რეგისტრი მეორე რეგისტრისაგან გამიჯნული იყო სიუხვის რქის მოტივებით შექმნილი ორნამენტული ფრიზით, რომელიც გადადიოდა და აერთიანებდა საკურთხევლის კედელში შეჭრილი მაღალდასაჯდომელი ნიშების მცირე ზომის კონქებს. მესამე რეგისტრი ამ ნიშების ზედა ნაწილში იყო განთავსებული: თითო ნიშაში თითო წმ. წინასწარმეტყველის ფრონტალური ფიგურა იქნებოდა გამოსახული (ამჟამად განირჩევა მხოლოდ ერთი ფიგურის ფრაგმენტი უკიდურეს ჩრდილოეთ ნიშაში).

 

დარბაზი

სამხრეთ მკლავში მოხატულობა მხოლოდ სამხრეთ კედელზე შემორჩა. როგორც ჩანს, მხატვრობა სამ რეგისტრად იყო განთავსებული. კედლის ტიმპანში, ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, გამოსახული ყოფილა მირქმა. ამ სცენის ქვემოთ გაშლილი იყო მკლავის მოხატულობის მეორე რეგისტრი – კედლის ორი სარკმლის ორივე მხარეს განირჩევა საიმპერატორო სამოსით მოსილი თითო ფიგურა, რომელთაგან აღმოსავლეთისას გაშლილი, წარწერიანი გრაგნილი უკავია (წარწერის ტექსტი არ იკითხება). ივარაუდება, რომ ეს წმ. წინასწარმეტყველთა ფიგურები უნდა იყოს. მოხატულობის მესამე რეგისტრში, მთელი მკლავის სიგანეზე გამოსახული იყო იერუსალიმად შესვლის დიდი ზომის სცენა, რომლის ზედა ნაწილსაც ვრცელი, მრავალსტრიქონიანი ბერძნული წარწერა გასდევდა (ტექსტი არ იკითხება).

ჩრდილოეთ მკლავში რეგისტრების აგება სამხრეთი მკლავის თანაგვარი უნდა ყოფილიყო. ამჟამად მხატვრობის ფრაგმენტები განირჩევა ჩრდილოეთი კედლის ერთადერთი სარკმლის ქვემოთ (შემორჩა დიდი ზომის, განიერი სცენის ფრაგმენტი), მარცხენა მხარეს (განირჩევა საიმპერატორო სამოსით მოსილი ფიგურის ფრაგმენტი) და, ძალზე მკრთალად, სარკმლის თავზე, დასავლეთ მონაკვეთში. მხატვრობის ფრაგმენტები ჩანს სარკმლის დასავლეთ წირთხლსა და თავანზეც. მოხატულობა შერჩენილი აქვს ჩრდილო-დასავლეთი ბურჯის აღმოსავლეთ პირზე შეჭრილ ნიშასაც – მოჩანს სალხინებლის გამოსახულება, რომელზეც მოგვიანოდ წინამძღვრის მოსახსენებელი ფრესკული წარწერაც დაუმატებიათ. მოხატულობა შერჩენილი იყო ბურჯის სამხრეთ კედელზეც: ზეთის საღებავის სქელი ფენით კედლის ზედაპირის დაფარვამდე აქ განირჩეოდა ღმრთისმშობელი-ოდიგიტრიის დიდი ზომის გამოსახულება სრული ტანით, რომლის თავზეც მფრინავი ანგელოზების (?) ფრაგმენტებისა და მოჩარჩოების კვალიც იკითხებოდა. მოხატულობა შერჩენილი ჰქონდა დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთი თაღის შიდა პირსაც – იგი ნაწილობრივ დღესაც ჩანს. ღმრთისმშობლის გამოსახულების მარჯვნივ, ბურჯის ნახევარწრიულ პილასტრზე შესრულებული იყო კარტუშში მოქცეული ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები, რომელიც, ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, ჩვიდმეტსტრიქონიანი ყოფილა.

ეკლესიის დასავლეთ მკლავში მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე – აქ საგანგებო მოჩარჩებაში მოქცეული საქტიტორო რიგის გამოსახულებაა წარმოდგენილი: განირჩევა მარმარილოსებრი იმიტაციით შესრულებულ სვეტზე დასვენებული მაცხოვარი-ყოვლისმპყრობლის ხატის წინაშე ორანტად წარმდგარი, მდიდრულად შესამოსელში გამოწყობილი, შარავანდმოსილი გვირგვინოსანი მამაკაცის ფიგურა. ივარაუდება, რომ ფრესკაზე ტაოს მეფე დავით III კურაპალატი უნდა გამოესახათ. ფიგურის თავთან, მარცხნივ გაირჩევა თეთრი ფერის საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერის ნაშთები: […] [-] – […]ს ა[-]. წარწერის შინაარსის დადგენა ვერ ხერხდება.

 

დათარიღება

საკათედრო ტაძრის მოხატულობის შექმნის სავარაუდო პერიოდი აზრთა სხვადასხვაობას იწევს, თუმცა თარიღის ქრონოლოგიური ჩარჩო არ სცდება X საუკუნის მეორე ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისს. დასავლეთ კედელზე გამოსახული საქტიტორო გამოსახულების მიხედვითა და მოხატულობის მხატვრულ-სტილური მახასიათებლების გათვალისწინებით, ტაძრის მხატვრობის შესრულების პერიოდი X საუკუნის მეორე ნახევრით განისაზღვრება და, შესაბამისად, მეფე დავით III კურაპალატის დაკვეთით ტაოში შექმნილ მნიშვნელოვან ფერწერულ ანსამბლთა რიგში ერთიანდება.


ბიბლიოგრაფია

ეკატერინე პრივალოვა, “ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობების შესახებ“, წიგნში: ვალერი ასათიანი რედ., ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (თბილისი, 2013), 738-9 (ეს სტატია არაერთგზისაა გამოცემული; მითითებულია ბოლო გამოცემის მიხედვით).

ნიკოლაი შუგუროვი, ხახულის ქართული მონასტერი, რუსულიდან თარგმნა რევაზ დიასამიძემ [ისტორიული სამხრეთ საქართველოს ყოფა და კულტურა: 4] (ბათუმი, 2015).

მარიამ დიდებულიძე, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში“, საქართველოს სიძველენი 19 (2016), 42-4, სურ. 9-12.

ნელი ჩაკვეტაძე, “უცნობი საქტიტორო გამოსახულება ხახულის საკათედრო ტაძარში“, საისტორიო კრებული 6 (2017), 259-92.

ექვთიმე თაყაიშვილი, “1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“, მისივე წიგნში: თხზულებანი 1 (თბილისი, 2018), 367-8.

ნანა ბურჭულაძე, “[ტაო-კლარჯეთის] კედლის მხატვრობა“, წიგნში: ბუბა კუდავა რედ., ტაო-კლარჯეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი (თბილისი, 2018), 424-5.