1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ბენისი, წმ. გიორგის ეკლესიის...

ბენისი, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: ბენისი, წმ. გიორგის ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის მეორე ნახევარი
ქტიტორ(ებ)ი: უცნობია
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის

აღწერა

საკურთხეველი

საკურთხევლის სარკმლის საპირე წყობაში გამოყენებული შირიმის ქვები, ნაწიბურების უგულებელყოფით, მონაცვლეობითაა დაფარული წითელი საღებავით, რაც „მარაოსებრი“ გაფორმების შთაბეჭდილებას ტოვებს. ანალოგიური შეფერილობის წითელი საღებავი საკურთხევლის სივრცეში ფრაგმენტულად, მოგვიანო პერიოდის ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, შემაკავშირებელი ხსნარით დაუფარავ ქვათა ზედაპირზეც განირჩევა.

 

დარბაზი

სამხრეთი კედლის ქვედა მონაკვეთში, მოგვიანო პერიოდის ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, შემაკავშირებელი ხსნარით დაუფარავ ქვათა ზედაპირზე წითელი საღებავის ფრაგმენტები გაირჩევა; აღნიშნულის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ ამგვარი მხატვრული ხერხით ეკლესიის მთელი ინტერიერი იქნებოდა შემკული.

სამხრეთ კედელში გაჭრილ სარკმელთა წყვილზე გვიანი პერიოდის გადაკეთების კვალი ჩანს, თუმცა საკურთხევლის სარკმლის ღიობის დეკორატიული გაფორმების გათვალისწინებით სავარაუდებელია, რომ ეს ორი სარკმელიც ასევე „მარაოსებრ“, წითელი ფერის ზოლების მონაცვლეობით იქნებოდა გაფორმებული.

დასავლეთ კედელში გაჭრილი კარის (მოგვიანო გადაკეთების დროს ამოიქოლა და ნიშად გადაკეთდა) თაღის საპირედ გამოყენებული შირიმის ქვები მონაცვლეობითაა დაფერილი წითელი ფერის საღებავით, რაც ასევე „მარაოსებრ“ სახეს ქმნის.


ბიბლიოგრაფია

თამაზ დვალი, “სოფ. ბენისის წმ. გიორგის ეკლესია”, მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია 4 (1986), 119-36.