კუმურდო, ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი
დასახლება: | სოფ. კუმურდო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მდებარეობა: | საქართველო, ჯავახეთი |
სახელდება: | ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი |
სახეობა: | ნაშენი |
ტიპი: | გუმბათოვანი ეკლესია, მრავალაფსიდიანი |
თარიღი/პერიოდი: | 964 წ. |
აღდგენა/განახლება: | 1027-1072 წწ. (სტოა); XVI ს. |
მოხატულობის ფენები: | სამი ფენა |
ეკლესია აიგო კუმურდოს ძველი ეპარქიის საკათედრო ტაძრად 964 წელს ეპისკოპოს იოანე კუმურდოელის მიერ, აფხაზთა მეფე ლეონ III-ის ზეობისას ხუროთმოძღვარ საკოცარის ხელით. იგი, სავარაუდოდ, XI საუკუნის პირველ ნახევარში უნდა განეახლებინა ეპისკოპოს ზოსიმე კუმურდოელს მეფე ბაგრატ IV-სა და დედოფალ მარიამის დროს; ეკლესია კიდევ ერთხელ განაახლეს XVI საუკუნეში პატრონმა ელისაბედმა და მისმა ოჯახმა ეპისკოპოს ზოსიმე II კუმურდოელის მღდელმთავრობისას. ტაძარი მრავალმხრივაა საყურადღებო თავისი არქიტექტურით, ნაქანდაკევი დეკორით, რამდენიმეფენიანი მოხატულობითა და მრავალრიცხოვანი ლაპიდარული წარწერებით. მონასტერი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამწიგნობრო კერას წარმოადგენდა.