კუმურდო, ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრის
მოხატულობა. პირველი ფენა
ნაგებობა: | კუმურდო, ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი |
მოხატულობის ფენა: | პირველი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | 964 წ. |
ქტიტორ(ებ)ი: | კუმურდოელი ეპისკოპოსი იოანე კუმურდოელი |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ႸႼႥႬႧႠ ႶႨႱჂႧႠ ႨႭႥႬႤ ႤႡႱႩႱႫႬ ႣႣႥႠ ႱႻႰႩႥႪႨ ႠႫႱ ႤႩႪႤႱႱჂ ჄႪႨႧႠ ႹႫ ႺႣႥႪ ႱႩႭႺႰႨႱႧႠ ႪႤႭႬ ႫႤႴႨႱႠ ႦჁ ႠႣႣႬ ႶႬ ႵႰႬႩႬႱႠ || Ⴐ|ႮႣ ႧႠ Ⴋ|ႠჂႱႠ| ႣႶႤႱႠ Ⴘ|ႴႧႱႠ Ⴀ| ႫႧႳႠႰႨႱႱႠ ႤႰႨႱ|ႧႥႭႡႱႠ Ⴆ|ჃႠႱႱႠ ႤႱႤ Ⴁ|ႠႪႠႥႰႨ ႫႬ| ႣႨႣႥႠ ႵႤ| ႸႤႼႤ ႫႬ|ႱႠ ႸႬႱႠ ႠႬ – შ(ე)წ(ე)ვნ(ითა) ღ(მრთ)ისაჲთა იოვ(ა)ნე ებ(ი)სკ(ო)პ(ო)სმ(ა)ნ დ(ა)დვა ს(ა)ძ(ი)რკვ(ე)ლი ამ(ი)ს ეკლეს(იი)ს(ა)ჲ ჴ(ე)ლითა ჩ(ე)მ ც(ო)დვ(ი)ლისა ს(ა)კოც(ა)რის(აჲ)თა, ლეონ მეფისა ზჱ – ად(ი)დ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ, ქრ(ო)ნ(ი)კ(ო)ნსა რპდ [964], თ(თუეს)ა მაჲს(ს)ა ა, დღესა შ(ა)ფ(ა)თსა, ა მთუარის(ა)სა, ერისთვობ(ა)სა ზჳიასსა; ესე ბ(ა)ლა(ჰ)ვ(ა)რი მ(ა)ნ დიდვა; ქ(რისტ)ე შე(ე)წ(ი)ე მ(ო)ნ(ა)სა შ(ე)ნსა, ა(მე)ნ. იხ. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს †ვალერი სილოგავამ, ლია ახალაძემ, მერაბ ბერიძემ, ნესტან სულავამ და როინ ყავრელიშვილმა (თბილისი, 2012), 73-4 (№98)
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
ეკლესიის ინტერიერი აგების თანადროულადვე არასრულად შეუმკიათ ანიკონური (?) დეკორით. ამას მოწმობს საკურთხევლის აფსიდის კონქის საჭექის არე, სადაც ქვის თლილი, ტრაპეციისმაგარი კვადრების წყობა საჭექის ნახევარწრიულ ჩამკეტ ქვასთან რადიალურად გაშლილ სეგმენტებს ქმნის. ეს წყობა, თითო კვადრის გამოკლებით, შეფერილია წითელი საღებავით და მარაოსებრ სახეს იღებს (საგულისხმოა, რომ მსგავსი ტიპის აფსიდათა კონქების საჭექთა შემამკობელი მხატვრობის მაგალითები X საუკუნის მეორე ნახევრის სხვა, ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებულ ძეგლებშიც დატურდება, მაგალითად, ოშკის და პარხალის მონასტრების მთავარი ეკლესიების – წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძრების – საკურთხევლისა და სხვა აფსიდათა კონქებში). მსგავსი მოტივი ცნობილია საფასადო დეკორებშიც. არ არის გამორიცხული, რომ კუმურდოს საკათედრო ტაძარში ამ დეკორის ნაწილი ყოფილიყო დასახელებული მარაოსებრ კომპოზიციას შემოყოლილი კვადრების ვიწრო რიგი, რომელსაც ვიწრო ფრიზად შერჩენილი აქვს ნალესობა, ხოლო მარცხენა კიდეზე – ოქროს ფონის (?) ფრაგმენტი. სავარაუდოდ, მსგავსი დეკორი ამკობდა ეკლესიის დანარჩენი ოთხი აფსიდის კონქებსაც.
დათარიღება
ეკლესიის საკურთხევლის აფსიდის ანიკონური დეკორი ტაძრის აგების გასრულების დროს მიეკუთვნება; ამას უნდა მოწმობდეს ის ფაქტიც, რომ საკურთხეველში მას ფარავს მხატვრობა, რომელიც X საუკუნის მიწურულს ან XI საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. კუმურდოს საკათედრო ტაძრის ინტერიერის პირველადი ანიკონური და, როგორც ჩანს, მწირი შემკულობა ჯეროვნად ეწერება თლილი ქვის კვადრების უზადო წყობით აწყობილი კედლების მხატვრულ გამომსახველობას და იმ პოლიქრომულ (ლურჯის, წითლის, ოქროსფერისა და მწვანეზე დაფუძნებული) დეკორს, რითაც, სავარაუდოდ, აფერადებული იყო როგორც ტაძრის ინტერიერის, ისე ფასადების მნიშვნელოვანი მონაკვეთები.
ბიბლიოგრაფია
თინათინ ვირსალაძე, “ატენის სიონის მოხატულობა“, წიგნში: თინათინ ვირსალაძე, ქართული მხატვრობის ისტორიიდან (თბილისი, 2007), 113.
დეა გუნია, კუმურდოს კათედრალი (თბილისი, 2019), 158, ილ. 77.