1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. კუმურდო, ღმრთისმშობლის საკათედრო<br>ტაძრის მოხატულობა....

კუმურდო, ღმრთისმშობლის საკათედრო
ტაძრის მოხატულობა. მეორე ფენა

ნაგებობა: კუმურდო, ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი
მოხატულობის ფენა: მეორე ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის მიწურული/XI საუკუნის დასაწყისი
ქტიტორ(ებ)ი: სავარაუდოდ, კუმურდოელი ეპისკოპოსი ზოსიმე
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

ამჟამად თავბოლო ნაკლული წარწერა ამოკვეთილია ტაძრის სტოას სამხრეთ ფასადზე; იგი განივ ერთსტრიქონიან ზოლად დაუყვება კედელს: […]ႧႨ ˜ႰႫ ႣႣ˜ႴႪႨ ႠႶ˜ႤႸႬႠ ႸႲ˜ ႤႱႤ ႫႴ˜ႡႱႠ ႫႧ˜ႱႠ ႫႶႣ˜ႪႧႫႻႶႰ~ႡႱႠ ႦႱ˜ႫႤ ႩႫႰ~ႣႭႪႨႱ˜ႱႠ […] – […]თი მ(ა)რ(ია)მ დ(ე)დ(ო)ფ(ა)ლი; აღეშ(ჱ)ნა შტოჲ ესე მ(ე)ფ(ო)ბ(ა)სა მ(ა)თსა, მღდ(ე)ლთმ(ო)ძღ(უ)რ(ო)ბ(ა)სა ზ(ო)ს(ი)მე კ(უ)მ(უ)რდო(ე)ლის(ა)სა […] (იხ. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს † ვალერი სილოგავამ, ლია ახალაძემ, მერაბ ბერიძემ, ნესტან სულავამ და როინ ყავრელიშვილმა (თბილისი, 2012), 85 (№114))

წარწერა ამოკვეთილია ტაძრის სამხრეთი კარიბჭის მარჯვნივ: ႱႾႪႧႠ ႶႧ˜ ႫႤ ˜ႱႫႤ : | ႥႸႫႱႤႩႰ˜ႧႾႥႪႨ ႡႰ˜ႻႨႫ |ႴႤႾႸႫႨ ႿႭႰႨ ႣႠ ႸႥႩႥႤ | ႶႧႡႱႠჂ ჄႤႪႧႠ ႣႥႧႨႱႠ|ჂႧႠ ႣႠႳႣႥ ႱႠႪႭႥႦႣ |ႥႭႡ˜ႱႠ: : ႩႰႪႱႬႧႠ ႣႩႬႦႨ ႸႤ|ႱႬႡႣႱ ˜ ႱႫႡႠႱႠ ႸႤ|ႬႡႧႩႰႪ ႠႫႧႾႲႠႥႬ | ႸႤႳႺႥႪႱ – ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისაჲ)თა. მე, ზ(ო)ს(ი)მე კ(უმურდოელმან შ(ე)ვმ(ო)სე ს(ა)კ(უ)რთხ(ე)ვ(ე)ლი, ბ(ა)რძიმ-ფეხშ(უე)მი, ჯუ(ა)რი და შ(ე)ვ(ა)მკვე ხ(ა)ტი ღ(მრ)თ(აე)ბ(ი)საჲ ჴელ(ი)თა დ(ა)ვ(ი)თისაჲთა. დაუდ(ე)ვ სალო(ც)ვ(ე)ლ(ა)დ ბ(ზ)ვობ(ი)სა ე, კ(ჳ)რ(იე)ლ(ეი)ს(ო)ნ(ი)თა დ(ე)კ(ა)ნ(ოზი შეს(უე)ნ(ე)ბდ(ე)ს წ(მიდას)ა ს(ა)მ(ე)ბასა//ს(ა)მ(ებო)ბასა შესუ(ე)ნ(ე)ბ(ი)თ(ა). კრ(უ)ლ(ია) ამ(ი)თ ხ(ა)ტ(ით)ა ვ(ი)ნ შეუცვ(ა)ლ(ო)ს (იხ. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს † ვალერი სილოგავამ, ლია ახალაძემ, მერაბ ბერიძემ, ნესტან სულავამ და როინ ყავრელიშვილმა (თბილისი, 2012), 86 (№115))

 

ოსტატ(ებ)ის

აღწერა

ეკლესიის ინტერიერი, რომელიც აგების თანადროულადვე შეამკეს ფერადოვანი დეკორით (საკურთხევლის კონქის საჭექი და, სავარაუდოდ, სხვა აფსიდების თანაგვარი მონაკვეთები), რამდენიმე ათეული წლის შემდგომ მოუხატავთ. ამჟამად ტაძრის ინტერიერში მოხატულობის ფრაგმენტები ტაძრის საკურთხეველში, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფსიდებში გაირჩევა (შეუძლებელია რაიმეს თქმა გუმბათის დეკორზე – იგი რამდენიმე საუკუნეა მაინც, დანგრეულია). ეკლესიაში შემონახული ფრესკებიდან ყველაზე ადრეული საკურთხეველში დარჩენილი ფრაგმენტები უნდა იყოს.

 

საკურთხეველი

საკურთხეველში მოხატულობა სამ რეგისტრად იყოფობოდა.

კონქში (რომლის რეგისტრის ხაზი არ ითვალისწინებდა კონქის ქულს და საგრძნობლად სცდებოდა მას ქვემოთ) წარმოდგენილი იყო უფლის დიდება, რომელიც ცეცხლოვან ბორბლებზე დამყარებულ მრავალფრთედთა შორის მოქცეულ, მდიდრულ კვარცხლბეკიან საყდარზე დაბრძანებულ  მაცხოვარს გამოსახავდა (მაცხოვრის ფიგურის ქვედა ნაწილის (ტერფები) და კვარცხლბეკის გამოსასახად, როგორც ჩანს, საჭირო შეიქნა აფსიდის ზედა მონაკვეთში გაჭრილი წრიული სარკმლის ამოქოლვა; იხ. თინათინ ვირსალაძე, “X-XI საუკუნეების ზოგიერთი ტაო-კლარჯული მოხატულობა“, წიგნში: თინათინ ვირსალაძე, ქართული მხატვრობის ისტორიიდან (თბილისი, 2007), 71 (შენ. 158).

საკურთხევლის მოხატულობის მეორე რეგისტრი საკონქო გამოსახულებისაგან გამიჯნულია განიერი, მცენარეული მოტივით შექმნილი ფრიზით, რომელიც ბემაშიც გადადის. მეორე რეგისტრში წარმოდგენილია წმინდა მოციქულთა რიგი. რეგისტრს ორ ნაწილად ჰყოფს საკურთხევლის სარკმელი (მის თავანსა და საკონქო კომპოზიცია-მეორე რეგისტრის გამყოფ ორნამენტულ ფრიზს შორს ნალესობის ვიწრო მონაკვეთი მოუხატავადაა დატოვებული). სარკმლის მარცხნივ წარმოდგენილია ღმრთისმშობლის ფიგურა, რომელიც ორმხრივ შვეული ორნამენტული არშიებითაა შემოსაზღვრული. ორნამენტული აშიები ნაგულვებელია გარკვეული ფორმის სვეტებად, რომლებზეც უხვად დრაპირებული ქსოვილია  გადაფენილი (შდრ. მსგავსი გადაწყვეტა ოთხთა ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობაში – ზაზა სხირტლაძე, ოთხთა ეკლესიის ფრესკები (თბილისი, 2009), 54-5, სურ. 52, ფერადი ტაბ. VI1). სარკმლის მარჯვნივ წმ. იოანე ნათლისმცემელი უნდა იყოს გამოსახული. ღმრთისმშობლისა და წმ. იოანე წინამორბედის ფიგურების ორსავე მხარეს წარმოდგენილია წმ. მოციქულთა ფიგურები – ორ-ორი საკუთრივ აფსიდში და სამ-სამი ბემის კედლებზე. ამჟამად ყველაზე კარგად გაირჩევა რიგის მეთავე ფიგურები (მათგან მარჯვნივ წარმოდგენილი წმ. პეტრე უნდა იყოს).

მოხატულობის მესამე რეგისტრი ამჟამად აღარ გაირჩევა; თინათინ ვირსალაძე იქ ეკლესიის მამების რიგის არსებობაზე მიუთითებდა.

ეკლესიის შემკულობის ადრეული ეტაპს ეკუთვნის სამხრეთ-აღმოსავლეთ აფსიდში შემორჩენილი ღმრთისმშობლის მიძინების სტუკოთი შესრულებული რელიეფური ხატის ფრაგმენტები; კომპოზიცია შეფერილი ყოფილა.

 

დათარიღება

თინათინ ვირსალაძე კუმურდოს საკათედრო ტაძრის საკურთხევლის მოხატულობას XI საუკუნის მესამე მეოთხედით ათარიღებს და მის შექმნას უკავშირებს დასავლეთი სტოას მშენებლობას, რომელიც, იქ არსებული წარწერების მიხედვით, მეფე ბაგრატ IV-ისა და მისი დედის, დედოფალ მარიამის დროს განხორციელდა (თინათინ ვირსალაძე, “X-XI საუკუნეების ზოგიერთი ტაო-კლარჯული მოხატულობა“, 57). გამორიცხული არ არის, რომ საკურთხევლის ფრესკების ამგვარ დათარიღებას მიემართებოდეს ტაძრის კიდევ ერთი წარწერას, რომლის მიხედვითაც, სტოას აგების დროის კუმურდოელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ განაახლა ეკლესიაც და „შემოსა საკურთხეველი“ (იხ. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს † ვალერი სილოგავამ, ლია ახალაძემ, მერაბ ბერიძემ, ნესტან სულავამ და როინ ყავრელიშვილმა (თბილისი, 2012), 86, №115). ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კუმუდოს საკათედრო ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა თავისი იკონოგრაფიული და სტილური მახასიათებლებით ძალზე ახლოს დგას X საუკუნის მეორე ნახევრისა და XI საუკუნის დასაწყისის ტაო-კლარჯეთის ფერწერულ ანსამბლებთან (განსაკუთრებით, იშხანის საკათედრო ტაძრის ფრესკებთან, რომელთა შექმნის ეტაპების დაზუსტება კვლავ სამომავლო საქმედ რჩება). შესაბამისად, არ უნდა გამოირიცხოს კუმურდოს ტაძრის საკურთხევლის ფრესკების შექმნა X საუკუნის მეორე ნახევარში, სახელდობრ, აგებიდან გარკვეული დროის შემდეგ.


ბიბლიოგრაფია

Георгий Чубинашвили, Николай Северов, Памятники грузинской архитектуры I: Кумурдо и Никорцминда (Москва, 1947), 8 = Георгий Чубинашвили, “Кумурдо и Никорцминда как пример разных этапов развития бароккальсного стиля в грузинском искусстве”, წიგნში: Георгий Чубинашвили, Вопросы истории искусства. Исследования и заметки I (Тбилиси, 1970), 241-2.

Тинатин Вирсаладзе, “Основные этапы развития средневековой грузинской монументальной живописи”, II Междунардоный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси 1977), 9 = eadem, Избранные труды (Тбилиси, 2007) 14.

ზაზა სხირტლაძე, “ღმრთისმშობლის მიძინების კომპოზიცია კუმურდოს ეკლესიაში“, მაცნე: ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია 2 (1992), 143-60.

თინათინ ვირსალაძე, “X-XI საუკუნეების ზოგიერთი ტაო-კლარჯული მოხატულობა“, მისივე წიგნში:  ქართული მხატვრობის ისტორიიდან (თბილისი, 2007), 57, 71 (შენ. 158).

მარიამ დიდებულიძე, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში“, საქართველოს სიძველენი 19 (2016), 60.

დეა გუნია, კუმურდოს კათედრალი (თბილისი, 2019), 157-69.