თელოვანი, ჯვარპატიოსანის ეკლესიის მოხატულობა.
მეორე ფენა
ნაგებობა: | თელოვანი, ჯვარპატიოსანის ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | მეორე ფენა |
თარიღი/პერიოდი: | X-XI ს. |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
მოხატულობის მეორე ფენა ინტერიერის ცალკეულ ნაწილებს ამკობდა. მისი ფრაგმენტები შემორჩა გუმბათქვეშა პილასტრებზე, ჩრდილოეთი მკლავის აღმოსავლეთ კედელსა და დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელზე.
საკურთხეველი
საკურთხევლის ბემის სამხრეთ და ჩრდილოეთ პილასტრებზე, ასევე, დასავლეთი მკლავის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხის პილასტრზე წარმოდგენილი იყო ფრონტალურად მდგომი წმინდა მეომრის თითო ფიგურა – მათგან ახლა მეტწილად ფრაგმენტები შემორჩა. დასავლეთი მკლავის ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხის პილასტრზე წარმოდგენილი იყო დიოკლეტიანეს მლახვრელი წმ. გიორგი – ნალესობის ჩამოშლის გამო გამოსახულებისგან ფრაგმენტიღა შემორჩა: გაირჩევა წმინდანის ფრონტალური ფიგურის ქვედა ნახევარი და მეომრის ფეხთით მდებარე დიოკლეტიანეს მცირე ზომის ფიგურა.
დარბაზი
ჩრდილოეთი აფსიდის აღმოსავლეთ კედელზე, სავარაუდოდ, დიდი ზომის ფიგურა იყო გამოსახული (შემორჩენილია ფრაგმენტულად); იგი ორმხრივი მსხვილი ორნამენტით იყო შემოსაზღვრული.
იმავე აფსიდის ბემის აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ კუთხეზე იკითხება სტილიზებული მცენარეული მოტივის ფრაგმენტები, ხოლო ბემის გარე, სამხრეთ პირს ამკობს წრეების რიგი, რომლებშიც რვაფურცლიანი ვარდულები და მარტივი სახის ჯვრული წნულები არის ჩაწერილი.
დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელზე, ოთხმხრივ მოჩარჩოებული მოზრდილი კომპოზიციის მარცხენა არეზე, ფრაგმენტულად გაირჩევა ქტიტორის, წვეროსანი მამაკაცის – სავარაუდოდ, სასულიერო პირის გამოსახულება.
ბიბლიოგრაფია
Татьяна Шевякова, “Дата росписи первого слоя храма Теловани“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე XXXIV1 (1964), 235-42.
Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 6-7.
ზაზა სხირტლაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა. თელოვანის ჯვარპატიოსანი (თბილისი, 2008).