წრომი, მაცხოვრის ეკლესიის მხატვრობა
ნაგებობა: | წრომი, მაცხოვრის ეკლესია |
მოხატულობის ფენა: | ერთი ფენა |
თარიღი/პერიოდი: | VII საუკუნის 20-30-იანი წლები |
ქტიტორ(ებ)ი: | უცნობია |
ოსტატ(ებ)ი: | უცნობია |
წარწერები
ქტიტორ(ებ)ის
ოსტატ(ებ)ის
აღწერა
მხატვრობით შემკული იყო საკურთხევლის აფსიდის ზედა ნახევარი – კონქი და აფსიდის მონაკვეთი სარკმლის გასწვრივ, დარბაზში კი – მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთი ბურჯის აღმოსავლეთი პირი. საკურთხევლის კონქს ამკობდა მოზაიკა, ხოლო აფსიდის კედლებს – ფრესკული მხატვრობა. ფერწერით იყო შესრულებული გამოსახულება ჩრდილო-დასავლეთ ბურჯზეც. გასული საუკუნის დასაწყისისთვის კონქის მოზაიკისგან დარჩენილი იყო ფრაგმენტები, რომლებიც განაგრძობდა დაზიანებას.
1932 წელს მოზაიკური ფრაგმენტები მოიხსნა და გადაიტანეს მუზეუმ მეტეხში (შემდგომში – საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; ამჟამად – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). საკურთხევლის კონქში ახლაც დარჩენილია მოზაიკის სამაგრად გამიზნული საგანგებო ნაკეჭნები, აგრეთვე, მოზაიკის ქვეშ წითელი და შავი ფერის საღებავით შესრულებული მოსამზადებელი ნახატის ფრაგმენტები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი ხდება კომპოზიციის ზოგადი სქემის აღდგენა.
ნალესობის კვალი ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ეკლესიის დარბაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, თუმცა მათ ზედაპირზე მოხატულობის კვალი არ დასტურდება.
საკურთხეველი
საკურთხეველში უფალი დიდებითა ორ რეგისტრად იყო განაწილებული: საკონქო კომპოზიცია მოზაიკით იყო შესრულებული, ხოლო ქვედა, მეორე რეგისტრი – ფერწერით; კონქში კვარცხლბეკზე მდგომი ქრისტეს ფიგურა განზე გაწეული, ზეაღმართული მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილით (გრაგნილზე დატანილი ტექსტი აერთებდა იოანე 8:12-სა და 11:25-ს) იყო წარმოდგენილი. მაცხოვრის ორ მხარეს, მისადმი ვედრებად მიმართული, თითო მთავარანგელოზის სრული ფიგურა იყო გამოსახული. რეგისტრები ერთმანეთისგან აკანთის ფოთლოვანი ფართო ორნამენტული ფრიზით იყოფოდა. ამ ფრიზის ქვემოთ, სავარაუდოდ, ისტორიული შინაარსის, მოზაიკური, სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა იყო შესრულებული (ტექსტის აღდგენა ვერ ხერხდება).
ფრაგმენტულად, თუმცა მაინც იხილვება ფერწერული კომპოზიცია მეორე რეგისტრში; საკურთხევლის სარკმლის თავზე, კრეტსაბმელიანი ნაგებობის ფონზე, გამოსახულია ღმრთისმშობელი ორანტა. დედა ღმრთისას ორ მხარეს განთავსებული იყო წმინდა მოციქულთა თორმეტი ფიგურა ექვს-ექვსი თოთოეულ მხარეს. მათგან შედარებით სრულად შემორჩა წმ. პეტრეს (სარკმლის სამხრეთით, სამოთხის კლიტეთი ხელში; იკითხება მსხვილი ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი: Ⴜ˜Ⴢ [- -]ႲႰႤ – წ(მიდა)ჲ [პე]ტრე) და წმ. პავლეს (სარკმლის ჩრდილოეთით, წიგნით ხელში; წარწერა წარხოცილია) ფიგურები.
საკურთხევლის სარკმლის თაღს მედალიონში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი ამკობს. ჯვრის აქეთ-იქით მედალიონში მოქცეული წმინდა მოწამის თითო ნახევარფიგურაა, მარჯვენა ხელში ჯვრით.
დარბაზი
ფერწერის შესრულების ტექნოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, საკურთხევლის მეორე რეგისტრის მხატვრობის თანაგვარია ჩრდილო-დასავლეთი ბურჯის აღმოსავლეთ პირზე ფრაგმენტულად შემორჩენილი გამოსახულება (გაირჩევა მხოლოდ წელის შუა და მკერდის მარჯვენა ნაწილები). საერო პირის ფრონტალურად, ლოცვად ხელებშემართული ფიგურა საკურთხეველსა და სამკვეთლოს შორის არსებულ მემორიალური ნიშასკენ ვედრებადაა მიმართული. საერო პირს წელში გამოყვანილი, სახიანი კაბა მოსავს – წრეებში ჩასმული სენმურვის გამოსახულებით. წელს ზემოთ, სამოსის ზედაპირზე ბათქაშით რელიეფურადაა გამოყვანილი შვეული, სხივის ფორმის ხაზები, რომლებიც ზემოდან ფერითაა დაფარული და ერთიანობაში განსაკუთრებულ მხატვრულ იერსახეს ქმნის.
ბურჯზე გამოსახული პირის ვინაობის თაობაზე ორი მოსაზრება არსებობს: განთავსების ადგილის, გამოსახვის წესისა და სამოსის ხასიათის გათვალისწინებით წარმოდგენილი ფიგურა შესაძლოა იყოს საერო პირი, ეკლესიის აღმშენებელი, სავარაუდოდ, ერისმთავარი, ან მისი ხელქვეითი.
ნაკლებსავარაუდოა, თუმცა დასაშვებია, რომ ფრესკაზე გამოსახული ყოფილიყო წმ. პირველმოწამე რაჟდენი; ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ გამოსახულება წმინდა მოწამისთვის ტრადიციული ჟესტითა და ატრიბუტით – გულთან, ჯვრით ხელში არაა წარმოდგენილი, თუმცა, შესაძლებელია, ფიგურას ჯვარი აღმართულ ხელში სჭეროდა.
კონქის მოზაიკით, ხოლო აფსიდის მეორე რეგისტრისა და დარბაზში ბურჯის ფერწერით შემკობას, შესაძლოა, მცირე ქრონოლოგიური მონაკვეთი ჰყოფს, თუმცა როგორც სახისმეტყველებითი საზრისით, ისე მხატვრული გადაწყვეტით ნათელია, რომ ისინი ერთიან მთლიანობადაა გააზრებული და შექმნილი.
ბიბლიოგრაფია
Яков Смирнов, Цромская мозайка (Тифлис, 1935).
Дмитрий Гордеев, “Краткiй отчетъ о командировкахъ въ Кахiю и Горiйскiй уѣздъ летомъ 1917 года“, Извѣстiя Кавказскаго Отдѣленiя Московскаго Археологическаго Общества V1-2 (1919) 33.
Шалва Амиранашвили, История грузинской монументальной живописи I (Тбилиси, 1957), 23-9.
შალვა ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია (თბილისი, 1971)5, 141-2.
Виктор Лазарев, История византийской живописи (Москва, 1947), 290.
Christa Ihm, Die Programme der christlichen Apsismalerei vom vierten Jahrhundert bis zum mitte des achten Jahrhunderts (Wiesbaden, 1960), 38, 191 (Kat. XLV), Fig. 7.
Gerda Hermann, “Programme der Georgischen Monumentalmalerei aus dem 6. bis 11 Jahrhundert“, Acta Histotiae Artium XVI1-2 (1970), 49-52.
Nicole Thierry, “La peinture medievale Géorgienne“, XX Corso di cultura sull’arte ravenate e bizantina (Ravenna, 1973), 410; გადაბეჭდილია: eadem, Peintures d’Asie Mineure et de Transcaucasie aux Xe et XIe s. (London, 1977), chap. VI.
Тинатин Вирсаладзе, Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи, II Международный симпозиум по грузинскому искусству (Тбилиси, 1977), 2-3.
Jacqueline Lafontaine-Dosogne, “Recherches sur les programmes decoratifs des églises medievales en Géorgie en relation avec la peinture medievale byzantine“, IIe International Symposium on Georgian Art (Tbilisi, 1977), 2-3;
Adriano Alpago-Novello, V. Beridze, J. Lafontaine-Dosogne, E. Hybsch, G. Ieni, N. Kauchtschischvili, Art and Architecture in Medieval Georgia (Louvain-la-Neuve, 1980), 88;
ინგა ლორთქიფანიძე, “ძველი ქართული ფერწერის ისტორიიდან“, კრებულში: ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები (თბილისი, 1982), 62.
Татьяна Шевякова, Монументальная живопись раннего средневековья Грузии (Тбилиси, 1983), 5-6.
Zaza Skhirtladze, “À propos du décor absidal de C’romi“, Revue des études géorgiennes et caucasienne 6-7 (1990-91), 163-83.
Tania Velmans, Adriano Alpago-Novello, Miroir de l’invisible Peintures murales et architecture de la Géorgie (Vie-XVe s.) (Milano, 1996), 17;
ლეილა ხუსკივაძე, გელათის მოზაიკა (თბილისი, 2005), 59-60.
Тинатин Вирсаладзе, “Цромская мозайка“, მისივე წიგნში: Избранные труды (Тбилиси, 2007), 262-311.
გიორგი ბოჭორიძე, ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები (თბილისი, 2011), 276, 358-60.
ზაზა სხირტლაძე, “ფრესკის ფრაგმენტი წრომის ტაძარში“, კრებულში: დალი ჩიტუნაშვილი რედ., კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი მიძღვნილი ზაზა ალექსიძის დაბადების 75 წლისთავისადმი (თბილისი, 2012), 395-414.