1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. იფხი, წმ. გიორგის ეკლესიის...

იფხი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა. პირველი ფენა

ნაგებობა: იფხი, წმ. გიორგის ეკლესია ("ჯგრაგ“)
მოხატულობის ფენა: პირველი ფენა
თარიღი/პერიოდი: X ს.
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესიის ინტერიერი და კანკელი მოხატულობით მთლიანადაა შემკული; ძლიერ გაჭვარტლული ფერწერა 2019 წელს გაიწმინდა და გამოსახულებები შედარებით უკეთ გამოჩნდა.

 

საკურთხეველი

ვიწრო და მაღალ საკურთხევლის აფსიდში ვედრების კომპოზიცია ორ რეგისტრად, ასიმეტრიულადაა განაწილებული – კონქი უკავია მხოლოდ აღსაყდრებული მაცხოვრის ფიგურას, ღმრთისმშობელი და წმ. იოანე ნათლისმცემელი და ორი მთავარანგელოზი უფრო ქვემოთ, სარკმლის ორ მხარეს, სხვადასხვა დონეზე არიან განთავსებულნი. აღსაყდრებული მაცხოვარი წარმოდგენილია მაღლა ამართული მაკურთხეველი მარჯვენით და გადაშლილი კოდექსით. აფსიდის სარკმლის უშუალო სიახლოვეს, მის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს ღმრთისმშობლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის სრული ფიგურებია გამოსახული; მათ ხელები მაცხოვრისკენ ვედრებად მიუმართავთ. რეგისტრის კიდეებში წმ. მთავარანგელოზთა  ფიგურებია გამოსახული; მათი მაღლა აფრიალებული ფრთები კონქს სწვდება.

 

კანკელი

სამმალიანი კანკელის ანტაბლემენტი შემკულია დიდი ზომის მცენარეული ორნამენტით, რომელიც ასევე გაუყვება საკურთხევლის სატრიუმფო თაღს.

 

დარბაზი

დასავლეთი კედლის მთლიანი არე ამაღლების მრავალფიგურიან სცენას აქვს დათმობილი. ზედა ნახევარზე ორი ანგელოზისა და მათ მიერ ზეცად ამაღლებული ქრისტეს გამოსახულებებია; თითქმის აღარ გაირჩევა მეორე რეგისტრის დონეზე არსებული მოციქულთა გამოსახულებები.

კამარის სამხრეთ ფერდზე (პირველ რეგისტრში) წმინდა მხედრების – წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს ჰერალდიკური გამოსახულებებია, რომლებიც დიოკლიტიანესა და გველეშაპის ფიგურებს განგმირავენ. სამხრეთი კედლის ქვედა რეგისტრი ეკლესიის მამების გამოსახულებებს უკავია. სარკმლისა და კარის გარშემო წმინდა მღვდელმთავრები ამგვარადაა განაწილებული: აღმოსავლეთ მონაკვეთზე, კედელსა და სარკმელს შორის არეზე – ერთი ფიგურა სრული ტანით, ხოლო კარის ღიობის ზედა, მცირე არეზე – სამი წმინდანის ნახევარფიგურაა გამოსახული.

კამარის ჩრდილოეთ ფერდზე (პირველ რეგისტრში) მაცხოვრის შობის განვრცობილი კომპოზიციაა გაშლილი. მეორე რეგისტრი მთლიანად ეთმობა მიძინების მრავალფიგურიან სცენას. რეგისტრები ვიწრო წითელი ზოლითაა ერთმანეთისგან გამიჯნული.


ბიბლიოგრაფია

ტატიანა შევიაკოვა, “სოფელ იფხის (ზემო სვანეთი) მახლობლად მდებარე წმინდა გიორგის (ჯგრაგ) ეკლესიის მხატვრობის თარიღის საკითხისათვის”, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე XXX6 (1963), 829-36.

Nicole Thierry, “Notes d’un second voyage en Haunte – Svanétie (Géorgie)”, Bedi Kartlisa XXXVIII (1980), 58-60, 79-82.

Натела Аладашвили,  Гаяне Алиберашвили, Анели Вольская, Живописная  школа Сванети (Тбилиси, 1983), 23-7.

Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси,  1983), 20-2, табл. 72-80.

Натела Аладашвили, “Композиция алтарной конхи в церквах Сванети”, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სიმპოზიუმი (თბილისი 1983), 5-7.

რუსუდან ყენია, ნათელა ალადაშვილი, ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება). გზამკვლევი [საქართველოს მეგზური: II] (თბილისი, 2000), 86-7.

ნათელა ალადაშვილი, “ქრისტეს ამაღლება – სვანეთის კედლის მხატვრობის გამორჩეული თემა”, საქართველოს სიძველენი 6 (2004), 35-6.

მარინე ყენია, “ადრეულ ქართულ მოხატულობათა პროგრამების თავისებურების გამო”, საქართველოს სიძველენი 11 (2007), 54-5.

მარინე ყენია, “მხატვრობის საერთო სისტემის გადაწყვეტის თავისებურებანი ადრეული ხანის სვანეთის მოხატულობებში,” საქართველოს სიძველენი 12 (2008), 131-4.