1. /
  2. მოხატულობა
  3. /
  4. ოთხთა ეკლესიის ლავრა, მთავარი...

ოთხთა ეკლესიის ლავრა, მთავარი ეკლესიის მოხატულობა

ნაგებობა: ოთხთა ეკლესიის ლავრა, მთავარი ეკლესია
მოხატულობის ფენა: ერთი ფენა
თარიღი/პერიოდი: X საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი
ქტიტორ(ებ)ი: დავით კურაპალატი
ოსტატ(ებ)ი: უცნობია
ნაგებობა გალერეა

წარწერები

ქტიტორ(ებ)ის

საქტიტორო წარწერის ტექსტის შინაარსის დადგენა ვერ ხერხდება.

 

ოსტატ(ებ)ის

აღწერა

მოხატულია საკურთხეველი მთლიანად და დარბაზის ცალკეული მონაკვეთი.

 

საკურთხეველი

აფსიდში მხატვრობა ხუთ რეგისტრადაა განაწილებული. კონქში წარმოდგენილია ოვალურ მანდორლაში მოქცეული, კვარცხლბეკზე მდგომი მაცხოვარი; ქრისტეს ფიგურის ასწვრივ, კონქის საჭექში, ცის სეგმენტიდან გამომავალი მტრედი – სულიწმინდის სიმბოლოა დახატული. მტრედის ორივე მხარეს, მაცხოვრის მანდორლის გარეთ, კვართითა და მოსასხამით მოსილი ანგელოზთა დასია, გაშლილი გრაგნილებით ხელში (შედარებით უკეთ შემორჩა მარჯვნივ და მარცხნივ პირველი ფიგურები; დანარჩენებისა მხოლოდ შარავანდის და სხეულის შემომწერი კონტურები გაირჩევა). მეორე რიგად, ანგელოზთა დასებს ქვემოთ, ექვსფრთედების სამ-სამი ფიგურაა; მესამე რიგში, მაცხოვრის მხრის გასწვრივ, მფრინავ ანგელოზთა დასია წარმოდგენილი (შემორჩა მხოლოდ ქრისტეს მარცხნივ არსებული გამოსახულება).

მეორე რეგისტრი ჰეტიმასიას უკავია; ცენტრში ტრაპეციის ფორმის საყდარი მედალიონშია მოქცეული და ორ ანგელოზს უპყრია ხელთ. საყდარზე ჯვარი ასვენია. საყდრის ორივე მხარეს, რეგისტრის მთელ სიგრძეზე, ერთმანეთისკენ მიმართული ანგელოზთა ორი დასია – ხუთ-ხუთი ორივე მხარეს. ფიგურები წარმოდგენილია სრული ტანით, წელში ოდნავ მოხრილი, სამოსით დაბურვილი, ვედრებად წინ გაწვდილი ხელებით. ანგელოზების ფიგურებს შორის არსებული წარწერებიდან ამჟამად მხოლოდ ნაშთები შემორჩა და ტექსტის დადგენა ვერ ხერხდება.

მესამე რეგისტრის ცენტრში კვარცხლბეკზე მდგომი ღმრთისმშობლის ფრონტალური ფიგურაა გამოსახული; სრული ტანით წარმოდგენილი ხელებაპყრობილი დედაღმრთისა დრაპირებული კრეტსაბმელის ფონზე, ზურგიანი საყდრის წინ დგას; მის ორივე მხარეს მთავარანგელოზები ფრონტალურად, სრული ტანით არიან წარმოდგენილნი, რომელთაც სამეფო სამოსი მოსავთ, მარჯვენა ხელში გრაგნილი (სავარაუდოდ, საქმე მოციქულთა 1:10-11), მარცხენაში – სფერო უჭირავთ და დედაღმრთისასკენ არიან მიმართულნი.

ღმრთისმშობლის მარცხნივ (სამხრეთით), მთავარანგელოზის გვერდით წმ. იოანე ნათლისმცემელია გამოსახული; წინამორბედი ფრონტალურად, სრული ტანით, მაღლა ამართული მარჯვენა ხელით და მარცხენაში გახსნილი გრაგნილითაა წარმოდგენილი. დედაღმრთისას და წინამორბედის გვერდით რეგისტრის მთელ არეს მოციქულთა რიგი გაუყვება. მოციქულები წარმოდგენილია სრული ტანით, ფრონტალურად, ხელში გრაგნილი ან წიგნი უჭირავთ.

მესამე და მეოთხე რეგისტრები ერთმანეთისგან გამოყოფილია ფართო ორნამენტული ფრიზით – გირლიანდის ხვეულების მწკრივით. ორნამენტის ყლორტებსა და ფოთლებს შორის ადგილ-ადგილ მცირე ზომის ტუნიკით მოსილი ფიგურებია ჩართული.

მეოთხე რეგისტრი დათმობილი აქვს წინასწარმეტყველებისა და ეკლესიის მამების გამოსახულებებს; სარკმლის ორ მხარეს რვა-რვა ფიგურაა წარმოდგენილი, ამასთან სარკმლის უშუალო სიახლოვეს წინასწარმეტყველის ოთხ-ოთხი გამოსახულებაა, მათ გაგრძელებაზე რეგისტრის ორივე მხარეს კი – მღვდელმთავრის ოთხ-ოთხი ფიგურა. წინასწარმეტყველები წარმოდგენილნი არიან ფრონტალურად, მაღლა ამართული მარჯვენითა და გაშლილი გრაგნილით მარცხენა ხელში. სარკმლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით პირველი წმ. დავითის და წმ. სოლომონის ფიგურებია; სხვა წინასწარმეტყველთაგან შესაძლებელია მხოლოდ სარკმლის სამხრეთით წარმოდგენილ რიგში მესამე ფიგურის გაიგივება – წმ. ამოსის გრაგნილზე ტექსტიც გაირჩევა (ამოს 9:11-13). გრაგნილის წარწერა ფრაგმენტულად შემორჩა მეოთხე ფიგურასთანაც, თუმცა მისი შინაარსის დადგენა ვერ ხერხდება.

ეკლესიის მამები ფრონტალურადაა წარმოდგენილი, მაკურთხეველი მარჯვენითა და მარცხენა ხელში დახურული წიგნით; მხოლოდ სამხრეთით, მღვდელმთავართა რიგში მესამე გამოსახულებას უჭირავს ნახევრად გაშლილი კოდექსი.

საკურთხევლის სარკმელიც სრულად შემკულია მოხატულობით. სარკმლის თაღის ცენტრი ფოთლოვან მედალიონში მოქცეულ სიონის პერსონიფიკაციას უკავია (ႱႭ||ႬႨ – ს(ი)ონი), თაღის დანარჩენ არეზე, მედალიონის სიმეტრიულად ორი სიუხვის რქაა წარმოდგენილი.

პერსონიფიკაციას წარმოადგენს ჯვრული შარავანდით მოსილი ქალის ფრონტალური ნახევარფიგურა; ფიგურას თავზე ადგას კუთხოვანი გვირგვინი, ამაღლებული შუა ნაწილით, რომელსაც ბაზილიკის ფორმა აქვს. მარცხენა ხელით უჭირავს ეკლესიის მოდელი – ოთხთა ეკლესიის გამოსახულება.

სარკმლის სამხრეთ წირთხლზე წმ. წინასწარმეტყველი მოსეა (ႫႭႱႤ || OA – მოსე || Ο Ἅγιος); იგი სინას მთის წვერზე დგას, მარცხნივ, წინ გაწვდილი ორივე ხელით კანონთა წიგნს იღებს, რომელსაც ღვთის მარჯვენა აძლევს.

სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლზეც წინასწარმეტყველია გამოსახული – ესაა სალემის მეფე მელქისედეკი; ფრონტალურად მდგომი ფიგურა გამოსახულია ტრაპეზის გვერდით; წინ გაწვდილ მარცხენა ხელში ლანგარი უჭირავს, მარჯვენა ხელით ბარძიმიდან ტრაპეზზე სითხეს ასხამს. წმინდანი წარმოდგენილია პატიოსანი თვლებით მოოჭვილი თავსაბურავით; ფიგურასთან გაირჩევა წარწერის გრაფემები, თუმცა ტექსტის ამოკითხვა ვერ ხერხდება.

მეოთხე რეგისტრს ქვემოდანაც ფართო ფრიზი შემოუყვება, ზედა რეგისტრის მსგავსი, გირლიანდის  ორნამენტული მოტივით.

მეხუთე რეგისტრი საუფლო დღესასწაულთა რიგის სცენებს ეთმობა. კომპოზიციები განლაგებულია სახარებისეული თხრობის შესაბამისად და „იკითხება“ მარცხნიდან მარჯვნივ (ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ).

აფსიდის ჩრდილოეთ კიდესთან პირველი სცენა ხარებაა (შემორჩა მხოლოდ ანგელოზისა და ღმრთისმშობლის სხეულთა ზედა ნაწილი). მას მოსდევს წმ. მარიამისა და წმ. ელისაბედის შეხვედრა; მესამე სცენაა შობა, საიდანაც კომპოზიციის მხოლოდ ზედა ნაწილი შემორჩა – სახვევში გახვეული ყრმა მაცხოვარი, წმ. იოსების შარავანდი და ბაგის ფრაგმენტი. სარკმლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე არსებული ბოლო, მეოთხე სცენა – მირქმაც ნახევრად წარხოცილია; იხილვება სალხინებლის ზედა ნაწილი, წმ. სვიმეონ მიმრქმელისა და წმ. დედის ფიგურების ფრაგმენტები.

შედარებით უკეთ შემოინახა აფსიდის სამხრეთ ნახევარზე გამოსახული ორი სცენა – ნათლისღება და ფერისცვალება. მომდევნო კომპოზიცია – ჯვარცმა – თითქმის აღარ გაირჩევა. სცენათა რიგი სრულდება მაცხოვრის აღდგომის ამსახველი ორი გაერთიანებული სიუჟეტით – დედანი მაცხოვრის საფლავთან ([…] ႬႤႪႱႠႺႾႡ – […] ნელსა ცხ(ე)ბ[…]) და უფლის გამოცხადება დედებისადმი. მხატვრობა აქაც ფრაგმენტულია – ცუდად გაირჩევა სამი მენელსაცხებლე დედის, კუბუკლიონის და მაცხოვრის გამოსახულებები

აფსიდის მხატვრობას ქვემოდან ორმაგი ორნამენტული მოჩარჩოება გაუყვება.

საკურთხევლის სამხრეთით, სადიაკვნის შესასვლელსა და მის ასწვრივ შექმნილ სარკმელს შორის არსებულ მონაკვეთზე გამოსახული ნახევარფიგურა გვირგვინოსანია. საერო პირი შარავანდითაა მოსილი.

საკურთხევლის ჩრდილოეთით, სამკვეთლოს შესასვლელის ასწვრივ, იმავე მონაკვეთზე, სწორკითხა მოჩარჩოების ზედა ნაწილში მედალიონია, ქვემოთ კი ექვსტრიქონიანი ისტორიული წარწერა – დაზიანების გამო მისი ტექსტი აღარ გაირჩევა.

მოხატულობითაა შემკული საკურთხევლის კაპიტელების ქვედა წყვილი – ცისფერი, წითელი და თეთრი ფერის დიაგონალურად დახრილი შტრიხებით შექმნილი ზოლი გასდევს.

 

დარბაზი

დარბაზში მოხატულია მხოლოდ შუა და ჩრდილოეთი ნავების გამყოფ სვეტთაგან აღმოსავლეთიდან მეორე სვეტის სამხრეთი პირი; დაახლოებით ექვსი მეტრის სიმაღლეზე გამოსახულია ფრონტალური, შარავანდმოსილი ფიგურა, რომელსაც მარჯვენა ხელში გრძელტარიანი ლაბარუმი უჭირავს (აღარ გაირჩევა ფიგურის სხეულის ზედა და თავის ნაწილი).


ბიბლიოგრაფია

Nicole Thierry, Jean-Michel Thierry, “Peintures du Xe siècle en Géorgie méridionale et leurs rapports avec la peinture byzantine d’Asie Mineure“, Cahiers archéologiques XXIV (1975), 73-113.

Nicole Thierry, “Le souverain dans les programmes d’églises en Cappadoce et en Géorgie du Xe au XIIIe siècle“, Revue des etudes géorgiennes et caucasiennes 4 (1988), 138-9.

Wakhtang Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Šavšeti (Stuttgart, 1992), 158-70.

ნანა ალექსიძე, დავით ხოშტარია, “ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ (1990 წლის ექსპედიცია)“, ლიტერატურა და ხელოვნება 1 (1991), 137-42;

ნანა ალექსიძე, “ოთხთა ეკლესიის მოხატულობის თეოლოგიური საფუძვლები“, ლიტერატურა და ხელოვნება 1 (1991), 103-22.

Zaza Skhirtladze, “The Mother of All the Churches: Remarques on the Iconographic Programme of the Apse Decoration of Dort Kilise”, Cahiers archéologiques 43 (1995), 101-16.

ეკატერინე პრივალოვა, “ზოგიერთი შენიშვნა ტაო-კლარჯეთის მოხატულობათა შესახებ“, წელიწდეული II (1996), 5-14.

ზაზა სხირტლაძე, ოთხთა ეკლესიის ფრესკები (თბილისი, 2009).

მარიამ დიდებულიძე, “შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ძეგლები ტაო-კლარჯეთში“, საქართველოს სიძველენი 19 (2016), 34-41.